Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Graduation Party ქართულად

Graduation Party ქართულად
July 21
12:35 2018

სხვადასხვა ფერის მანტიები,  ჰაერში აფრიალებული ერთნაირი დიზაინის  ქუდები და უნივერსიტეტის ლოგოთი დამშვენებული შარფები – ეს გამოსაშვები საღამოსთვის საჭირო აქსესუარებია, რომლებითაც მომღიმარი, აწ უკვე კურსდამთავრებულები იმოსებიან და უნივერსიტეტის დამთავრებას აღნიშნავენ. ეს ამაღელვებელი დღე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვაგვარად აღინიშნება, თუმცა როგორც studinfo.ge-მ გაარკვია, ე.წ. „გრედუეიშენ ფართისთვის“ თითქმის ყველა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტი თავადვე არიგებს აქსესუარებს, რომლებიც ახალგაზრდებმა მალევე უკან უნდა დააბრუნონ. studinfo.ge დაინტერესდა, როგორია Graduation Party ქართულად.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამო პირველი კორპუსის ეზოში 28 ივლისს იგეგმება, სადაც ქუდების აყრის ცერემონიალი გაიმართება. გეგმავს თუ არა სხვა აქტივობებს თვითმმართველობა, სტუდენტებმა ჯერ არ იციან. ამის შესახებ studinfo.ge-ს თსუ-ის კურსდამთვარებული გვანცა შელია ესაუბრა:

„გრედუეიშენი 28 ივლისს გაიმართება, ვფიქრობ უნივერსიტეტი რაღაც გრანდიოზულს გვიმზადებს, რადგან ჩვენი გამოშვება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ემთხვევა. მანტიებსა და ქუდებს თავად უნივერისიტეტი გვათხოვებს, როგორც ვიცი 1 დღით ადრე გაგვატანენ. ამ ცერემონიალზე რეგისტრაცია წინასწარ გავიარეთ და ყველაფერი უფასოა. სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს თუ არა ექსკურსიას ან რამე სხვას ჯერ არ ვიცით. გასული წლების გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, მსგავსი რამ ამჯერადაც იქნება“, – ამბობს გვანცა.

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ინფორმაციით, გრედუეიშენი ივლისის ბოლოს იგეგმება, თუმცა უცნობია, რამდენად პომპეზური იქნება წლევანდელი ცერემონიალი:

„წელს უნივერსიტეტის აკრედიტაციაზე დიდი თანხა დაიხარჯა და არ ვიცი, როგორი სახე ექნება გამოსაშვებს. როგორც წესი, კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო უნივერსიტეტის ეზოში იმართება და ახალგაზრდები მანტიებსა და ქუდებს უნივერსიტეტისგან ნათხოვრობენ“,  -ამბობს კურსდამთავრებული.

ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის ქუდების აყრის ცერემონიალი დღეს, 21 ივლისს ლისის ტბაზე გაიმართება, მანამდე კი სტუდენტებმა სასწავლო წლის დამთავრება საკუთარი ხარჯებით აღნიშნეს, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ იყო ორგანიზებული:

„15 ივლისს სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა გამოსაშვები საღამო ერთ-ერთ ძალიან კარგ რესტორანში, სადაც არამხოლოდ კურსდამთავრებულები, სხვადასხვა კურსის სტუდენტებიც იყვნენ. კარგად გავერთეთ და მოვიწყვეთ ერთი დასამახსოვრებელი საღამო. რაც შეეხება ქუდებია ქუდების აყრის ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გეგმავს 21 ივლისს ვაკის პარკში, ჩატარდება კონცერტიც ორი არაჩვეულებრივი ბენდის მონაწილეობით. მანტიებიც და ქუდებიც უნივერსიტეტის ხარჯებითაა შეკერილი და სტუდენტებს სპეციალურად ამ დღისთვის ათხოვებენ“, – ამბობს ილიაუნის სტუდენტი რუსკა კვიციანი.

ჯიპაში კი გრედუეიშენი სექტემბერში იგეგმება. კურსდამთავრებულ სალომე თავდგირაძის თქმით, უნივერსიტეტი ყველაფრის ხარჯებს ფარავს. გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად სტუდენტებს უნივერსიტეტის მიერ დაქირავებულ მკერავებთან მანტიების შეკერვაში ფულის გადახდა არ მოუწევთ:

„გამოსაშვებ საღამოს ჯიპა სექტემბერში აკეთებს, ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იგეგმება, თუმცა ცნობილია, რომ მანტიებსა და ქუდებს თავად უნივერსიტეტი გვათხოვებს“, – ამბობს სალომე.

გამოსაშვები საღამო არ ჰქონია გორის უნივერსიტეტს. როგორც სტუდინფოს ნინო ჯაბახიძემ უთხრა, სტუდენტებს მანტიები ჟურნალისთვის ფოტოების გადასაღებად დაურიგეს და მალევე დააბრუნებინეს:

„მანტიები გვათხოვეს, რათა უნივერსიტეტის ჟურნალისთვის ფოტოები გადაგვეღო. დეკანმა გვითხრა, ღონისძიება მოგვიანებით ჩატარდებაო, მაგრამ ჯერ კიდევ ველოდებით სიახლეებს“, – ამბობს კურსდამთავრებული ნინო ჯაბახიძე.

ქუდების აყრის ცერემონიალი ტექნიკურ უნივერსიტეტში 14 ივლისს გაიმართა. კურსდამთავრებულ ანა გაბუნიას თქმით, უნივერსიტეტი სხვა ღონისძიებას არ გეგმავს:

„გეპეიში რაიმე ტიპის ღონისძიება არ ყოფილა და რამდენადაც ვიცი, არ იგეგმება. მანტიები და ქუდები დაგვირიგეს, ფოტოები გადავიღეთ, ადმინისტრაციულის ჰოლში ქუდების აყრის ცერემონიალი გაიმართა და მაშინვე დავაბრუნეთ“, – ამბობს ანა.

ჩვენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამ კურსდამთავრებულს ვკითხეთ, თუ როდის ჩატარდება Graduation Party, მაგრამ დანამდვილებით პასუხი არცერთმა მათგანმა არ იცოდა:

„სადიპლომოს დაცვა მაქვს თვის ბოლოს. გამოსაშვები, მგონი, მერე იქნება. არც ის ვიცი, თვითმართველობა გეგმავს თუ არა რამეს, კურსი ჯერ კვლავ გამოცდების ციებ-ცხელებაშია და დაგეგმილი არაფერი გვაქვს“,- ამბობს თაკო ქალდანი.

ანა მელიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დიპლომების გადაცემისა და ქუდების აყრის ცერემონიალია მის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ზამთარში იმართება:

„როგორც წესი, დიპლომების გადაცემისა და ქუდების აყრის ცერემონიალი დეკემბრის ბოლოს 26-29 დეკემბერს იმართება. საჭირო აქსესუარებს უნივერსიტეტი გვთხოვნის.  კონცერტი არ ტარდება, ხოლმე. სიტყვით გამოდიან სტუდენტები და ლექტორები. როგორც წესი, ტორტითაც გვიმასპინძლდებიან. შედარებით ახალი ტრადიციაც გვაქვს – კურსდამთავრებულები სპეციალურ დაფაზე საკუთარ სახელებს აჭედებენ. თავისუფალ უნივერსიტეტს თვითმართველობა არ ჰყავს, შესაბამისად, სხვა მასშტაბური არაფერი იგეგმება. ჩემმა კურსმა ბანკეტის სტილში აღვნიშნეთ უნივერსიტეტის დამთავრება და სამი დღე ზღვაზეც ვიყავით“, – ამბობს ანა.

ნათია ხუნაშვილმა წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა და მოუთმენლად ელოდება გრედუეიშენს, რომელიც სექტემბერში გაიმართება:

„გამოსაშვები წესით ივლისში უნდა ყოფილიყო, თუმცა სექტემბრისთვის გადაიტანეს. ქუდებითა და მანტიებით უნივერსიტეტი უზრუნევლგვყოფს. სავარაუდოდ, ჩატარდება კონცერტიც და გვექნება ტორტიც. გასულ წელს გრედუეიშენი ექსპო ჯორჯიას პავილიონში მოეწყო და წელს სად ჩატარდება ჯერჯერობით უცნობია“, – ამბობს ნათია.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

337 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2018
M T W T F S S
« Jun   Aug »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031