Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“გამოცდებს ძირითადად სახლში ვწერთ, თუმცა ეს მკაცრად კონტროლდება”- ქართველი სტუდენტი

“გამოცდებს ძირითადად სახლში ვწერთ, თუმცა ეს მკაცრად კონტროლდება”- ქართველი სტუდენტი
May 01
13:54 2018

ელენე ჭეჟია კანადაში მაკგილის უნივერსიტეტის, სამართალის ფაკულტეტის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია და მისი სპეციალობა საჰაერო და კოსმოსის სამართალია.

მომავალ პროფესიაზე ფიქრი ერთ-ერთ ავიაკომპანიაში მუშაობის დროს დაიწყო და მას შემდეგ ამ სფეროს მიღწევებით, გამოწვევებითა და პრობლემებითაც დაინტერესდა.

სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობთ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და დღეს ის ინტერვიუში უკვე მისი აკადემიური მიღწევებისა და კანადაში მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვება.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

– ელენე, როდის და რატომ გადაწყვიტე საჰაერო და კოსმოსის სამართლის ფაკულტეტზე სწავლა?

საჰაერო სამართლის საფუძვლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევისწავლე, არჩევით საგნად. ეს იყო ერთ-ერთი იმ საერთაშორისო სამართლის დარგთაგან, რომელიც სტუდენტების ყურადღებას ნაკლებად იზიდავდა, სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. გამონაკლისი არც მე ვიყავი. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა კერძო ტვირთგადამზიდ ავიაკომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც საქართველოში მოქმედ საჰაერო სამართლის რეგულაციებთან უშუალო შეხება მქონდა.

ავიაციის ინდუსტრია საქართველოში განვითარების ფაზაშია და დიდი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით წინ წაიწიოს. ადამიანური რესურსის ნაკლებობაც ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელსაც სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ინტერესი ამ მიმართულებით.

აღნიშნულს თან დაერთო ჩემი სურვილი, პროფესიული ნიშა მეპოვა იმ სფეროში, სადაც ცოდნისა და გამოცდილების საჭიროება ყველაზე მეტად იგრძნობოდა. საერთო ჯამში გადავწყვიტე მესინჯა ჩემი შესაძლებლობები. გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დამჭირვებია.

საზღვარგარეთ სწავლის ყველა შესაძლებლობა განვიხილე, რადგან საქართველოში მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები არ არსებობს (კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინტერესი ავიაციის სამართლის მიმართ ნაკლებია). არჩევანი უპირობოდ გავაკეთე კანადაში არსებულ მაკგილის უნივერსიტეტზე, რომლის საჰაერო და კოსმოსის სამართლის ინსტიტუტი საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება მსოფლიო ავიაციის ბაზარზე და მისი კურსდამთავრებულები, შეიძლება ითქვას, დღეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომავალს წყვეტენ. მონრეალშივე მდებარეობს გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია: საერთაშორსიო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (იკაო), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ინსტიტუტთან. შესაბამისად, პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული ცოდნის მისაღებად აღნიშნული ინსტიტუტი ჩემთვის უპირობო ფავორიტი გახლდათ.

კონკურენციის გათვალისწინებით, ჩარიცხვა ძნელად მეჩვენა, თუმცა საბოლოოდ დადებითი პასუხი მივიღე.

– როგორი იყო შენი მოლოდინი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობისას?

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია იყო ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ მაკგილის უნივერსიტეტში მესწავლა. აქ სტუდენტებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უფარავს მთლიანად სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ცენტრის სტიპენდიანტი ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ, რომელმაც გნონინგენში ისწავლა საერთაშორისო სამართალი. მისგან დადებით ინფორმაციას ვფლობდი ცენტრის საქმიანობასა და მიუკერძოებლობაზე.

შესაბამისად, მოლოდინი მქონდა, რომ ცენტრი ქვეყნის საგანმანათლებლო პრიორიტეტებს სწორად გადაწყვეტდა. ავიაციის სფეროს სფეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ კომისიის დარწმუნებას შევძლებდი, იმაში თუ რატომ უნდა ჩაედო სახელმწიფოს ინვესტიცია ამ კუთხით. მოლოდინმა გამიმართლა, ცენტრისგან სრული დაფინანსება მივიღე.

– მოგვიყევი, რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო და რთული ამ პროფესიაში?

სირთულეები ავიაციის ინდუსტრიის მახასიათებელია. ეს გახლავთ ინდუსტრია, რომელიც არ ექვემდებარება თავისუფალი ბაზრის წესებს და მთლიანად სახელმწიფო რეგულირების ქვეშ არის მოქცეული. ვერც ერთი ავიაკომპანია ვერ წყვეტს დღეს დამოუკიდებლად თუ სად იფრინოს, რა სიხშირით და რამდენი მგზავრი გადაიყვანოს, რა მოცულობის ტვირთი გადაზიდოს, თუ სახელმწიფოთა შეთანხმებული ნება არ იქნება.

ავიაბიზნესი მკაცრად რეგულირებული სფეროა. როცა მგზავრი ბილეთს იძენს და მშვიდად ელოდება თავის რეისს, თითქმის არასდროს ფიქრობს იმაზე, თუ რა უძღვის წინ თვითმფრინავის ცაში აფრენას. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მუშაობს ავიაციის უსაფრთხოებაზე, მათ შორის იურისტები. ყველაფერი აფრენის უფლებით იწყება.

თუ არ არსებობს უფლება, არ არსებობს ბიზნესიც. ეს კი იურისტების მთავარი საზრუნავია.
ყველაზე საინტერესო ის გამოწვევებია, რის წინაშეც მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია დღეს იმყოფება. საუბარია ინდუსტრიის ლიბერალიზაციაზე (დროა ბიზნესმა თავად არეგულიროს საკუთარი თავი და სახელმწიფო მხოლოდ მისი უსაფრთხოებისა და ავიაციის უშიშროების გარანტი იყოს).

აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოებს უჭირთ შეთანხმება, რადგანაც ავიაცია დღემდე ქვეყნის უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

განვითარებულ სამოქალაქო ავიაციას დიდი პოტენციალი აქვს შეიარაღებული კონფლიქტისას, რადგან სამოქალაქო საჰაერო ხომალდები სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს არის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია. მსგავსს იზიარებენ პატარა სახელმწიფოები, რომლებსაც სურვილი აქვთ მკაცრად აკონტროლონ საჰაერო ხომალდების ფრენა.

ლიბერალიზაციის მომხრენი კი ამჟამად აკადემიკოსები და ისეთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნები არიან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები. ემირატებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ავიაციის ბაზრის დასანაწილებლად ფარული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი ავიაციის სამართალს მეტ სირთულესა და აზრს სძენს.

– უკვე განვლილ სასწავლო კურსში რა იყო შენთვის აღმოჩენა?

გენიალურობა წვრილმანებშია, ეს ყველაზე მეტად ავიაციის მაგალითზე დავინახე. ერთია უყურო ინდუსტრიას გარედან, როგორც მომხმარებელმა, და მეორეა შეისწავლო მისი მამოძრავებელი მექანიზმი. მაკგილში ავიაციის დეტალები ისწავლება.

ავიაბიზნესის თავისებურებებმა ყველაზე მეტად გამაოცა. ბევრი ხრიკიც შევისწავლეთ, როგორც მომხმარებლებმა: ავიაბილეთი ყველაზე იაფია თუ სამშაბათი დღის რეისზე შეიძენთ; შესაძლოა ერთი ავიაკომპანიის ბილეთი გქონდეთ, მაგრამ მეორე ავიაკომპანიამ გადაგიყვანოთ თავისივე საჰაერო ხომალდითა და ეკიპაჟით, ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ ბილეთი დაწვრილებით; მგზავრთა უფლებებზეც ბევრს არ სმენია. ავიაკომპანიებისთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა – მგაზვრებს შეუძლიათ ავიაკომპანია გააკოტრონ, თუკი მათ საკუთარი უფლებები დეტალურად ეცოდინებათ.

– რით განსხვავდება კანადის უმაღლესი განათლების სისტემა ქართულისაგან?

კანადაში აქცენტი იმაზე კი არ კეთდება რა ოდენობის ინფორმაცია დაიმახსოვრე, არამედ იმაზე თუ როგორ შეგიძლია რეალურ ცხოვრებაში ამ ინფორმაციის გამოყენება. ამიტომ გამოცდებს ძირითადად სახლში ვწერთ. მკაცრად კონტროლდება სტუდენტის მიერ გამოცდის დამოუკიდებლად დაწერა. ვიცით, რომ თუ ამ წესს დავარღვევთ, ინსტიტუტს უნდა დავემშვიდობოთ. ეს არც არავის სურს, რადგან აქ პროფესიული დამოუკიდებლობა პრესტიჟია. გამოცდის წერისას ვიყენებთ ნებისმიერ რესურსს (ადამიანურის გარდა), მთავარია სამართლებრივი საკითხი სწორად გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ. გარდა ამისა, თითქმის ყველა პროფესორი პრაქტიკოსია და ინდუსტრიასთან უშუალო შეხება აქვს, არიან ყოფილი პილოტები, საჰაერო ნავიგაციის სპეციალისტები, ავიაკომპანიის იურისტები და ა.შ.

ქართული სისტემისგან განსხავევბით, კანადა გაძლევს შესაძლებლობას, თავი ინდუსტრიის ნაწილად წარმოიდგინო და მის მაჯისცემას გრძნობდე, როგორც დამხმარეებსა და მომხსენებლებს უამრავ პროექტში გვრთავენ.

უშუალო შეხება გვაქვს იკაოსთან (ICAO), ეს კი წარმატებისთვის დამატებითი სტიმულია.

– რა იყო შენი მოხსენების თემა საინაუგურაციო იმიტირებულ სასამართლო პროცესზე და თუ ელოდი პრიზს საუკეთესო მომხსენებლისთვის?

იმიტირებული პროცესის მთავარი სადავო თემა გახლდათ სახელმწიფოს მხრიდან ავიაკომპანიის ირიბი სუბსიდირება, რაც საერთაშორისო საჰაერო სამართლით იკრძალება.

პირველ რაუნდში საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ვარწმუნებდი, რომ სუბსიდიას ადგილი ჰქონდა, ფინალურ რაუნდზე კი წარმოვადგენდი მეორე სახელმწიფოს და ვამტკიცებდი საწინააღმდეგო პოზიციას – სუბსიდიის არარსებობას.

პროცესზე გასვლისას იმდენად დიდი იყო მღელვარება, რომ პრიზზე არც კი ვფიქრობდი. მიუხედავად შინაგანი მღელვარებისა, სასამართლომ ერთ-ერთ ჩემს მთავარ თვისებად შინაგანი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა გამოარჩია, რაც სასამართლოს წინაშე გამოსვლისას ძალიან ფასობს. იმდენად დიდი იყო სტრესი, რომ ამან ძალიან გამაკვირვა.

– სწავლის გარდა, რით ხარ დაკავებული?

სწავლასთან ერთად ჩართული ვარ იკაოს პროექტებში. ამჟამად ჩემს ერთ-ერთ პროფესორთან ერთად ვმონაწილეობ იკაოს საბჭოსთან, მისი ერთ-ერთი გასვლითი სხდომის (ICAO Council Off-Site Meeting) ორგანიზებაში, რომელიც ივნისში გაიმართება და ავიაციის სფეროში სამომავლო გამოწვევებს შეეხება, როგორიცაა დრონების გამოჩენა (უდიდესი გამოწვევა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების კუთხით) და ტექნოლოგიური მიღწევები.

– რას გეგმავ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სურვილი მაქვს დავრჩე მონრეალში ერთი წლით და დავაგროვო პროფესიული გამოცდილება, რის უფლებასაც ცენტრი ხელშეკრულებით გვაძლევს. აქაც, კომისიის დარწმუნება მომიწევს, რომ დარჩენა გამართებული გადაწყვეტილებაა. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდები და ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში შევიტან ჩემს მოკრძალებულ წვლილს.

ავტორი: ნათია ზარიძე

1,486 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2018
M T W T F S S
« Apr    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031