“აქ არ არსებობს წინასწარ გაწერილი დავალებები ან წასაკითხი მასალები” – ქართველი სტუდენტი ლონდონიდან

ინტერვიუ

მეგი ქარცივაძე ინგლისში, London’s Global University-ს სამაგისტრო  პროგრამაზე სწავლობს. მისი სპეციალობა რუსეთისა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემსწავლელი მეცნიერებებია. საქართველოში მან თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა დაამთავრა. ლონდონში  სწავლის დაწყებიდან მალევე ის სამეცნიერო ჟურნალის, Slovo UCL-ის აღმასრულებელ რედაქტორად დაინიშნა.

თუ როგორ სწავლობს და მუშაობს საზღვარგარეთ, ასევე რას გეგმავს ის  მომავალში,  ამის შესახებ მეგი ინტერვიუში გვესაუბრება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– მეგი, როგორ შეარჩიე უნივერსიტეტი სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად?

– დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მინდოდა, რუსეთისა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემსწავლელ მეცნიერებებზე. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა დამთავრებული ბაკალავრიატი. საკმაოდ დიდი ხანი ვეძებდი ჩემთვის სასურველ პროგრამებს უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე. ასევე რჩევებს ვისმენდი ჩემი ლექტორებისგან. ამ პროცესში განსაკუთრებულად დამეხმარა ჩემი საბაკალავროს ხელმძღვანელი და ლექტორი, ნუცა ბათიაშვილი. 3-წლიანი კვლევა-ძიების შედეგად, აპლიკაციები გავაგზავნე UCL-ში, University of Glasgow-ში, University of St. Andrews-სა და ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (CEU). ოთხივე უნივერსიტეტიდან თანხმობა მივიღე, თუმცა საბოლოოდ არჩევანი UCL-ზე შევაჩერე, რადგან აქ სწავლა და ცხოვრება სრულად დამიფინანსა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Chevening Scholarship-ის ფარგლებში, რომელმაც ჩემ გარდა წელს კიდევ 16 ქართველი სტუდენტი დააფინანსა. გარდა ამისა, UCL უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო 20-ეულშია, ჩემი დეპარტამენტი School of Slavonic and East European Studies კი ერთ-ერთი მოწინავეა პოსტ საბჭოთა სივრცის კვლევებში, რამაც ჩემს გადაწყვეტილებაში ასევე დიდი როლი ითამაშა.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

– ამჟამად ვცხოვრობ ლონდონში ჩემს მეგობართან ერთად, რომელმაც ასევე Chevening-ის დაფინანსება მოიგო. გრაფიკი საკმაოდ გადატვირთული მაქვს არა ლექციების გამო, არამედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრია წასაკითხი და საწერი. იმდენად დიდი რაოდენობის მასალებზე მაქვს წვდომა UCL-ის ბიბლიოთეკის წყალობით, რომ ძალიან ძნელია იმის ამორჩევა, თუ რა წავიკითხო და რა – არა. აქ სულ 1 წლით ვარ, ამიტომ მინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ის ყველაფერი, რაზეც აქ მიმიწვდება ხელი და ფაქტობრივად ჩემი დროის უდიდესი ნაწილი კითხვაში იხარჯება. გარდა ამისა, სწავლის დაწყებიდან მალევე დავინიშნე School of Slavonic and East European Studies სამეცნიერო ჟურნალის SLOVO Journal აღმასრულებელ რედაქტორად, რომელიც UCL-ის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების მიერ იმართება და ცენტრალური და აღმოსავლეთის ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, გარდა ჩემი წასაკითხი და საწერი მასალებისა, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზეც მეხარჯება. ჩემი ძირითადი მოვალეობებია: სარედაქციო საბჭოს საქმიანობის მენეჯმენტი, საერთაშორისო ექსპერტებთან და ავტორებთან კომუნიკაცია და ჟურნალის კონცეფციის განსაზღვრა.

– მოგვიყევი შენი პროგრამის შესახებ, რას გულისხმობს და რატომ დაინტერესდი ამ მიმართულებით?

– რუსეთისა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემსწავლელი მეცნიერებებით ჯერ კიდევ თავისუფალ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლის დროს დავინტერესდი. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მსურს საქართველოს საბჭოთა მემკვიდრეობა ვიკვლიო, ვინაიდან საბჭოთა კავშირში გატარებულმა 70-მა წელმა ქართულ კოლექტიურ მეხსიერებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. ამ ტრავმის დასაძლევად კი საჭიროა წარსულის სრულფასოვანი გააზრება, ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე – ახალი პოლიტიკის შემუშავება.

ამ საკითხით დაინტერესების გამო, მესამე კურსზე, სავალდებულო საგნის „ჯუნიორ პროექტის“ ფარგლებში, ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიმუშავე თემაზე „ლენინი და სტალინი თანამედროვე რუსეთისა და საქართველოს მეხსიერებაში“. ისე მოხდა, რომ მეც და ნუცაც ძალიან გაგვიტაცა ამ თემამ და მას შემდეგ, რაც მასზე მუშაობას მოვრჩით, გადავწყვიტე, რომ კვლავ ნუცას საგნის ფარგლებში „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ ჩემი თემა ეთნოგრაფიული მასალით გამემდიდრებინა და წავედი გორში, ქართველ „სტალინისტებთან“ ეთნოგრაფიის მოსამზადებლად. მალევე ნუცამ შემომთავაზა, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა მოხსენება ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ASN World Convention-ზე და ერთი წლის თავზე აქაც წავედით. ამის შემდეგ კი იყო ჩემი საბაკალავრო ნაშრომი “სტალინი და ქართული ნაციონალიზმი: პარადოქსული სიყვარული თუ ქართული კულტურული მეხსიერების ლოგიკა?” ისევ ნუცას ხელმძღვანელობით და კონფერენცია “Tradition and Innovation” ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სადაც წარვადგინე თემა “Collision between Tradition and Innovation: Two Waves of de-Stalinization”.

ამ გამოცდილებამ საბოლოოდ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სწავლა გამეგრძელებინა რუსეთის შემსწავლელ მეცნიერებებზე, რათა  რუსულ საგარეო პოლიტიკაზე  სიღრმისეული წარმოდგენა შემქმნოდა არა მარტო საქართველოსთან, არამედ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ასევე ეს პროგრამა საშუალებას მაძლევს ვისწავლო ისეთი საგნები, როგორებიცაა არაფორმალური მმართველობა და პრაქტიკები პოსტ-კომუნისტურ საზოგადოებებში, რუსეთის მონარქიის ისტორია, პოსტ საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის.

– რა განსხვავებას ხედავ ინგლისურ და ქართულ უმაღლესი განათლების სისტემებში?

– დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების მოდელი ქართული მოდელისგან ფუნდამენტურად განსხვავებულია. აქ არ არსებობს წინასწარ გაწერილი დავალებები ან წასაკითხი მასალები – კურსის დაწყების წინ გაძლევენ საკითხავი მასალების ძალიან გრძელ სიას და თავად უნდა გადაწყვიტო, რისი წაკითხვა გინდა და რისი – არა, რა იცი და რა – არა. შეფასებაც, ჩემი პროგრამის შემთხვევაში, ძირითადად საბოლოო კვლევით პროექტებზეა დამოკიდებული და არა – გამოცდებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აქაური მოდელი რადიკალურად განსხვავებულია ქართულისგან, მიმაჩნია, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა საკმაოდ მყარი საფუძველი მომცა იმისათვის, რომ მარტივად მოვრგებოდი აქაურობას.  არც თავისუფალში ითხოვდნენ წასაკითხი მასალების დაზეპირებას და შეფასებაც მეტწილად ანალიტიკურ ნაშრომებზე იყო დამოკიდებული, ხშირად გამოცდებიც ღია წიგნის პრინციპით გვიტარდებოდა.

– თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ ატარებ?

– თავისუფალი დრო ვცდილობ, რომ დავიტოვო, რადგან სხვაგვარად უბრალოდ „გადავიწვები“.  ამიტომ გარდა სწავლისა და პროფესიული განვითარებისა, შეძლებისდაგვარად, ვახერხებ  ყოველკვირეულად გარკვეული დრო გამოვყო დასვენებისა და როგორც ლონდონის, ასევე მთლიანად დიდი ბრიტანეთის დასათვალიერებლად. ძირითადად შაბათობით ახალ-ახალ ადგილებს ვსტუმრობ. მაგალითად, ახლა გეგმაში მაქვს ოქსფორდის მონახულება.

– რას გეგმავ მაგისტრატურის საფეხურის დამთავრების შემდეგ?

– მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ  საქართველოში ვბრუნდები – ეს ჩემი სურვილიცაა და Chevening-ის დაფინანსების მოთხოვნაც, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 2 წელი სამშობლოში გავატარო.

კონკრეტული გეგმები ჯერ არ მაქვს, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, რომ ზოგადად მომავალში მსურს აკადემიური საქმიანობა. გარდა ამისა, ძალიან მინდა, მომავალში School of Slavonic and East European Studies მსგავს დეპარტამენტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების გახსნაში მივიღო აქტიური მონაწილეობა, ვინაიდან ამას აქვს არა მარტო სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები გასაოცარ რესურსებს დებენ ამგვარი პროგრამების განვითარებაში რათა სამყაროს დღევანდელი პოლიტიკური წესრიგის შესახებ საკუთარი ნარატივი მიაწოდონ და ეს მაქსიმალურად გაავრცელონ იმ ადამიანებში, ვინც დიდი ალბათობით დასავლეთის მომავალი პოლიტიკური ლიდერები არიან, საქართველოს ხმა ამ დისკურსში ფაქტობრივად დაკარგულია.

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგამები უკვე არსებობს დასავლეთის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში, რუსთაველის ფონდის წყალობით, თუმცა აქ ყოფნისას კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ საქმეს მეტი რესურსი დაეთმოს და ქვეყნის ხედვა ამ პროგრამებთან მიმართებაში უფრო მკაფიო გახდეს. ეს კიდევ უფრო ცხადი, ჩემი აზრით, 20-25 წელიწადში გახდება. ამიტომ ამაზე დღესვე უნდა ვიზრუნოთ.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები