Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“პირადად გაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც აქ მომავალს ქმნიან” – ქართველი სტუდენტი მილანიდან

“პირადად გაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც აქ მომავალს ქმნიან” – ქართველი სტუდენტი მილანიდან
November 28
11:52 2018

ქართველი სტუდენტი მილანიდან ელენე მაჩაიძე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტზე სწავლობს. იტალიაში სამაგისტრო პროგრამის გასავლელად მან განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და დღეს ერთ-ერთი სტიპენდიანტია. თუ როგორ აირჩია პროფესია, რა მოსწონს იტალიაში და რას გეგმავს მომავალში, ამის შესახებ ელენე ინტერვიუში გვესაუბრა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

– ელენე, არქიტექტურით როდის დაინტერესდი?

– არქიტექტურა ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო, რადგან მამაჩემიც არქიტექტორია. პატარაობიდანვე შეხება მქონდა მაკეტებთან, სახაზავებთან და ამ ჯადოსნურ სამყაროსთან. თავიდან ხატვა მომწონდა, შემდეგ არქიტექტურა, ამჟამად კი ურბანულ დაგეგმარებას ვსწავლობ მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

– საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის მინდოდა, რადგან ეს არის შანსი – გაიცნო და გაიზიარო ის გამოცდილებები, რაც ევროპაშია. განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო პროგრამის  სტიპენდიის კონკურსი რომ ვნახე, მივხვდი რომ შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა, ეს კიდევ ერთი ბიძგი იყო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიმეღო საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს უნივერსიტეტში?

– ჩემს უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო რამ ხდება, უამრავი საერთაშორისო სტუდენტია, ეს საშუალებას გაძლევს ბევრ ქვეყანაზე ინფორმაცია მიიღო, არა კულტურულ, არამედ პროფესიულ დონეზე, რაც ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის.

– შენი აზრით, რა არის ევროპაში მიღებული განათლების უპირატესობა?

– პირველ რიგში, უპირატესობა ისაა, რომ ეცნობი რეალურ ევროპულ გამოცდილებებს, მათ შეცდომებსა და წარმატებებს აანალიზებ. პირადად გაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც აქ “მომავალს” ქმნიან. ცხადია, ევროპაში სწავლა და ცხოვრება კიდევ ერთი დიდი გამოცდილებაა, რომელიც როგორც პიროვნებას ბევრად გზრდის.

– იტალიური არქიტექტურის ნიმუშებიდან რომელს გამოყოფდი და რატომ? 

– იტალიური არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია, რაც ოდესმე მინახავს. ერთის გამორჩევა ნამდვილად მიჭირს, მაგრამ რომის პანთეონი ის ნიმუშია, რომელმაც გამაოცა. საუკუნეების წინ შექმნილი სივრცე, შთამბეჭდავი გუმბათი საიდანაც ჰაერისა და სინათლის თამაშით, რეალური განზომილება გავიწყდება.

– რა საერთოსა და განსხვავებას ხედავ იტალიელებისა და ქართველების ყოველდღიური ცხოვრების სტილში?

– იტალიელები და ქართველები მართლაც გვანან ერთმანეთს. ჩვენსავით მხიარულები, ხმაურიანები და არაპუნქტუალურები არიან. მთავარი განსხვავება, ალბათ, ისაა რომ იტალიაში ყველაფერი ძალიან ლამაზია, ესთეტიკის განცდა უმაღლეს დონეზე აქვთ, დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი თავის ვიზუალს, სივრცის თუ უბრალო პლაკატის დიზაინსაც.

– რას გვეტყვი შენს სხვა ინტერესებსა და ჰობიზე?

– გამომდინარე ჩემი პროფესიიდან მოგზაურობა ჩემი საყვარელი საქმის განუყრელი ნაწილია, ამიტომ მხოლოდ ჰობის ვერ დავარქმევდი, ბევრად მეტია ვიდრე ჰობი. მიყვარს ქაოსურ ქვეყნებში მოგზაურობა, ახალი ადამინების გაცნობა  და მათი სამზარეულოს დაგემოვნება. მოგზაურობა ყოველთვის შთამაგონებს რაღაც ახალს. ჩემი ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა ინდოეთში, გარდამტეხი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისთვის, ასევე პროფესიონალისთვის. სწორედ იქ გადავწყვიტე რომ ურბანული დაგეგმარება ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის.

– როგორია შენი გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ?

– სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში მინდა დაბრუნება, რადგან ჩემი სფერო იმდენად დაბალ დონეზეა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს განვითარება ნამდვილად სჭირდება. ჩემთვის დიდი პატივი იქნება საკუთარი წვლილის შეტანა და ამ კუთხით საქართველოს განვითარება. ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესო სივრცეა სამუშაოდ, ყველაზე მეტად მაინტერესებს რეგიონებში მუშაობა. რა გზით ვაპირებ ამას, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, რადგან 2-თვიანმა სწავლის პროცესმა უკვე საკმაოდ შეცვალა ჩემი ხედვები, ვფიქრობ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კონკრეტული გეგმების გაზიარების შემეძლება.

ავტორი: ნათია ზარიძე

787 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2018
M T W T F S S
« Oct   Dec »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930