ტესტის რომელი ტიპი უნდა დაწეროს მაგისტრობის მსურველმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე?

საინტერესო ფაქტები

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მაგისტრანტობის კანდიდატს აქვს უფლება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ შეცვალოს სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი. ტესტის ტიპის შეცვლა შესაძლებელია 7 მაისის 18:00 საათამდე.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე (გარდა საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სპეციალობებისა) სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოური ენაში და სხვ.). სსგ-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

განაცხადის შევსებისას მაგისტრობის მსურველმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ტესტის ის ტიპი, რომელიც შეესაბამება აპლიკანტის მიერ არჩეულ სამაგისტრო პროგრამას. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აპლიკანტს მოუწევს სწორედ მის მიერ შერჩეული ტიპის ტესტის შესრულება.

იხილეთ ცხრილი, რომელშიც ყოველი კონკრეტული მიმართულებისათვის მითითებულია სსგ-ის ტესტის ის ტიპი, რომელსაც აბარებენ მოცემულ მიმართულებაში მოხვედრილ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველები:

განსხვავება ტესტის ტიპებს შორის:

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა – A, B და C – ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი. A, B და C – ტიპის ტესტებიდან თითოეული (როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ) შედგენილი იქნება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა.

წაკითხულის  გააზრება – ტესტის ეს ნაწილი სამივე – A, B და C – ტიპის ტესტში მსგავსია.

ანალიტიკური  წერა – გამოცდაზე შეთავაზებული იქნება ანალიტიკური წერის ნაწილის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი (A და B ტიპის ტესტებისათვის) შედგება ორი კომპონენტისაგან: „თემა მოცემულ საკითხზე“ და „მსჯელობის ანალიზი“, ხოლო მეორე ვარიანტი (C ტიპის ტესტისთვის) – შემდეგი ორი კომპონენტისაგან: „გადაწყვეტილების დასაბუთება“ და „მსჯელობის ანალიზი“.

ლოგიკური  მსჯელობა – ტესტის ეს ნაწილი სამივე – A, B და C – ტიპის ტესტში მსგავსია.

რაოდენობრივი  მსჯელობა – გამოცდაზე შეთავაზებული იქნება რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილის ორი სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც განსხვავებული იქნება სირთულის მიხედვით. A და C ტიპის ტესტებში ეს ნაწილი მსგავსია, ხოლო B ტიპის ტესტში – შედარებით რთული.

იხილეთ 2019 წელს მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის ინსტრუქცია და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები