“პროფესიონალიზმის გაცილებით მაღალი დონე დამხვდა უნივერსიტეტში” – ქართველი სტუდენტი უნგრეთიდან

ინტერვიუ

მარიამ წივწივაძე უნგრეთში, ოიტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია. საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად მან განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მოიპოვა და ბუდაპეშტში ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.

რატომ აირჩია ეს პროფესია, როგორ ცხოვრობს და სწავლობს უნგრეთში, ამის შესახებ მარიამი ინტერვიუში გვიყვება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

– მარიამ, ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს სამართლით როდის და რატომ დაინტერესდი?

– ზოგადად საერთაშორისო სამართალი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, ბაკალავრის პირველი კურსიდანვე. მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ICC Moot Court Competition-ში ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში, თუმცა აღნიშნული შეჯიბრის თემატიკა არა საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, არამედ საერთაშორისო სისხლის სამართალი იყო. ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხება ამ პროფესიასთან, რის შემდეგაც გადავწყვიტე გავცნობოდი მის სხვა მიმართულებებსაც და ყველაზე საინტერესო საერთაშორისო, კონკრეტულად კი ევროპული ბიზნეს სამართალი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოში ხსენებული მიმართულებით ფორმალური განათლების მიღების ძალიან მცირე შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამა მომეძებნა. ასე აღმოვაჩინე Stipendium Hungaricum, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა ამ მიმართულებით გამევლო ძალიან საინტერესო Advanced Master-ის პროგრამა, ბუდაპეშტში, Eotvos Lorand University-ში.

– IEC-ის კონკურსში გამარჯვების მოლოდინი თუ გქონდა?

– რაც შეეხება იმას თუ რამდენად ველოდი გამარჯვებას, ველოდი, რა თქმა უნდა, რადგან საკმაოდ მაღალი ჯიპიაი მყავდა საქართველოში ბაკალავრზეც და მაგისტრატურაშიც. გარდა ამისა, მქონდა ბევრი საკმაოდ წონადი და საინტერესო აქტივობა არაფორმალური განათლების მიმართულებით, სამუშაო გამოცდილება და რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, კონკურსის მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებდი. ასევე საკმაოდ წარმატებით გავიარე გასაუბრების ეტაპიც, შესაბამისად გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად მქონდა.

– გაგვიზიარე პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებები…

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება, ალბათ, ის იყო, რომ პროფესიონალიზმის გაცილებით მაღალი დონე დამხვდა უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი ჩემს პროგრამაზე, ვიდრე ველოდი. ასევე ძალიან მომწონს პროგრამის ინტერნაციონალური ხასიათი და მიხარია, რომ რადიკალურად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან მაქვს ურთიერთობა და ბევრ საინტერესო ადამიანს და მეგობარს ვიძენ. ეს თანმხლებია მსგავსი პროგრამების და ჩემი ხედვით ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

– ვცხოვრობ ბუდაპეშტში, საერთო საცხოვრებელში, ორ ქართველ სტუდენტთან ერთად. კვირაში ორჯერ მაქვს სალექციო საათები, დაახლოებით 6-7 საათის განმავლობაში. დანარჩენ დროს ძირითადად ან ვმეცადინეობ, ან უნგრეთის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას ვეცნობი. გარდა ამისა, დისტანციურად ვმუშაობ, იურისტის პოზიციაზე, საქართველოში არსებულ ავიცენას საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში, რომლის დამფუძნებელიც ირანელი ინვესტორია და სურს საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში ინვესტიცია განახორციელოს.

– რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო და რთული შენს პროფესიაში?

– ყველაზე საინტერესო ის მორალური საწყისებია, რომელზეც სამართალმცოდნეობის მთელი სამეცნიერო თუ პრაქტიკული ნაწილი დგას. ეს არის მეცნიერება მაღალი ადამიანური და ზნეობრივი ღირებულებების შესახებ, რომელიც მოიცავს უამრავ საინტერესო და პრობლემურ საკითხს, რომელთა სამეცნიერო კვლევის შედეგებიც მეტად საჭიროა საზოგადოების განვითარებისთვის. ყველაზე დიდი სირთულე კი სწორედ ის არის, რომ ზოგჯერ თავად აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებსაც კი არ ესმით სრულფასოვნად მისი არსი და ვერ ხედავენ იმ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომელსაც სამართალი გვაძლევს სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად.

– რას ნიშნავს შენთვის გქონდეს ევროპაში მიღებული განათლება?

– მსოფლმხედველობის არეალის გაზრდის შესაძლებლობას, შესაძლებლობას ვიყო მონაწილე საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესისა. რადგან, როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროპაში, რომელსაც ძალით დაგვაშორეს.

– თავისუფალი დრო რამდენად გრჩება და როგორ ატარებ?

– არასაგამოცდო პერიოდში თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა, მრჩება. ვცდილობ ეს დრო ძირითადად უნგრეთის საინტერესო ადგილების ნახვასა და კულტურის გაცნობას დავუთმო.

– როგორია შენი გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ?

– სწავლის დამთავრების შემდეგ მინდა დოქტორანტურაზე ჩავაბარო, ოღონდ დიდი ალბათობით დოქტორანტურას ინგლისში ან ამერიკაში გავივლი. ჯერჯერობით, საბუთები არ შემიტანია, აქედან გამომდინარე ზუსტად უნივერსიტეტს ვერ გეტყვით. ასევე მინდა პროფესიული განათლების საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი მოვიპოვო გაეროს ეგიდით არსებული შესაბამისი პროგრამის გავლის შედეგად და ვიმუშაო აღნიშნული  მიმართულებით.

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები