Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სახელმწიფო უწყებებში – უნიკალური შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის

სტაჟირება სახელმწიფო უწყებებში – უნიკალური შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის
March 27
16:59 2018

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. საპილოტე პროგრამამ, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, გასულ წელს განახორციელა, წელს უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო.

ეს უნიკალური შესაძლებლობა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვისაა, რომელთა რაოდენობა უკვე საკმაოდ ბევრია.  მისი მიზანი კი ახალგაზრდების დასაქმების წახალისება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი ჩართულობაა.

რაც შეეხება „1+4 საგანმანათლებო პროგრამას,“ იგი 2010  წლიდან არსებობს და ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. სწორედ მათ შეეძლებათ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განიმტკიცონ და პოტენციური დამსაქმებლებისათვის მეტად საინტერესონი გახდნენ.

სტაჟირების პროგრამა გასულ წელს 65-მა ახალგაზრდამ გაიარა. წელს კი, მსურველთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის გამო ორგანიზატორებმა მისი გაფართოება გადაწყვიტეს.

რობერტ კარტაშიანი ერთ-ერთია იმ 65-დან, ვინც აღნიშნული შესაძლებლობით შარშან ისარგებლა. ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება მის ცხოვრებაში, რომელიც კარიერულ წინსვლაში აუცილებლად დაეხმარება. რობერტი ამჟამად დასაქმებულია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის მიერ სომხურად ნათარგმნ „მოამბეს“ ყოველდღიურად ათასობით  ადამიანი ისმენს.

„1+4 ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაში“ 2012 წელს ჩავირიცხე და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. მეოთხე კურსზე გადავწყვიტე, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარებიც უნდა შემეძინა. სწორედ მაშინ ვნახე, რომ „1+4 პროგრამის“ მონაწილეებისათვის, ეთნიკური უმცირესობებისათვის სტაჟირების საპილოტე პროგრამა ცხადდებოდა. ვიფიქრე, რომ ეს ძალიან კარგი შანსი იყო, რადგან სახელმწიფო უწყებებში მივიღებდი გამოცდილებას.

„სტაჟირება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გავიარე და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ჩართული ვიყავი ყველანაირ საქმიანობაში – ვგეგმავდი და ვახორციელებდით შეხვედრებს, კონფერენციებს, ვასრულებდი შიდა სტრუქტურულ სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ 3 თვის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. მითუმეტეს, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება იყო.

„ვფიქრობ, რომ სტაჟირების ეს პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ძალიან კარგი საშუალებაა.  ყველას ვურჩევდი აუცილებლად ისარგებლონ და მონაწილეობა მიიღონ, რადგან საჯარო უწყებების ძალიან ფართო არჩევანია და შეუძლიათ სტაჟირება იმ კუთხით გაიარონ, რაც მათ აინტერესებთ“, – ამბობს რობერტი.

ნოვრასტა მუსტაფაევი ბოლნისიდანაა. სტაჟირების პროგრამა მისთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ წელს ისევ გეგმავს მასში ჩართვას. ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო 3 თვე მის ცხოვრებაში.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა 2017 წელს გავიარე. მე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოვხვდი. არც კი ველოდი ასე თუ გამიმართლებდა და ზუსტად იმ ადგილს შემირჩევდნენ, რომელზეც ვოცნებობდი.

„ამ სტაჟირების და ზოგადად, „1+4 პროგრამის“ შესახებ მეგობრებისაგან შევიტყვე. პრეზენტაციაზე წამიყვანეს და დავინტერესდი. რომ ვნახე რასაც მთავაზობდნენ, მაშინვე მამაჩემს დავურეკე, რომელმაც მითხრა – რაღას ელოდები, სასწრაფოდ შეიტანე საბუთებიო. კონკურსი საკმაოდ მარტივად გავიარე. ჩემთვის პირველი გასაუბრება იყო და ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ძალიან თბილი გარემო დამხვდა. ყველაფერში ხელს მიწყობდნენ.

„აკადემიაში ფინანსების მართვის სამმართველოში მოვხვდი. ჩემი სპეციალობაც სწორედ ესაა – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ფინანსისტის დამხმარე ვიყავი და რასაც ის აკეთებდა, მეც ყველაფერში ვერთვებოდი. მასწავლიდნენ როგორ ხვდებოდა შესყიდვები, ბუღალტერია, ვმუშაობდით სახელმწიფო სახაზინო პროგრამაში და ა.შ. ყველაფერი საკმაოდ მალე ვისწავლე და ცოტა ხანში უკვე დამოუკიდებლადაც ვმუშაობდი.

„რაც უნივერსიტეტში თეორიულად ვისწავლე, იქ ყველაფერი პრაქტიკულად ავითვისე. შედეგად, სტაჟირების დასრულებიდან მალევე დავსაქმდი ერთ-ერთ კომპანიაში. რომ ნახეს სტაჟირება აკადემიაში მქონდა გავლილი, მაშინვე მიმიღეს. ასე რომ, სტაჟირების პროგრამა ძალიან დამეხმარა. რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევ მასში მონაწილეობას. მეც ვაპირებ მეორედ გავიარო, კარგია, რომ მეორედაც შემიძლია“, – ამბობს ნოვრსატა.

პროგრამის ინიციატორი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა არის სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში მაქსიმალური თანასწორობის უზრუნველყოფასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის წახალისებას მოიაზრებს.

„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას  განივითარონ უნარები, გამოავლინონ საკუთარი  ცოდნა და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯი დასაქმებისაკენ, იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და წარმატებულნი თავიანთ პროფესიულ კარიერაში“, -აღნიშნავს მინისტრი.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სტაჟირების პროცესში ჩასართავად განაცხადის ფორმა, 6 აპრილამდე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე უნდა შეავსონ.

სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6-თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. მიღება წელიწადში ორჯერ გამოცხადდება.

(R)

113 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2018
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031