თბილისში „ღამის ავტობუსი“ იმოძრავებს

მხიარული ინფო

დღეიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ავტობუსს ექნება წარწერა – „ღამის ავტობუსი“.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი ისე დაიგეგმა, რომ მოიცავს დედაქალაქის უმეტეს ნაწილს და მგზავრებს გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშირებს.

მეერიის ცნობით, ავტობუსი მოძრაობას მეტროს სადგურ „ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, „ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება. შემდეგ, ის გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. ის გზას გორგასლისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდეგ ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო „ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო „ვარკეთილთან“ დაასრულებს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის

მერიის ინფორმაციით, საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. გარდა ამისა, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები