ზაფხულში წასაკითხი 10 გამორჩეული წიგნი

თავისუფალი დრო

ზაფხული და ლიტერატურა ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. ლიტერატურის მოყვარულთათვის წელიწადის ამ დროს ნამდვილი ზეიმი იწყება. გრძელი დღეები, ულევი ენერგია და საზაფხულო არდადეგები კარგი წიგნების წასაკითხად იდეალური წინაპირობაა. საქართველოში 2017-2018 წელი ლიტერატურული თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ერთი წლის განმავლობაში არაერთი გამორჩეული რომანი ითარგმნა ქართულ ენაზე. გარდა ამისა, ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. ზაფხულისთვის კი, უამრავი წიგნი დაგვიგროვდა წასაკითხად.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

გთავაზობთ ათ წიგნს, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

1. ჯეიმს ბალარდი, “შეჯახება” – ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთ აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი. თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოში ავტოკატასტროფების შედეგად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. პარადოქსია, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობას აღწერს მწერალი ჯეიმს ბალარდი თავის წიგნში, რომლის პერსონაჟს, ტელემეცნიერ ვონს, საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ ტეილორთან ერთად…

2. ემა კლაინი, “გოგონები” – ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით. ივი მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას… გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება…

3. დევიდ მიჩელი“ღრუბლების ატლასი” – ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი “ღრუბლების ატლასი” ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

4. ალან მური ,“დარაჯები” – ალან მური, შეიძლება ითქვას, გრაფიკული თხრობის მედიუმში ყველაზე ცნობილი ავტორია. ის არის უამრავი ჯილდოს მფლობელი ისეთი ნაწარმოებებისთვის, როგორებიცაა: „V ანუ ვენდეტა“, „ჯოჯოხეთიდან“, „მარველმენი“ და „ჭაობის არსება“. მის სახელს უკავშირდება “America’s Best Comics”-ის ხაზი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ნიჭიერ ილუსტრატორთან ერთად შექმნა „გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა“, „პრომეთეა“, „ტომ სტრონგი“, „ხვალის ამბები“ და „ტოპ ათი“. როგორც ჟანრის უმნიშვნელოვანესმა ნოვატორმა, ალან მურმა 1980-იანი წლების შემდგომ დიდი გავლენა იქონია კომიქსების ავტორთა მთელ თაობებზე. მისი ნაწარმოებები ისევ პოპულარულია, მკითხველთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება.

5. ვირჯინია ვულფი“ორლანდო” – ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა ზემოქმედების უცნაურ ძალას- აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ”.

6. იოზეფ როთი, “რადეცკის მარში” – ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში.

7. იტალო კალვინო, “თუ ზამთრის ღამით მოგზაური” – პოსტმოდერნული რომანი. ჰიპერრომანი. მეტარომანი. ათასნაირად მოინათლა კალვინოს ეს წიგნი გამოსვლისთანავე. მკითხველი მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში, გზას, რომელსაც დაადგება, ამბავს, რომელსაც დაამთავრებს. ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან, არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია. დაბოლოს, როცა წიგნს ხურავს, ხვდება, რომ იმ გზის გასავლელად, იმ წრედის შესაკრავად სულაც არ ყოფილა აუცილებელი ამბის დასრულება. მეტიც: ისიც კი არ ყოფილა აუცილებელი, ამბავს დასასრული ჰქონოდა.

8. ჟოზე სარამაგუ, “კაენი” – სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.

9. დაგლას ადამსი, “რესტორანი სამყაროს დასალიერში” – კოსმოსი დიდია. ძალიან დიდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ფართოდ, წარმოუდგენლად, გასაგიჟებლად დიდი რამეა. გარდა ამისა, კოსმოსი ათასგვარი მზაკვრობითაა სავსე. დედამიწის მკვიდრს, რომლის ერთადერთ ქოხმახს საგზაო დეპარტამენტი ბულდოზერებით გასრესას უპირებს, შეიძლება მხსნელად ბეთელჰეიზელი მოევლინოს, მთელი ცხოვრება მის მეგობრად რომ მოჰქონდა თავი, და გაცილებით მასშტაბური საფრთხისგან იხსნას იგი.
ასე უბრალოდ შეიძლება იქცე კოსმოსურ ჰიჩჰაიკერად – არსებად, რომელიც ცერის ერთი აწევით შეიძლება გალაქტიკის ნებისმიერ წერტილში მოხვდეს და ყოველგვარ მოულოდნელობას გადაეყაროს. მეტიც: კოსმოსმა შეიძლება სასიკვდილო საფრთხეზე გაცილებით უარესი სიურპრიზებიც შემოგთავაზოს, როგორიცაა, მაგალითად, ვოგონების პოეზიის საღამოზე დასწრება…

10. თემურ ბაბლუანი, “მზე, მთვარე და პურის ყანა” – „სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები“.

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანა(მანუშაკა მელოდება)” სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები