შეხვედრაზე გასათვალისწინებელი 9 რჩევა – ნუ დატოვებთ არაპროფესიონალის შთაბეჭდილებას

საინტერესო ფაქტები

შეხვედრაზე, როცა საუბარს არავის აცდით, თავის გამოჩენას ცდილობთ და „ბოსივით“ იქცევით, კოლეგები უკმაყოფილოები რჩებიან. მათ თვალში, აშკარად არაპროფესიონალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. თუ გსურთ, თქვენზე ასე არ იფიქრონ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ :

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ნურასოდეს დააგვიანებთ შეხვედრაზე. დათქმულ დროს, თუნდაც, 5 წუთი რომ გადააცილოთ, ე.ი. სხვების დროს არ აფასებთ. განსაკუთრებით, შემაშფოთებელია, თუ ეს ხშირად ხდება. ამიტომ, ეცადეთ, რამდენიმე წუთით ადრე მაინც მიხვიდეთ შეხვედრაზე.

ნუ იტრაბახებთ. ასეთი ხალხი ყველაზე მეტს ლაპარაკობს და ცოტა საქმეს აკეთებს. ეს დამსაქმებლებმაც კარგად იციან და თანამშრომლებმაც. ამიტომ, თავს ნუ შეიქებთ შეუსრულებელი დავალებების გამო, ჯერ გააკეთეთ და შემდეგ ისაუბრეთ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, გაცილებით მეტად დაგაფასებენ და პროფესიონალად ჩაგთვლიან.

არ იწუწუნოთ. არავის მოსწონს ისეთი კოლეგა, პარტნიორი ან თანამშრომელი, თითოეული დავალების მიცემაზე რომ წუწუნებს. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეთ, ეს ჩვევა დაივიწყეთ.

თავს ზედმეტად ნუ გამოიჩენთ. შეხვედრაზე ბევრი შეკითხვის დასმით, ყურადღებას იპყრობთ, მაგრამ ძალიან ბევრი შეკითხვა უკვე ზედმეტია. ასე, თითქოს, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება გსურთ და ცდილობთ, ყველას დაანახოთ, რა ჭკვიანი ხართ. სინამდვილეში, გარშემომყოფებს აღიზიანებთ. ეს არაპროფესიონალიზმის ნიშანია.

არ ჩაიცვათ შეუფერებლად. როგორი არაფორმალური შეხვედრაც არ უნდა იყოს, ისე ნუ მიხვალთ, თითქოს, ეს წამია, საწოლიდან წამოდექით. პატივი ეცით კოლეგებს, ხელმძღვანელებსა და პარტნიორებს. შესაძლოა, ძალიან კლასიკურად არ გამოიყურებოდეთ, მაგრამ საქმიანი იმიჯი აუცილებელია.

დაივიწყეთ „შატალოები“. გამოსასვლელ დღეებს ყველა ვიყენებთ. მაგრამ როცა Day Off  სისტემატურ ხასიათს იღებს და განსაკუთრებით იმ დროს ემთხვევა, შეხვედრაზე პრეზენტაცია რომ უნდა გააკეთოთ ან სიტყვით გამოხვიდეთ, ეს უბრალოდ არაპროფესიონალიზმია.

არანაირი კომპიუტერი და სმარტფონი. დაუშვებელია შეხვედრაზე, სოციალურ ქსელში „ძრომიალი“, SMS-ების გაგზავნა ან ტელეფონზე თამაში. ეს ნიშნავს, რომ დამსწრე საზოგადოებას, უბრალოდ, არ აფასებთ, უპატივცემულოდ ექცევით.

ნურავის შეაწყვეტინებთ საუბარს. როცა რაიმეს თქმა გსურთ, დაელოდეთ თქვენს რიგს. ნუ ეცდებით თავი გამოიჩინოთ და სხვას სიტყვა გააწყვეტინოთ.

დაუშვებელია ბილწსიტყვაობა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გარემოა შეხვედრაზე, ძალიან ფორმალური, თუ პირიქით – „შინაურული“. ნუ ეცდებით ამ კულტურის დანერგვას. ეს არაპროფესიონალურია.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები