Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“აქ ლექტორი სტუდენტის უფროსი არაა, ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებული პირია” – ქართველი სტუდენტი ამერიკიდან

“აქ ლექტორი სტუდენტის უფროსი არაა, ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებული პირია” – ქართველი სტუდენტი ამერიკიდან
June 06
13:35 2018

ნიკა გიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (Penn State Law) სწავლობს. ის სამართლის დოქტორის (Juris Doctor), აწ უკვე მეორე კურსის, სტუდენტია. უნივერსიტეტში სამართლის  განათლება სამწლიანია და, შესაბამისად, ორ წელიწადში ნიკა ამერიკული სამართლის ხარისხის მფლობელი იქნება. ეს კი საშუალებას მისცემს ჩააბაროს ამერიკის საადვოკატო გამოცდა და პრაქტიკოსი იურისტი გახდეს. მას უნივერსიტეტისგან 33,000 დოლარის ოდენობის ყოველწლიური სასწავლო გრანტი აქვს, თუმცა სწავლისთვის სრული ხარჯების მოძიება უჭირს. აღმოჩნდა, რომ მის მიმართულებას არც „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ აფინანსებს, რადგან ამ პროგრამაზე მიღება საერთოდ არ აქვთ. სახელმწიფოსგან სხვა პრინციპით დახმარებაც რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ნიკა გიკაშვილი: ზოგადად, ამერიკაში სწავლა დიდი ხანია მინდოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აშშ საინტერესო ქვეყანაა, მით უმეტეს განათლების კუთხით. კონკრეტულად Juris Doctor-ის ხარსიხსი დაუფლება 2015 წლიდან გადავწყვიტე უმთავრესად ორი მიზეზის გამო. პირველი, მაინტერესებდა ამერიკული სამართალი, რომელიც ქართულისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გარდა ამისა, ჩემი ინტერესის ძირითადი საგანი საკორპორაციო და ბიზნეს სამართალია. ამერიკის ბიზნეს სამართალი კი ერთერთი ყველაზე განვითარებული და დახვეწილი სისტემაა მსოფლიოში. მეორეც, ძალიან მინდოდა რომ ამერიკაში მემუშავა, შესაბამისად, ყველაზე სწორი გზა აშშში იურისტად მუშაობისკენ Juris Doctor-ის ხარისხის მოპოვებაა

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ქართველი სტუდენტი ეუფლება განათლებას აშშში, თითქმის არავინ მიდის Juris Doctor-ზე სასწავლებლად საქართველოდან. ამიტომ ჩემი მზადების პროცესი საკმაოდ რთული იყო, თუ ინფორმაციის ნაკლებობას გავითვალისწინებთ. ყველაზე დიდი სირთულე მისაღები გამოცდაა –LSAT, რომელიც იდეურად და სტრუქტურულად ქართულ უნარების გამოცდას ჰგავს, თუმცა ბევრად რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ის ინგლისურ ენაზეა, ბევრად მეტი ტესტი და ნაკლები დროა გამოცდაზე და ყოველწლიურად 100,000 სტუდენტი აბარებს მას. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში LSAT-ის მასწავლებელი პრაქტიკულად არაა, რადგან მასზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. ამიტომ იძულებული ვიყავი თვითონ მოვმზადებულიყავი ამ ტესტისათვის. საბოლოოდ, ერთწლიანი მზადების შემდეგ, ჩავაბარე და ჩემი შედეგებით საუკეთესო 20%-შიც მოვხვდი მათ შორის, ვინც ტესტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩააბარა. ამის შემდეგ უნივერსიტეტების სააპლიკაციო პროცესი საკმაოდ მარტივი – მხოლოდ აპლიკაციის შევსება და რამდენიმე სარეკომენდაციო წერილი იყო საჭირო.

– ნიკა, როგორც ვიცით, კათედრაზე შემოგთავაზეს სამსახური და ამაზე მოგვიყევი; უცხოეთში წასული სტუდენტი, რომელსაც უნივერსიტეტი ასაქმებს, დიდი იშვიათობაა…

ნ.გ: სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი, არც კი ვიცოდი, რომ კათედრაზე მუშაობა ასეთი იშვიათობა იყო. აქ, როგორც წესი, რამდენიმე ლექტორი, ყოველ ზაფხულს ასაქმებს თითო სტუდენტს, მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი კვლევის საგანში მიღებული ქულაა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის შესარჩევი პროცესი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ერთ–ერთი საუკეთესო ქულა მქონდა კვლევაში და შესაბამისად, პროფესორების მხრიდან დაინტერესებაც დიდი იყო. ზოგადად, უცხოელი სტუდენტებს ნაკლებად ასაქმებენ ამ პოზიციებზე, გამომდინარე იქიდან, რომ კათედრაზე კვლევის ასისტენტად მუშაობა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნას მოითხოვს. კვლევის ასისტენტი, პროფესორებთან ერთად, წერს სამართლებრივ მიმოხილვებსა და ნაშრომებს, შესაბამისად, ინგლისური ენის მაღალ აკადემიურ დონეზე ცოდნა მნიშვნელოვანიამაგრამ, გამომიდნარე იქიდან, რომ მე მსგავსი გამოცდილება უკვე მივიღე ილიაუნის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრში ორწლიანი მუშაობისას, კათედრის დარწმუნება იმაში, რომ თავს მარტივად გავართმევდი ჩემს მოვალეობებს, რთული არ იყო

როგორც უკვე ვახსენე, ბიზნეს სამართალი მაინტერესებს. ამიტომ როდესაც შემოთავაზება მივიღე საგადასახადო სამართლის კათედრისგან, ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, რომ გადაწყვეტილება მიმეღო. შესაბამისად, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ვიმუშავებ როგორც კვლევის ასისტენტი (Research Assistant). ჩემი უმთავრესი მოვალეობა იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების კვლევა და მათი ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მომზადება, პროფესორის ნაშრომების სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი წყაროების დაზუსტება, მოკლე სამართლებრივი მიმოხილვების წერა და ..

კვლევის ასისტენტობა, ალბათ, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური იქნება, ჩემი აზრით. პირველ რიგში იმიტომ, რომ იმ თემებზე ვიმუშავებ, რაც მე პირადად ძალიან მაინტერესებს და ამავდროულად, ძალიან კონკურენტულია. შესაბამისად, ორი წლის შემდეგ საგადასახადო სამართალზე იმაზე უფრო მეტი მეცოდინება, ვიდრე ჩემს თანაკურსელებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის დამთავრებამდე უკვე ვიქნები გამოცდილი მკვლევარი, რაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა. იმ კვლევებს, რაზეც მე ამ ზაფხულის განმავლობაში უნდა ვიმუშავო, არაერთი იურისტი და იურიდიული კომპანია გაეცნობა როგორც აკადემიურ ნაშრომს, რაც ჩემს ცნობადობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. აქ კიდევ ცნობადობა და შენი პროფესიის ადამიანებთან პროფესიული ან პირადი ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია.

–მოგვიყევი ამერიკაში ჩასვლის შემდგომ პრობლემებზე, ყველა იმ ფაქტორზე, რამაც უცხო ქვეყანაში ბრძოლა გასწავლა…

ნ.გ: ჩემი პრობლემებიდან, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ფინანსურ მხარეს უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა და ცხოვრება აქ საკმაოდ ძვირია და უცხოელ სტუდენტებს არ აქვთ წვდომა ამერიკულ კერძო სესხებზე, რთულიაქართული ფულითდააფინანსო ამერიკაში ცხოვრება. შესაბამისად, მთელი წლის განმალობაში, სწავლის პარალელურად მიწევდა მუშაობა, რომ შემძლებოდა საკუთარი ხარჯების დაფარვა. მუშაობისა და სწავლის დაბალანსება კი აქ ძალიან რთულია, რადგან სამართლის სკოლა მოითხოვს სტუდენტის მობილიზებას 24/7-ზე. თანაც, ნახევარ განაკვეთიანი სტუდენტური სამსახური არ მაძლევს იმდენ შემოსავალს, რომ სრულად დავფარო განათლების ხარჯები. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ მაქვს გარკვეული თუ როგორ დავფარავ შემდეგი წლის ხარჯებს (მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტისგან 33,000 დოლარის ოდენობის ყოველწლიური გრანტი მაქვს).

მეორე სირთულე თვითონ სწავლის პროცესს და მის ინტენსივობას უკავშირდება. ქართული უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ სამართლის განათლება ძალიან კონკურენტული და ინტენსიურია. მუდმივად მზად უნდა იყო, რანდგან ლექტორები სოკრატესეულ სწავლის მეთოდს იყენებენ. თითოეულ საგანში კი ყოველდღიური საკითხავი მასალა 50-60 ფურცელია და სემესტრში ასეთ 5 საგანს ვსწავლობთ. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ინგლისური შენი მშობლიური ენა არაა. თუმცა საკუთარ თავზე მუშაობით მივაღწიე იმას, რომ არათუ უფრო ეფექტურად ვსწავლობ, ღირსეულ კონკურენციასაც ვუწევ ჩემს კურსელებს.

ამავდროულად, არ მქონია ადაპტაციის პრობლემა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის მარტივი იქნებოდა თუ იმ ქვეყნის საზოგადოება მომეწონებოდა. ამერიკელები ალბათ, მიუხედავად ყველაფრისა, ერთერთი ყველაზე მარტივად საკომუნიკაციო ხალხია. არასოდეს თავს არ გაგრძნობინებენ უცხოელად დაჩამოსულად.“ შესაბამისად, ჩემი ამერიკაში სასწავლებლად წამოსვლის ეს ნაწილი საკმაოდ მარტივი და სასიამოვნოც კი იყო.

– ცხოვრების, სწავლის, კვებისა და სხვა დანარჩენის ხარჯები რამდენად მაღალია?

ნ.გ: ბევრად მაღალი და არამარტო იმიტომ რომ დოლარსა და ლარს შორის გაცვლითი კურსია დიდი. მაგალითად, სწავლა აქ ერთი წლის განმავლობაში 48,000 $ ღირს, ხოლოდ ცხოვრება საშუალოდ 20,000$ ჯდება.

– შენი აზრით, რა არის ამერიკაში მიღებული განათლების მთავარი უპირატესობა გაგიმართლა იმედები?

Processed with VSCO with hb1 preset

ნ.გ: მთავარი უპირატესობაა კონკურენტუნარიანობა. აქ ყველაფერი კონკურენციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კარგ ნიშანს მიიღებ თუ არა რაიმე გამოცდაზე, დამოკიდებულია არამარტო იმაზე, თუ როგორ დაწერე გამოცდა, არამედ იმაზეც, როგორ დაწერეს შენმა თანაკურსელებმა. შებსამისად, ყოველი სტუდენტის ნედლი ქულა დარდება სხვა სტუდენტების ნედლ ქულებს და უმაღლეს შეფასებას მხოლოდ ისინი იღებენ, ვინც სტუდენტთა უმრავლესობას აჯობეს (ამას ამერიკაში ნიშნების მრუდს ეძახიან). და ეს მარტივი მაგალითია იმის, რომ ყვალაფრის, რასაც აქ სტუდენტები, ლექტორები ან უნივერსიტეტები აკეთებენ, წინაპირობა კონკურენციაა.

ჯერ-ჯერობით, ამერიკულმა განათლებამ არათუ იმედები გამიმართლა, მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე საინტერესო პროცესია აქ სწავლა.

– შეგიძლია შეადარო შენი დღევანდელი და საქართველოში სწავლის პერიოდის ლექტორები? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? სალექციო კურსი სად უფრო ნოვატურული და საინტერესოა და როგორი კონკრეტულად?

ნ.გ: გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოშიც სამართლის განათლება მივიღე, შედარება საკმაოდ მარტივი იქნება და სამწუხაროდ, სხვაობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ეს ყველა ლექტორზე არ ვრცელდება, არაერთი შესანიშნავი პროფესორი მასწავლიდა საქართველოში. თუმცა, ზოგადად, ამერიკაში ლექტორისა და სტუდენტის დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება იგივე ურთიერთობისგან საქართველოში. აქ ნაკლებადააუფროს–უმცროსისურთიერთობა და უფრო მეტად, ლექტორებს სტუდენტებთან თანამშრომლური ურთიერთობა აქვთ, რადგან ყველას გააზრებული აქვს, რომ მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – რაც შეიძლება უკეთ ისწავლონ სტუდენტებმა. საქართველოშიც არაერთ ლექტორს აქვს იგივე მიზანი, მაგრამ მგონია, რომ ამის მიზეზები ჩვენთან და ამერიკაში განსხვავებულია.

ჩვენ რაღაც საკრალური კულტი გვაქვს ლექტორის და მასწავლებლის და შესაბამისად, სწავლება თითქოს მორალური ვალდებულებაა. ამერიკაში კი ბევრად უფრო პრაქტიკულად უდგებიან ამ საკითხს – ლექტორი ცდილობს, რომ რაც შეიძლება კარგად გასწავლოს იმიტომ, რომ სტუდენტმა უფრო მარტივად იშოვოს უკეთესი სამსახური, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, უნივერსიტეტზე მოთხოვნა სამომავლოდ გაიზრდება და შესაბამისად, თვითონ ლექტორიც უფრო მეტს გამოიმუშავებს. ეს პრაქტიკული უზრუნველყოფს იმას, რომ ლექტორი სტუდენტის უფროსი კი არაა, არამედ ორი ერთმანეთზე დამოკიდებული პირია.

ეს ფუნდამენტური სხვაობა განაპირობებს იმასაც, რომ ამერიკაში განათლება უფრო ნოვატორული და საინტერესოა. ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიაწოდონ სტუდენტებს და რაც შეიძლება საინტერესოდ. მაშინ, როდესაც საქართველოში არაერთხელ მინახავს ლექცია, რომელზეც სტუდენტებს ეძინათ, აქ უყურადღებო სტუდენტიც კი იშვიათობაა.   

– რა ძირითად განსხვავებას ხედავ ქართულ და ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემებს შორის?

ნ.გ: ამერიკული განათლება ორიენტირებულია დასაქმებაზე. ყოველი ადამიანი სამართლის სკოლაში ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასაქმდე და რაც შეიძლება კარგ პოზიციაზე. თითოეულმა უნივერსიტეტმა იცის, რომ მათი მთავარი უპირატესობა, რითაც მომავალი სტუდენტები შეუძლიათ მოიზიდონ, დასაქმების პერსპექტივაა. შესაბამისად, უნივერსიტეტი არამარტო ხელს უწყობს თითოეულ სტუდენტს სასურველი სამსახურის შოვნაში, არამედ გამუდმებით აკავშირებს აწ უკვე ყოფილ სტუდენტებთან, რათა ისინი დაეხმარონ ახლანდელ სტუდენტებს დასაქმებაში. Networking-ის კულტურა, რაც ჩვენთა საკმაოდ უარყოფითად აღიქმება, აქ ძირითადად, ყველაზე დიდ როლს თამაშობს დასაქმებაში.

– დასაქმების პერსპექტივაზე და შენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, დარჩები ადგილობრივ კომპანიაში? და სად ისურვებდი დასაქმებას?

ნ.გ: ჩემი უმთავრესი მიზანია, სწავლის დასრულების შემდეგ ამერიკაში გავაგრძელო მუშაობა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე Juris Doctor-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ საკორპორაციო და ბიზნეს სამართლის მიმართულებით მინდა მუშაობა, დიდი ალბათობით, რომელიმე დიდ იურიდიულ კომპანიას შევურთდები, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებს აქვთ წვდომა მსხვილ და მნიშვნელოვან კლიენტებზე.

სწავლის დასრულების შემდეგ ნიუ იორკში მინდა გადავიდე საცხოვრებლად, რადგან ნიუ იორკი ამერიკის (და არამარტო) სამართლებრივი ცენტრია

– შენ ძალიან დატვირთულ რეჟიმზე ისაუბრე, თუ გაქვს თავისუფალი დრო, რითი ერთობიან შენი თანაკურსელები და შენ?

ნ.გ: თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ სწავლას დიდი დრო მიაქვს. გარდა ამისა, არაერთ სხვა აქტივობაში ვარ ჩართული. ამჟამად ვარ საერთაშორისო სამართლებრივი პროფესიული გაერთიანების წევრი, რომელსაც თავისი წარმომადგენლობა აქვს Penn State-ში. მთელი წლის განმავლობაში არაერთ სამართლებრივ კონფერენციას თუ შეხვედრას ვატარებთ, რასაც ჩემი თავისუფალი დროის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მიაქვს

გარდა ამისა, ამ წელს მონაწილეობა მივიღე იმიტირებულ სასამართლო პროცესში და საუკეთესო სამეულში მოვხვდი. მზადების პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და შესაბამისად, ბევრი დრო არც მქონდა გასართობად

თუმცა როდესაც თავისუფალ დროს ვიპოვით ხოლმე, მე და ჩემი მეგობრები ძირითადად ან ფილმის სანახავად მივდივართ ან .. board game-ების სათამაშოდ ვიკრიბებით. ასევე, მე ძალიან მიყვარს კითხვა და ხშირად ვკითხულობ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახლსა და უნივერსიტეტს შორის.

– ნიკა, რას ეტყოდი მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გასჩენია სურვილი საზღვარგარეთ სწავლის?

ნ.გ: ვეტყოდი იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მთელი სამყარო არსებობს, რომელსაც აღმოჩენა სჭრიდება. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ყოველ ადამიანს აქვს მხოლოდ ერთი მორალური ვალდებულება – ვალდებულება ეძიოს საკუთარი ბედნიერება და პიროვნული პროგრესი. ამისათვის მან ყველაფერი უნდა გააკეთოს. საზღვარგარეთ სწავლა არა მარტო განათლების მიღების ერთერთი საუკეთესო გზაა, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილება. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო ადამიანია სამყაროში და თუ საკუთარი დაბადების ადგილს არასოდეს დავტოვებთ, ამ ადამიანებს ვერასოდეს შევხვდებით

1,437 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2018
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930