10 წიგნი, რომელთა წაკითხვის შემდეგ ცხოვრება შეგიყვარდებათ

ლიტერატურული გვერდი

ხშირად ცხოვრებაში არსებული სირთულეები მოტივაციის დაკარგვას და დეპრესიას იწვევს. ეს ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც ან ვიღაც იმედის მომცემი. გთავაზობთ 10 წიგნს, რომელთა წაკითხვის შემდეგ ცხოვრება შეგიყვარდებათ და რომელთა დახმარებითაც ბევრი რამის გადაფასებას შეძლებთ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

1. ჯერალდ დარელი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ – ეს ბრწყინვალე მონათხრობი – პირველი ნაწილია მწერალ-ნატურისტის ჯერალდ დარელის ცნობილი ტრილოგიისა, რომელიც მოგვითხრობს საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გატარებულ ბავშვობაზე. იგი გონებამახვილურად გვიყვება საოცარ ცხოველებზე და მათ სახალისო ქცევებზე. წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ რწმუნდები, რა მშვენიერია სამყარო.

2. აბდელ სელუ – „შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება“ – ფრანგული ფილმის „ხელშეუხებელნი“ („1+1“), მთავარი გმირების ნამდვილი ამბავი. ეს არის გასაოცარი ისტორია ორი ადამიანის მეგობრობაზე, რომელთა ცხოვრების გზები წესით არასდროს გადაიკვეთებოდა – პარალიზებული ფრანგი არისტოკრატისა და უმუშევარი ალჟირელი ემიგრანტის. მაგრამ ისინი შეხვდნენ და მათი ცხოვრება შეიცვალა.

3. ელინორ პორტერი – „პოლიანნა“ – რამდენად მარტივია ცხოვრებაში მხოლოდ ნათელი მხარის დანახვა? სავარაუდოდ, არც ისე: რადგან ჩვენ ხომ ზრდასრულები ვართ, მრავალი პრობლემით გარემოცულნი, მშვენივრად ვიცით, რომ ბევრი კარგი არ არსებობს. მაგრამ თუ ბედნიერებას თამაშად ვაქცევთ, შემდეგ კი  ცხოვრების პრინციპად, შესაძლოა რეალობას სხვა თვალით შევხედოთ? პოლიანნას ისტორია – ყველაზე ჭეშმარიტი ანტიდეპრესანტია.

4. კენ კიზი – „მეზღვაურის სიმღერა“ – კენ კიზი დიდი ხანი ემზადებოდა ამ სიმღერისთვის, მწერლობის მრავალწლიანი დუმილის შემდეგ შეიქმნა იგი – სიმღერა ალიასკაზე, მკაცრ მხარეზე, უბრალო ადამიანებზე და ზღვაზე. სიმღერაში, რომელშიც ასე მძვინვარებს სარკაზმი, მწვავე იუმორი, გვეჩვენება, რომ მკითხველი ცხოვრების ფსკერამდე ჩაჰყავს, რათა შემდეგ ამოიყვანოს სინათლეზე და დამუხტოს სიცოცხლის  ჭეშმარიტი და უკვდავი სურვილით.

5. ნარინე აბგაიანი – „მანუნია“ – ნათელი, მზის სხივებით დამუხტული და სამხრეთული ბაზრის სუნით გაჟღენთილი, შესანიშნავი, სახალისო მონათხრობი ბავშვობაზე, ორ მეგობარ გოგონა ზენარესა და მანუნიაზე, მრისხანე და კეთილ მანუნიას ბებიაზე, აგრეთვე მრავალ მათ ნათესავზე, რომლებიც გამუდმებით უცნაურ სიტუაციებში ხვდებიან. ეს არის სწორედ ის თბილი, ხალისიანი და მხიარული თავგადასავლებით სავსე ბავშვობა, რომელიც აბედნიერებს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.

6. რეი ბრედბერი – „ყინული და ცეცხლი“- ბუნების ექსტრემალური პირობების გამო პლანეტაზე ადამიანებმა ზრდა და დაბერება სულ რაღაც 8 დღეში დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა მოასწრონ სწავლა, დაოჯახება, შთამომავლობის დატოვება. ისინი ახერხებენ ბრძოლას, ეჭვიანობას, შურს – თითქოს მათ ათეულობით წელი ჰქონდეთ… მოკლე მონათხრობი, რომელიც გვასწავლის, რომ თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია ბევრი რამის მოსწრება – ან არაფრის კეთება, თუკი არ იქნება მონდომება.

7. დენი უოლესი – „ადამიანი – დიახ“ – დენი უოლესი ყველაფერზე პასუხობდა არას. უარს ეუბნებოდა კოლეგებსა და მეგობრებს, არ გადიოდა საღამოობით სახლიდან, ეუბნებოდა „არას“ საკუთარ თავს. ამის გამო მისი ცხოვრება მოსაწყენი იყო. საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ იგი დაადგა გზას, რომელიც არსად მიდიოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი შეხვდა იდუმალ ადამიანს, რომელთან ერთადაც ერთ საღამოს იმგზავრა ავტობუსით და წარმოთქვა სამი მაგიური სიტყვა, მისი ცხოვრება შეიცვალა.

8. ფენი ფლეგი – „ცისარტყელის ქვეშ“ – წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით პატარა ქალაქში და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იცნობთ მის ყველა მაცხოვრებელს, ყველა ოჯახს იმაზე უკეთ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თქვენ აკვირდებით მათ ცხოვრებას  და გრძნობთ სითბოს. ამბობენ, რომ მხოლოდ სიკეთის დანახვა რთულია: ამის გამო გვთვლიან მიამიტებად და არაშორსმჭვრეტელებად. მაგრამ ფენი ფლეგი – ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია გვაჩვენოს, რომ ცხოვრება გაცილებით უკეთესია, როდესაც მასზე დადებითად ფიქრობთ.

9. პელამ გ. ვუდჰაუსი – „ვუსტერების საგვარეულო ღირსება“ – პელამვუდჰაუსის წიგნები – ყველასათვის აღმოჩენაა, ვინც ეძებს მარტივ, დაუბრკოლებელ საკითხავს, ულევი პოზიტივისა და სიხარულის წყაროს. ჯივსის, ვუსტერისა და მთელი მათი გარემოცვის ისტორია გაჯერებულია ისეთი იუმორით, რომ მას შეუძლია აგიმაღლოთ განწყობა ნულიდან პლუს უსასრულობამდე.

10. ტერი პრატჩეტი –  „ხალხი, ანუ ოდესღაც ჩვენ დელფინები ვიყავით“ – თუ თქვენ უკვე იცნობთ სერ ტერენს პრატჩეტს, მის ნათელსა და მხიარულ სამყაროებს, ამ წიგნში იგი მაინც შეძლებს თქვენს გაოცებას. ეს ნაწარმოები უფრო სერიოზულია, ღრმა აზრის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ ორიენტირებულია მოზარდებზე. ძალიან ფაქიზი, შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ ყოველ ჩვენგანს უნდა სჯეროდეს რაღაცის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები