7 რჩევა – როგორ უნდა იმუშაოთ ეფექტურად

საინტერესო ფაქტები

მუშაობისას ბევრი ფუნქციის შეთავსება გიწევთ. თქვენ უნდა იყოთ გამყიდველიც, ნოვატორიც, ფინანსური მენეჯერიც და ლიდერიც. თავიდან ეს ყველაფერი, თითქოს, სახალისოა, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდებით, რომ გადაიღალეთ და აღარც ბედნიერი ხართ – თქვენ ხომ სულ მუშაობთ: ღამით, დასვენების დღეებში, უქმეებზე, საქმეს კი მაინც ვერ აუდიხართ. როცა ამ ზომამდე მიხვალთ, აუცილებელია, სამუშაოს ნაწილის დელეგირებაზე, გადანაწილებაზე იფიქროთ.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თავს ძალა დაატანეთ, დელეგირება აუცილებელია!

ანტრეპრენუარების უმეტესობა, საქმეში, მესაკუთრეა. როგორც წესი, სურთ, ყველაფერი თავად აკეთონ. საერთოდ, ეს ძალიან კარგი თვისებაა და წარმატებაში დიდი როლს ასრულებს, თუმცა, თქვენს რესურსებსაც აქვს საზღვარი. რომც არ გინდოდეთ, ბოლოს მაინც მოგიწევთ გარკვეული ფუნქციებისა და საქმის დელეგირება.

იყავით პროაქტიური!

ზუსტად უნდა შეარჩიოთ დრო დელეგირებისთვის. ნუ დაელოდებით, როდის გამოგაცლით საქმე მთელს ენერგიას. რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და გადაანაწილეთ როლები. ამისთვის, შესაძლოა, ახალი თანამშრომლ(ებ)ის აყვანა დაგჭირდეთ, ან სულაც მათ შორის გადაანაწილოთ ფუნქციები, ვინც თქვენთან უკვე მუშაობს.

შეისწავლეთ თქვენი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები!

სანამ ფუნქციებს გადაანაწილებთ, დეტალურად შეისწავლეთ თქვენი გუნდის წევრების სუსტი და ძლიერი მხარეები. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა შეუძლია თითოეულ მათგანს და რა – არა. მაგალითად, ერთი თანამშრომელი საქმეში ნელი, მაგრამ მოწესრიგებულია, მეორე კი ცოტა დაუდევარი, თუმცა სწრაფი. ასეთ შემთხვევაში, პირველს ისეთი რამ ანდეთ, რაც დეტალურ დაკვირვებას მოითხოვს და საჩქარო არ არის, მეორეს კი სწრაფად გადასაწყვეტი, მაგრამ შედარებით მარტივი დავალებები მიეცით.

„დააბანდეთ“ დრო სწავლაში!

როცა დელეგირებას აკეთებთ, შესაძლოა, რაიმე კონკრეტულ თემაზე, თქვათ: ეს მხოლოდ მე უნდა გავაკეთო, სხვა ვერავინ შეძლებს. უდავოა, აუცილებლად იქნება ისეთი საქმე, რაც მხოლოდ თქვენ იცით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ვერ ისწავლის. ალბათ, სხვისთვის სწავლებაში დროის ხარჯვას გირჩევნიათ, თავად უფრო სწრაფად მოაგვაროთ საკითხი. მაგრამ ჩათვალეთ, ეს ინვესტიციაა. მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ, თანამშრომელს აუხსნათ, როგორ კეთდება კონკრეტული საქმე, შემდეგ კი ის ყოველთვის თავად შეასრულებს, განსაზღვრულ დროში, დავალებას.

თქვენი მოლოდინები თანამშრომლებისთვის ყოველთვის გასაგები უნდა იყოს!

დელეგირებისას, რაც შეიძლება კონკრეტულად განმარტეთ, რას ელოდებით ამ პროცესისგან. თანამშრომლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, როგორ და როდის შეასრულონ თქვენი დავალება. თუ გუნდში რამდენიმე ადამიანი გყავთ, განსაზღვრეთ თითოეულის ფუნქცია – მოვალეობები, ან აირჩიეთ ერთ-ერთი, ვინც პროექტში წამყვანი იქნება. გახსოვდეთ, მომდევნო გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჯობს, ნებისმიერ შეკითხვას საწყის ეტაპზე უპასუხოთ.

ენდეთ, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ!

ცხადია, თანამშრომლებს ენდობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურში ხომ არ აიყვანდით?! როცა მათ დავალებას აძლევთ და შესასრულებლად კონკრეტულ დროს უსაზღვრავთ, ალბათ, თვლით, რომ საქმე აუცილებლად გაკეთდება. თუმცა, ცუდი არ იქნება, პერიოდულად, გადაამოწმოთ, როგორ სრულდება თქვენი დავალება. შეთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზე, რომ, პროცესის მიმდინარეობისას, მუდმივად გქონდეთ ინფორმაცია, ეტევიან თუ არა დროში თქვენი თანამშრომლები, ან რაიმე სხვა პრობლემა ხომ არ აქვთ?!

აუცილებელია ორმხრივი უკუკავშირი!

როდესაც თანამშრომლები თქვენს დავალებას შეასრულებენ, გაუზიარეთ თქვენი აზრი და მოისმინეთ მათი შეფასება. ორმხრივი უკუკავშირი აუცილებელია. დეტალურად განუმარტეთ, თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, რომ სამომავლოდ გაითვალისწინონ. აუცილებლად გაიგეთ მათი აზრი მიღებულ დავალებასა და ინსტრუქციებზე. ასე ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ და დეტალებს გაანალიზებთ, რასაც, ცხადია, სხვა დროს, თანამშრომლებისთვის დავალების მიცემისას, გაითვალისწინებთ.

წყარო: www.marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები