საქართველოში სტუდენტების 43,5% საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად მუშაობს – კვლევა

აქტუალური

ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ. დასაქმებულები მუშაობის მიზეზად, ყველაზე ხშირად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღებას ასახელებენ.

საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად მუშაობაც ხშირად უწევთ. მათი მხრიდან შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მცდელობებს სხვადასხვა მიზეზი აქვს: ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას/დაგროვებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა “ევროსტუდენტი VI-“ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ – მათი 30% არის დასაქმებული დროებით ან მუდმივ სამსახურში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში კი სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

საინტერესოა, სტუდენტების სამუშაო სფეროსა და სასწავლო პროგრამის კავშირი – დასაქმებული ქართველი სტუდენტების ნახევარზე მეტისთვის (63%) სამუშაო ახლოს არის მის სასწავლო პროგრამასთან, 37% კი, შესაბამისად, განსხვავებულ სფეროში მუშაობს.

კვლევა „ევროსტუდენტის“ ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა ასევე, უპასუხეს კითხვას, თუ როგორ უფრო აღიქვამდნენ ისინი თავს – დასაქმებულებად თუ სტუდენტებად. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტების 70% თავს პირველ რიგში სტუდენტად მიიჩნევს და შემდეგ დასაქმებულად, 30% კი პირიქით.

სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.

დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25,3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.

წყარო: ipm.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები