“შემაძრწუნებელი მართლმადიდებლები” – პოპულარული ქართველი ვიდეობლოგერი

აქტუალური

მარიამ გვალია, 24 წლის, პოპულარული ვიდეობლოგერია. მის ვიდეოებს Facebook-ზე ასობით ათასი მომხმარებელი ნახულობს. ახალგაზრდა გოგოს ამ საქმიანობას ბევრი დადებითად აღიქვამს, თუმცა მის მიმართ კრიტიკული კომენტარებიც არ წყდება.

როგორ დაიწყო ვიდეო ბლოგის წარმოება და რას გეგმავს მომავალში? ამის შესახებ მარიამი ინტერვიუში გვესაუბრება.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

მარიამ, როდის და როგორ გაგიჩნდა ვიდეობლოგის წარმოების იდეა?

– პირველად მე და ჩემმა მეგობარმა 2014 წელს დავიწყეთ იუმორისტული ვიდეოების განთავსება სოციალურ სივრცეში. ეს იყო მანიკო გვაჭანიძე – პროვინციული იუმორი. შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელე ვიდეობლოგერობა 2017 წლის აგვისტოში. ნაკლები პროვინციალიზმითა და მეტი რეალობით, თუმცა ესეც იუმორის ფარგლებში, მოკლედ განსხვავებული რაკურსით.

რა იყო პირველი ვიდეოს თემა და როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას?

– პირველი იყო და ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს – “მაროჟნი”. ეს იყო უბრალო ინტერპრეტაცია ნაყინის მრავალსახეობებზე. როცა უბრალოდ გინდა ნაყინი და მისი უზღვაო არჩევანი ფოეფოე ადგილებში  უხერხულ სიტიაციაში გაყენებს.

გაიხსენე, ყველაზე მეტად რომელი ვიდეოსთვის გაგაკრიტიკეს?

– რაც შეეხება ყველაზე გამაკრიტიკებელ ვიდეოს, გახლავთ “შემაძრწუნებელი მართლმადიდებლები” სადაც პირდაპირი აგრესიით, შეურაცხმყოფელად მოვიხსენიე ადამიანები, რომლებიც ანთავსებენ ხატებს სოციალურ სივრცეში. დაწერეთ ამინ და მზე ამოვა… დაწერეთ ამინ და პატარა გოგლიკოს ხელი ამოუვა… და ამას ათობით და ათიათასობით ადამიანი რომ აკეთებს ჩემთვის სრული მარაზმია. ეს არ არის რწმენა, ჩემი გადმოსახედიდან. ეს არის ფანატიზმის მეტად დამახინჯებული სახე.

როგორ ფიქრობ, რატომ გახდი ასეთი პოპულარული სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში პოპულარიზმი ორი სახისაა, ან უნდა იყო ეპატაჟური ან უბრალოდ, საინტერესო. მე, ალბათ, მეორე ვარ.

ვიდეობლოგის წარმოების გარდა რას საქმიანობ?

– საკმაოდ ბევრ რამეს ვაკეთებ… პირველი საკუთარი თავის მუდმივი განვითარებაა, ნებისმიერ საკითხში სადამდეც გონება მიმიწვდება; მიზიდავს ზოგადი ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ოკულტიზმი, რელიგიები და ა.შ.

რა პროფესიის არჩევას აპირებ სამომავლოდ და რატომ?

– მომწონს ადამიანის ანატომია და სავარაუდოდ, მის სრულ შესწავლაში ჩავდებ დარჩენილ ენერგიას და შემდეგ ამ ცოდნით გავამრავალფეროვნებ ვიდეო ბლოგებს.

როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?

– საკუთარი თავის დახასიათება არ გამომდის, არ მაქვს კონკრეტული წარმოდგენა სულ მეტი და მეტი მინდა საკუთარი თავისგან.

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი მუდმივად?

– არ ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად ერთ ადგილას იცხოვრებდა, თუმცა ყველგან წავიდოდი სადაც შევძლებდი, მხოლოდ დროებით.

რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი საზოგადოებაში?

– მათ თავად უნდა მოახდინონ ცვლილება უკეთესობისკენ. მე მაგ ნებას უარვყოფდი.

იხილეთ მარიამის ვიდეოები Facebook-ზე

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები