Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“ამ ორი ქვეყნის განათლების სისტემა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან” – ქართველი სტუდენტი გერმანიიდან

“ამ ორი ქვეყნის განათლების სისტემა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან” – ქართველი სტუდენტი გერმანიიდან
January 26
12:18 2019

ქეთი ბენაშვილი გერმანიაში, ბუცერუსის სამართლისა და ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. სწავლის პარალელურად ის ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში, იურიდიულ დეპარტამენტში გადის სტაჟირებას და ამგვარად საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს.

როგორ აირჩია მომავალი პროფესია, რა ბარიერები გადალახა უცხო ქვეყანაში და რატომ ურჩევს სხვებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას? – ამ თემებზე ქეთი ინტერვიუში გვესაუბრება.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– ქეთი, სამართლისა და ბიზნესის პროგრამა რატომ აირჩიე?

– სამართლისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის არჩევა უმეტესად ბიზნესის სფეროსადმი ჩემმა ინტერესმა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო/ბიზნეს სამართლის იურისტად ვმუშაობდი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მხოლოდ სამართლებრივი რეგულაციების, კანონების ან სასამართლო პრაქტიკის ცოდნა  ბიზნეს სამართალში სრულფასოვანი იურიდიული კონსულტაციის გასაწევად ან იურიდიული დოკუმენტის მოსამზადებლად საკმარისი არ იყო. სამწუხაროდ, საქართველოში იურიდიული განათლება ბიზნეს სამართლის მიმართულებით მხოლოდ სამართლებრივ რეგულაციებზეა ორიენტირებული. ამ სფეროში მოღვაწე იურისტისთვის ბიზნეს სფეროს საფუძვლების ცოდნა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ, სამართლისა და ბიზნესისათვის საერთო დარგების დაუფლების სურვილმა განაპირობა ჩემთვის სამართლისა და ბიზნესის პროგრამის არჩევა. პროგრამა სტუდენტებს არა მხოლოდ სამართლებრივი საკითხების სიღრმისეულ გააზრებას სთავაზობს, არამედ იგი სწორედ სამართლისა და ბიზნესის სფეროს იმ საერთო, შემაერთებელ მონაკვეთებს ეხება, რომლებსაც აღნიშნული ორი დარგი იზიარებს.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება?

– ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ  თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე, პარალელურად უკვე გადაწყვეტილი მქონდა საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება. საბოლოოდ, არჩევანი ბუცერიუსის სამართლის სკოლაზე შევაჩერე, სამაგისტრო პროგრამის განსხვავებული და ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე. ჩარიცხვის წერილის მიღებიდან მოკლე პერიოდში სამართლის სკოლამ სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით შემატყობინა, რის შემდგომაც, უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე სწავლის გერმანიაში გაგრძელება.

– მოგვიყევი პირველი პერიოდის სირთულეებსა და შთაბეჭდილებებზე…

– საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო ოჯახის, მეგობრების, სამსახურის დატოვება. ამავდროულად, ფინანსური საკითხების მოგვარებაც ბევრ პრობლემას უკავშირდება. მეორე მხრივ, თანამედროვე, 21-ე საუკუნისთვის რელევანტური ცოდნისა და გამოცდილების მიღების სურვილმა, ბევრი სიძნელე გადამალახვინა. მთავარ სირთულეებად მაინც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებასთან, ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვასთან და სრულიად უცხო გარემოში ადაპტირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს დავასახელებდი.

შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, პირველ რიგში, აღვნიშნავდი სამაგისტრო პროგრამის მრავალფეროვან კულტურულ გარემოს, რომელიც პირადად ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ევროპელ სტუდენტებთან ერთად პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან, ინდოეთიდან, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემთვის ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც მივხვდი, რომ  სხვადასხვა კულტურული ფონის არსებობის მიუხედავად, შესაძლებელია მსოფლიოს სრულიად სხვა ნაწილში მყოფი ადამიანი ჩემს ხედვას იზიარებდეს და ზუსტად ჩემსავით ფიქრობდეს.

ამასთანავე, ვისაც გერმანიაში ცხოვრების გამოცდილება აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ გერმანული სიზუსტე, წესრიგი და პუნქტუალობა ქართული “ქაოტური” ცხოვრების სტილთან ნამდვილად დიდ კონტრასტს ქმნის.  ჰამბურგი ძალიან მყუდრო, კომფორტული და უსაფრთხოა, რაც ქალაქში გადაადგილებას ძალიან ამარტივებს და სასიამოვნოსაც კი ხდის.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

– ვცხოვრობ ჰამბურგის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სტუდენტურ საცხოვრებელში. პირველი სემესტრის განმავლობაში კვირის ყოველ დღეს დილიდან საღამოს ჩათვლით გვიწევდა უნივერსიტეტში ყოფნა. ამ სემესტრში უკვე მხოლოდ არჩევითი საგნები გვაქვს, ამიტომაც გრაფიკი შედარებით თავისუფალი და მოქნილია. რა თქმა უნდა, კვირის დღეების უმეტესობას ისევ უნივერსიტეტში ვატარებ, თუმცა, წინა მოდულებთან შედარებით, არჩევითი საგნების მოდულები შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, ამიტომაც, დროის თვალსაზრისით ამჟამად უფრო მეტი დრო გვაქვს არასაუნივერსიტეტო აქტივობებისთვის.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს უნივერსიტეტში?

– უნივერსიტეტში ყველაზე მეტად გამოვყოფდი პროფესიონალ აკადემიურ პერსონალს და ძალზე ყურადღებიან ადმინისტრაციას, რომელიც მუდამ ზრუნავს სტუდენტებზე. ამასთან, საუნივერსიტეტო კამპუსი ძალიან კომფორტული და სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ბუცერიუსის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკაც, რომელიც როგორც გერმანულენოვან, ასევე, ინგლისურენოვან ლიტერატურას აერთიანებს. რასაკვირველია, ბიბლიოთეკაში წვდომა გვაქვს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთანაც, რაც ნამდვილად აუცილებელია სამაგისტრო ნაშრომის წერის პროცესში.

– რით განსხვავდება ქართული და გერმანული უმაღლესი განათლების სისტემები?

– ქართული იურიდიული განათლება სწავლების სტრუქტურის და პროგრამის დაგეგმვის ნაწილში ძირითადად გერმანული უმაღლესი განათლების სისტემას ეყრდნობა. თუმცა ამ ორი ქვეყნის სისტემა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ რიგში, გამოვყოფდი სახელმწიფო გამოცდებს, რაც გერმანიაში თითოეულ მომავალს იურისტს ავალდებულებს ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა იურისტის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველოში იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული იურისტად ითვლება საუნივერსიტეტო დიპლომის აღების შემდგომ, ხოლო გერმანიაში, იმისათვის, რომ კურსდამთავრებული იურისტი გახდეს, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებაა აუცილებელი. რასაკვირველია, სახელმწიფო გამოცდები უფრო ზრდის კონკურენციას, და რაც მთავარია, ზრდის გერმანიაში იურიდიული განათლების ხარისხს. მეორე მხრივ, აღვნიშნავდი იმას, რომ გერმანული უმაღლესი სწავლება უფრო მეტად სწავლების პრაქტიკულ ასპექტებზეა ორიენტირებული, რაც თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტს საშუალებას აძლევს უფრო პრაქტიკულად გაიაზროს არსებული პრობლემები და მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე, აღნიშვნის ღირსია ის წესრიგი, რომელიც სასწავლო პროცესს ახლავს გერმანულ უნივერსიტეტებში.

– სწავლის გარდა რას საქმიანობ, რა ინტერესები გაქვს?

– სწავლის გარდა, პროგრამის სტუდენტებთან ერთად ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო დრო, და შეძლებისდაგვარად მოვინახულო როგორც გერმანიაში, ასევე, დასავლეთ ევროპაში არსებული ღირსშესანიშნაობები და საინტერესო ადგილები. ამასთან, ხშირად ვესწრებით, როგორც პროფესიულ თემატიკასთან დაკავშირებულ, ასევე, არაპროფესიული თემატიკის ღონისძიებებს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჰამბურგში ცხოვრებას. აგრეთვე, ამჟამად სტაჟირებას გავდივარ ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტში, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) სფეროში საქმიანობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წელს დიდი მოლოდინითა და ინტერესით ვიწყებ.

როგორია შენი გეგმები მაგისტრატურის დასრულების შემდეგ?

– ჯერ არ მაქვს კონკრეტულად ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის მიხედვითაც მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ვიმოქმედებ. შესაძლებელია დავბრუნდე საქართველოში ან გერმანიაში გავაგრძელო მოღვაწეობა. რაც მთავარია, ვაპირებ განვვითარდე, როგორც საერთაშორისო დონის იურისტი, რაშიც, ბუცერიუსის სამართლის სკოლაში მიღებული განათლება და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ნამდვილად დამეხმარება.

ჩემი შთაბეჭდილებებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა     ქართველ სტუდენტს ვურჩევდი საზღვარგარეთ წასვლას, და თუნდაც მცირე ხნით სწავლის გაგრძელებას, რადგან, ვფიქრობ, რომ ამ პერიოდში მიღებულ განათლებას, შთაბეჭდილებას და გამოცდილებას ნამდვილად დიდი გავლენა აქვს ჩვენი აზროვნების, კარიერისა და ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე.

ასევე იხილეთ სხვა ინტერვიუები წარმატებულ სტუდენტებთან

ავტორი: ნათია ზარიძე

1,033 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2019
M T W T F S S
« Dec   Feb »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031