5 დასამახსოვრებელი ფილმი საკურორტო რომანის შესახებ

თავისუფალი დრო

არავინ იცის, როგორ დასრულდება მორიგი სასიყვარულო გატაცება. საზაფხულო კურორტი ხშირად უდებს საფუძველს დასამახსოვრებელ რომანს. მსგავსი ისტორიები შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა ისეთი, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

„დრეიფი“ – ტამი ოლდჰემი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც მოგზაურობა ძალიან უყვარს. ტაიტიზე ის შემთხვევით რიჩარდ შაპს გაიცნობს და მათ შორის ნამდვილი საკურორტო რომანი გაჩაღდება. სიუჟეტის განვითარება ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. რიჩარდი ამერიკის სანაპიროებზე იახტით მოგზაურობას თანხმდება, რომლის დროსაც ძლიერი შტორმი იჩენს თავს. შეყვარებულები გადარჩენისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან. მთავარ როლებს ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მსახიობები – შეილინ ვუდლი და სემ კლაფლინი განასახიერებენ.

„ექვსი დღე, შვიდი ღამე“ – ჰარისონ ფორდის და ენ ჰეჩის პერსონაჟები ვერტმფრენით მგზავრობისას დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რთულ პირობებში ყოფნისას, მფრინავს და ახალგაზრდა ჟურნალისტს ერთმანეთთან კომპრომისის გამონახვა უჭირთ, თუმცა ბრაზი მალე რომანტიკულ გრძნობაში გადაიზრდება.

„დიდი შხეფი“ – როგორც წესი, საკურორტო რომანი ორ უცნობ ადამიანს შორის გაჩაღდება, თუმცა აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იტალიის სამხრეთით, სადაც როკვარსკვლავი საყვარელთან ერთად ისვენებს, მისი ყოფილი ქმარი ქალიშვილთან ერთად ჩადის. ცნობილი ვარსკვლავის შეყვარებულს ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა შეუყვარდება, ხოლო მამამისი ქალბატონის დაბრუნებას ცდილობს. ტილდა სუინტონი და რეიფ ფაინსი მაყურებელს საოცარი თამაშით მოხიბლავენ.

„წერილები ჯულიეტას“ – შთამბეჭდავი ისტორია იმის შესახებ, რომ ვერონამ, სადაც რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ, შესაძლოა სიყვარულის მაძიებელი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. ახალგაზრდა ამერიკელი სოფია მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვება, რომლის წევრებიც „ჯულიეტას წერილებს“ პასუხობენ. წერილებში ადამიანები საკუთარი სასიყვარულო ისტორიების შესახებ მოგვითხრობენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯერ კიდევ 1960 წელსაა გამოგზავნილი, გოგონას შთაგონებას სძენს და მისი ავტორის პოვნა სურს. სოფია მოხუც ბრიტანელს იტალიაში შეხვედრისთვის ითანხმებს, რათა ყოფილი შეყვარებული აპოვნინოს, რომელზეც წერილში საუბრობს. მას მოგზაურობაში შვილიშვილი – ახალგაზრდა მამაკაციც მიყვება, რომელსაც რომანტიკის საერთოდ არ სჯერა.

„ტოსკანას მზის ქვეშ“ – კვლავ დავუბრუნდეთ იტალიას: ამჯერად ტოსკანაში მიემართება მწერალი, რომელმაც ქმართან განშორება მძიმედ გადაიტანა და შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ფრენსის მეისი ადგილობრივი პეიზაჟებით დიდ ინსპირაციას იღებს, მზადაა სამუდამოდ თქვას უარი ყოფილ ქმარზე და ახალ ურთიერთობას შეეგებოს.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები