7 რჩევა ქართველი სტუდენტებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ

გაცვლითი პროგრამები

საზღვარგარეთ სწავლა რომ დიდი გამოცდილებისა თუ ცოდნის დაგროვების საწინდარია, ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ახალბედა სტუდენტები უამრავ გაუგებრობაში ეხვევიან და ათასგვარ პრობლემას აწყდებიან. წინააღმდეგობები ხშირად იმდენად რთულია, რომ უცხო ქვეყანაში სწავლის პირველი პერიოდი არც თუ ისე სასიამოვნოდ ამახსოვრდებათ.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები studinfo.ge-ს მკითხველისთვის რჩევებს არ იშურებენ და იმ დაბრკოლებებზე გვიყვებიან, რომლებსაც თავად წააწყდნენ.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

თათია ბაკურია – გერმანია, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი

აპლიკაციისა და დოკუმენტების შევსება ძნელი არაა, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო წერილს. აუცილებლად ახსენეთ, რომ გერმანიაში პრაქტიკის/განათლების მიღების მერე უკან დაბრუნდებით.

კარგად გაერკვიეთ დაზღვევებში და ბინის ამბავიც მოაწესრიგეთ – ამის გარეშე პრობლემა შეგექმნებათ სასწავლებელში.

თუკი დახურული ანაბრისთვის „დოიჩე ბანკს“ აირჩევ, მზად იყავი, რომ ეს პროცესი ერთ თვემდე გაიწელება. მე პირადად გირჩევდით „ფინტიბას“, ორ დღეში ანაბარი მზად არის და მხოლოდ “სტარტ კონტოს” გახსნი ნებისმიერ გერმანულ ბანკში, რაზეც ყოველთვიურად ჩაგერიცხება თანხა.

დაზღვევის შემდეგ გერმანიაში არის ოჯახის ექიმის ცნება, რომელთანაც თავიდანვე უნდა მიხვიდე, როდესაც რამე ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს. ეგ გადაგამისამართებს მერე სპეციფიკური დარგის ექიმთან. საქართველოსგან განსხვავებით, აქ პირდაპირ კლინიკაში არავინ გარბის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავად ყოფნის მოწმობას და ა-ტესტს სახლის ექიმი გასცემს, კლინიკა უბრალოდ გაგრძელებაა თუკი დამატებითი კვლევები იქნება საჭირო ან უფრო სიღრმისეული გამოძიება გარკვეული პრობლემის.

ბინაზე გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ყველა წვრილმანს, აქ თაღლითობა ძალიან პოპულარული გასართობია, ამიტომაც მესაკუთრის და ბინის უნახავად წინასწარ კონტრაქტი არც განიხილოთ. შეიძლება, გითხრან –  ,,ახლა არ ვარ გერმანიაში, მაგრამ შენ თუ ხელს მოაწერ, გასაღებს გამოგიგზავნი” ან კიდევ ”კომპანიის ჩარევით მოვაგვაროთ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც კონტრაქტს ხელს მოაწერ” ან ”ერთი თვის ქირა გადამიხადე და შემდეგ”.  ამას ჯობია გაზეთებიდან იპოვო რამე.

ქირის ბევრი სახეობაა. არის ცივი ქირა, ანუ მხოლოდ ფართის თვიურ ფასს იხდი და არის თბილი ქირა, რომელიც კომუნალურის ხარჯებს ფართის ქირასთან ერთად ითვლის. ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება მოგთხოვონ ე.წ. „კაუციონი“, რომელიც წესით ორი თვის ფულს დეპოზიტში გადებინებს და კონტრაქტის ბოლოს, თუკი ბინა კარგ მდგომარეობაშია, უკან გიბრუნებს, ამიტომაც არის რეკომენდებული პირველივე დღესვე ოთახებისთვის სურათის გადაღება.

მარიამ პატატიშვილი – იტალია, მილანის უნივერსიტეტი

მილანში და რომში სულ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს საერთო საცხოვრებელი, უმეტესად სტუდენტებმა თავად უნდა მოძებნონ ბინა. ხშირ შემთხვევაში ოთახი ან საწოლი (shared room), რადგან ორივე ქალაქში ძალინ ბევრი სტუდენტია და ძალიან რთულია ბინის პოვნა, მით უმეტეს, როცა არ იცი ენა და როცა შენი ოჯახის ფინანსურ შემოსავალს ვერ სთავაზობ გარანტიად (საქართველოს ფინანსურ ცნობებს არ იღებენ), ამიტომაც საცხოვრებელზე ზრუნვა წამოსვლამდე დაიწყეთ.

შალვა ქაშიბაძე – შტუტგარტი

გერმანიის ვიზის მისაღებად 40-ევროიანი ონლაინ დაზღვევაც საკმარისია, თუმცა ყველაფერს არ ანაზღაურებს. დიდი კომპანიის დაზღვევით თუ სარგებლობ, ექიმი თანხას აღარ გთხოვს. ექიმთან მოხვედრაც ცალკე პრობლემაა, შეიძლება 2 თვეც კი მოგიწიოს ლოდინი.

ინტერნეტი ძვირი არ ღირს – სამთვიანი პაკეტი 21 ევრო ჯდება. გაითვალისწინეთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია არალეგალური გადმოწერები. დაგიბლოკავენ და დაგაჯარიმებენ, ამიტომ არაფერი არ გადმოწეროთ.

მარიამ მაისურაძე – საფრანგეთი, ლილის უნივერსიტეტი

პირველ რიგში, წინასწარვე გაეცანით ტექნიკურ საკითხებს და დაიწყეთ მათი მოგვარება, ნუ მოერიდებით შეკითხვების დასმას.  იქნება პერიოდები, როცა განსხვავებული სწავლის სისტემა ან ცხოვრების სტილი სტრესს გამოიწვევს, აუცილებლად იქნება ოჯახის და მეგობრების მონატრების ფაქტორი, მაგრამ ეს, აბსოლუტურად, ნორმალურია და პრაქტიკულად, ყველა ადამიანს ემართება, მიუხედავად ეროვნებისა. ასეთ მომენტებში უნდა ეცადონ ხელი არ ჩაიქნიონ, თუ საჭიროა, ითხოვონ დახმარება. ასევე, ვინც სასწავლებლად მიდის ვეტყოდი, რომ შაბათ-კვირას სამოგზაუროდ ახლომდებარე ქალაქში გასვლა შეიძლება, ახალ ნაცნობებთან ერთად კაფეში ან ბარში გასართობად წასვლაც, მაგრამ ეცადეთ არ დაგავიწყდეთ რომ სასწავლიც გაქვთ.

ანანო ბასილაია – ნიდერლანდები, უტრეხტის უნივერსსიტეტი
სტუდენტებს ოფიციალურად გვაქვს მუშაობის შესაძლებლობა, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო სწავლის პირველ წელს მუშაობა არ არის რეკომენდებული. ასევე, სამაგისტრო ნაშრომის წერის პარალელურად, ზოგიერთი პროგრამა საშუალებას იძლევა  ფასიანი სტაჟირება გავიაროთ ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც სამაგისტრო კვლევაში დაგვეხმარება. სურვილის შემთხვევაში, უნივერსიტეტი თვითონ პოულობს ასეთი კომპანიებს.

გიორგი ბეროშივილი – გერმანია, ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი

მაგისტრატურაზე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების დროს უნივერსიტეტში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ლექტორებს არ იცნობ კარგად და არ იცი ვინ რა თემაზე მუშაობს. მაგალითად, თუ გინდა რომ გააკეთო კვლევითი კურსი ლაბორატორიაში, უნდა დაეკონტაქტო კონკრეტულ ლექტორს. ამ ლექტორმა კი შეიძლება უარი გითხრას, იმიტომ რომ არ გიცნობს, ბაკალავრიატი სხვა უნივერსიტეტში გაქვს დამთავრებული და ის თავის ყოფილ სტუდენტებთან ამჯობინებს მუშაობას. კონკურენცია კი ძალიან მაღალია სტუდენტებში, ამიტომ უნდა ეცადოთ სწავლის დასაწყისიდანვე აქტიური სტუდენტის ამპლუა მოირგოთ.

ნინი ჯაჯვანი – უნგრეთი, ელტეს უნივერსიტეტი

წასვლამდე უნდა შეისწავლო იქაური კულტურა და ტრადიციები. რა თქმა უნდა, როდესაც ჩახვალ, ყველაფერს ნათლად დაინახავ, მაგრამ წინასწარი ცოდნა ადაპტაციის პროცესს აადვილებს. ასევე, რაც შეიძლება გონებაგახსნილი და მიმღები უნდა იყო. განსაკუთრებით პირველი პერიოდში, რადგან სრულიად განსხვავებულ ხალხთან მოგიწევს ურთიერთობა, რომელთა იდეოლოგიას შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ პატივი უნდა სცე და რაც მთავარია მზად უნდა იყო სირთულეებისთვის. რაოდენ კარგი გარემოც უნდა იყოს, ადამიანს ყოველთვის ენატრება რაღაც მშობლიური, ნაცნობი და იწყება ე.წ. “homesick” პერიოდი, რომელიც სრულიად ბუნებრივია. მთავარია არ შეშინდე, გაიაზრო ემოციები და გააგრძელო წინსვლა.

ასევე იხილეთ:

5 ფინანსური რჩევა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის

9 მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც საზღვარგარეთ სწავლისას უნდა გაითვალისწინოთ

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები