Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“იქ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რაც საქართველოში ძალიან მაკლდა” – სტუდენტი კაიროდან

“იქ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რაც საქართველოში ძალიან მაკლდა” – სტუდენტი კაიროდან
June 19
13:43 2018

მარიამ ბეროძემ გასული სასწავლო წელი შორეულ ეგვიპტეში გაატარა და შთაბეჭდილებებით დატვირთული სამშობლოში ახლახან დაბრუნდა. ამბობს, რომ ეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და კაიროში ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მარიამი ეგვიპტური სტუდენტური ცხოვრებისა და იქაური სწავლების შესახებ გვიყვება:

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

– პროფესიით დავიწყოთ, რაზე სწავლობ, რატომ დაინტერესდი ამ სფეროთი და რა გხიბლავს მასში?

ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, არაბულ ენას. სიმართლე რომ ვთქვა, ამ ფაკულტეტზე ჩაბარება აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, ხოლო არაბული ენა პირველი კურსის პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ შევარჩიე, რადგან მინდოდა, ოთხი წლის განმავლობაში რომელიმე რთულ ენას შევჭიდებოდი. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე – არაბული ენა ძალიან მომწონს და სწავლის პროცესიც ჩემთვის საინტერესოა.

კონკრეტულად, ეს სამეცნიერო დისციპლინა – აღმოსავლეთმცოდნეობა – მოიაზრებს არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის, რელიგიისა და ისტორიის გაცნობას. პირადად ჩემთვის, სწორედ აღმოსავლეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა სძენს ამ სფეროს განსაკუთრებულობას და სწორედ ესაა ის, რაც ძალიან მაინტერესებს.

– ეგვიპტეში როგორ წახვედი, თუ გქონდა მოლოდინი და რამდენად მნიშვნელოვანი იყოს ეს შენთვის?

განათლების სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის 2017-2018 წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად. წარვადგინე ყველა საჭირო საბუთი, გავიარე გასაუბრება და მოვხვდი სტიპენდიატთა შორის. რასაკვირველია, ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და გარკვეული მოლოდინიც მქონდა. ისევე, როგორც ყველას, მეც მქონდა წარმატების ციცქნა იმედი, ვღელავდი, ვნერვიულობდი… ძალიან მინდოდა კაიროში სწავლის გაგრძელება, თუმცა გააზრებული მქონდა, რომ შეიძლებოდა იმ ეტაპზე მიზნისთვის ვერ მიმეღწია.

– ეგვიპტეში სწავლის დროს რა აღმოაჩინე ახალი შენს პროფესიაში, ხომ არ შეცვალა გარკვეული ხედვები?

ეგვიპტეში სწავლისას ძალიან ბევრი სიახლე აღმოვაჩინე არა მხოლოდ ჩემს პროფესიაში, არამედ საკუთარ თავშიც. ეს იყო რთული, შრომატევადი, სრულიად ახალი და სხვა ცხოვრება, რომელიც, მიუხედავად თავისი სირთულეებისა, ახალ პერსპექტივებს მიჩვენებდა. არაბული ენის მიმართ სიყვარული და პატივისცემა პირველად სწორედ კაიროში ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს შეგრძნება დღემდე მომყვება. გარდა ამისა, ვსწავლობდი და ვცხოვრობდი არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად, რომელთაგანაც ასევე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

– სწავლების პროცესზე მომიყევი, ლექტორები რითი განსხვავდებიან ქართველებისგან, რამდენად განსხვავებულია სისტემა?

სწავლების პროცესი, რასაკვირველია, განსხვავებულია. საქართველოში ჩემს ფაკულტეტზე არაჩვეულებრივი ლექტორები ასწავლიან. არ შეიძლება, არ აღვნიშნო მათი პროფესიონალიზმი. ყველა მათგანი ინდივიდუალურად გვაწვდის ცოდნას და ყველა მათგანთან რაღაც ახალს იძენ. რაც შეეხება კაიროს, იქ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რაც, ბუნებრივია, საქართველოში ძალიან მაკლდა. ესაა არაბულად საუბარი და მათი მეტყველების მოსმენა.

განათლების სისტემას რაც შეეხება, გულწრფელად რომ ვთქვა, კომპეტენტური ვერ ვიქნები შედარებისას, რადგან ეგვიპტის განათლების სისტემას ამდენად კარგად არ ვიცნობ.

– რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პირველ პერიოდში, შიშის განცდა თუ გქონდა? ალბათ ბევრი რამე გეუცხოებოდა…

თავდაპირველად ძალიან ბევრი სირთულე წამოიჭრა. პირველ რიგში, გამწვავდა საცხოვრებლის პრობლემა. რამდენიმე სტუდენტმა გადავწყვიტეთ, რომ ბინა დაგვექირავებინა. გვქონდა მაკლერების ნომრები, რომლებსაც ვუკავშირდებოდით, მათ მივყავდით ბინძურ და ნახევრად დანგრეულ სახლებში. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გადიოდა დღეები, სასტუმროში გვეხარჯებოდა ფული და ისევ ბინის გარეშე ვრჩებოდით. ბოლოს სასტუმროდან წამოვედით, სხვა გზა აღარ გვქონდა და დასახმარებლად ჩვენს საელჩოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ შეგვეძლო ჩემოდნები იქ დაგვეტოვებინა, ხოლო კითხვაზე, თუ რა უნდა გვექნა ჩვენ, პასუხი მხოლოდ დამრიგებლური და ჩემთვის მეტისმეტად ირონიული იყო – არ უნდა ჩაგვეცვა გამომწვევად და არ უნდა მოვქცეულიყავით ისლამური ქვეყნისთვის შეუფერებლად. მე არ ვიცი, რა ევალება საელჩოს, შეიძლება სწორედ ის იყო მათი ვალდებულება, რომ მხოლოდ გავეფრთხილებინეთ, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს გამოცდილება მხოლოდ იმაზე მიმანიშნებს, რომ ვეცადო, საქმე არცერთ საელჩოსთან აღარ დავიჭირო.
საბედნიეროდ, სწორედ იმ საღამოს ვიპოვეთ ბინა და ასე, ლამის ქუჩიდან გადავცხოვრდით.

აქედან დაიწყო სხვა, შედარებით მსუბუქი პრობლემები, რომლებიც, ძირითადად, მძღოლებსა და ვაჭრებს უკავშირდებოდა, თუმცა საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მაინც გავუმკლავდით.

– სად ცხოვრობდი, როგორი იყო შენი დღის განრიგი?

ვცხოვრობდი კაიროს ერთ-ერთ უბანში, სახელად დოკი. დოკი, თავისი ფერადი და ხილ-ბოსტნეულით დახუნძლული ბაზრით, გადაიქცა ჩვენს სახლად. ის არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი კაიროში. ადგილი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ამ უცხო, რადიკალურად განსხვავებულ გარემოში შინ ვარ და არ უნდა მეშინოდეს არაფრის.

ჩემი დღე იწყებოდა, ძირითადად, დილის 10 საათზე, ყავითა და ხილით. გავდიოდი სახლიდან, ჩავდიოდი დოკის მეტროში, ამოვდიოდი შოჰადის სადგურზე, ვჯდებოდი მიკროავტობუსში (ვიმედოვნებდი, რომ შუაგზაში მძღოლი თავის ნათქვამს არ შეცვლიდა და სასურველი გაჩერების ნაცვლად, თავს სხვა გაჩერებაზე არ ამომაყოფინებდა) და მივდიოდი ლექციაზე. ლექციიდან ისევ უკან, დოკისკენ.

დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად კაიროს სანახაობებს ვათვალიერებდი. ეგვიპტის რამდენიმე ქალაქსაც ვესტუმრე და ვნახე უდაბნო, საოცარზე საოცარი ადგილი დედამიწაზე.

– რა უპირატესობა აქვს ეგვიპტეში მიღებულ ცოდნას ? იქ სწავლის პერიოდში თუ აღმოაჩინე გარკვეული ხარვეზები ჩვენი განათლების სისტემაში?

ეგვიპტეში მიღებული ცოდნა, ისევე, როგორც, ალბათ, სხვა არაბულ ქვეყანაში, პრაქტიკულია და ესაა საუკეთესო რამ, რაც, ჩემი აზრით, ენის შესწავლისას გჭირდება. პირველი ორი თვის განმავლობაში ძალიან მიჭირდა ლექტორების მეტყველების გაგება, მიჭირდა საუბარი, თითქმის ვერ ვაყალიბებდი სათქმელს. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ მოსმენა, მეტყველება, წერა და კითხვა დამოუკიდებელი კომპონენტებია და თუ კარგად წერ ან კითხულობ, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგად გესმის ან კარგად საუბრობ. ლექციები არაბულად მიტარდებოდა, არაბული მესმოდა ქუჩაში… მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეგვიპტურ დიალექტზე საუბრობს, ეს მაინც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო და იმედი მაქვს, სამომავლოდ ამ დიალექტსაც შევისწავლი.

განათლების სისტემაში ხარვეზებზე ვრცლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე აუცილებლად მიმაჩნია აზრის დაფიქსირება. ჩვენს ფაკულტეტზე არსებობს პროგრამა, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტში არაბულენოვანი ლექტორი იწყებს მუშაობას, რომელსაც კვირაში რამდენიმე სალექციო საათი ეთმობა. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ კომპეტენტური პირები ყურადღებას მიაქცევენ ამ ლექტორთა პროფესიონალიზმს და ამგვარად შეარჩევენ მათ.

– უახლოეს მომავალში რას გეგმავ?

პირველ რიგში, ვგეგმავ, რომ ეს ზაფხული დავიტვირთო. გიდად ვიწყებ მუშაობას და ვფიქრობ, ჩემთვის ესეც კარგი გამოცდილება იქნება. რაც შეეხება ეგვიპტეს, ერთი წელი დამრჩა თსუ-ში და მინდა, სწავლის დასრულების შემდეგ ისევ დავუბრუნდე კაიროს. ვიმედოვნებ, გამომივა და როგორც ვთქვი, ეგვიპტურ დიალექტსაც ვისწავლი. დანარჩენი კი ვნახოთ, წინასწარ ვერავინ იტყვის რა და როგორ იქნება.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

901 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში