Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„აქ სწავლება სრულად სტუდენტის ინტერესებზეა მორგებული“ – ქართველი სტუდენტი უნგრეთიდან

„აქ სწავლება სრულად სტუდენტის ინტერესებზეა მორგებული“ – ქართველი სტუდენტი უნგრეთიდან
March 25
12:12 2019

იდა ასლანიშვილი ამჟამად უნგრეთში, კორვინუსის უნივერსიტეტში,  საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.  ის განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018-2019 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული და ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიანტია.

რატომ აირჩია ეს პროფესია, როგორ ცხოვრობს და სწავლობს უნგრეთში და რა არის მისი მთავარი მიზანი, ამ თემებზე იდა ინტერვიუში გვესაუბრება.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

– იდა, საერთაშორისო ურთიერთობებით როდის დაინტერესდი?

– საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი ინტერესის სფერო მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ში FLEX პროგრამით ვიმყოფებოდი. ამ პროგრამის მონაწილე 2013 წელს გავხდი და მომდევნო წელი აშშ-ში გავატარე. ვსწავლობდი ამერიკულ სკოლაში, ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახში და ვეცნობოდი იქაურ კულტურას. ვფიქრობ, ამერიკაში სწავლამ და ახალი ინტერესების უფრო ფართო სპექტრმა თავისი როლი ითამაშა ჩემს არჩევანში.

– როგორ მიიღე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება და რა კრიტერიუმებით შეარჩიე უნივერსიტეტი?

– საზღვარგარეთ სწავლა ყოველთვის ჩემს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა. მანამდე, როგორ უკვე აღვნიშნე, 1 წელი ვსწავლობდი აშშ-ში და 1 წელი კი ჩეხეთის რესპუბლიკაში. ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე გავიგე „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ შესახებ, რაც საშუალებას მაძლევდა სრული დაფინანსებით მესწავლა უნგრეთში. კორვინუსის უნივერსიტეტი შევარჩიე რეიტინგისა და მიმართულების მიხედვით. ეს უნივერსიტეტი განსაკუთრებით ძლიერია ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების განხრით, რაც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო ჩემს გადაწყვეტილებაში.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი სასწავლო დღის განრიგი?

– ვცხოვრობ ბუდაპეშტში. სწავლა საკმაოდ ინტენსიურია, თუმცა უნივერსიტეტის განრიგი საშუალებას აძლევს სტუდენტებს სხვა აქტივობებითაც დაკავდნენ. ლექციები და სემინარები თითქმის ყოველდღე მაქვს, თუმცა ასევე ვახერხებ მეგობრებთან ერთად სოციალიზაციას, ქალაქის შეცნობას, მოგზაურობას და ახალი ადამიანების გაცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

– რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?

– საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალიზაცია, სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, საშუალებას მაძლევს მივიღო თანაბარი ცოდნა სხვადასხვა განხრით, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი თუ სხვა სფეროები – და სწორედ ეს არის მისი მთავარი უპირატესობა. სასწავლო პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ტიპის საგნებსა და დავალებებს, რომლებიც სტუდენტებისთვის განსხვავებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას ემსახურება.

– რით განსხვავდება უნგრული უმაღლესი განათლების სისტემა ქართულისაგან?

– უნგრულ უნივერსიტეტებში სასწავლო გეგმა ბევრად უფრო მოქნილი და სტუდენტის ინტერესებზე მორგებულია. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია თითოეული უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამისთვის, თუმცა ზოგადად სტუდენტებს მეტი საშუალება აქვთ უნივერსიტეტის გარდა შეძლონ სოციალური აქტივობებით დაკავება. ასევე, აქ ბევრად უფრო საერთაშორისო გარემოა, წარმომადგენლებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ეფექტიანს ხდის. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრად უფრო მეტს ვგებულობთ, რაც კულტურული თავისებურებების გაცნობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებათა გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

– თუ გაქვს პრაქტიკული დავალებები და როგორ ართმევ თავს?

– დავალებათა უმრავლესობა მოიცავს კვლევისა და ანალიტიკური, ასევე ზეპირსიტყვიერი უნარების განვითარებას, რაც ანალიტიკური ნაშრომების წერასა და ზეპირი ინდივიდუალური თუ ჯგუფური დავალებების შესრულებაში გამოიხატება. დავალებებს წარმატებით ვართმევ თავს და სწავლის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

– სწავლის გარდა რით ხარ დაკავებული?

– უნგრეთში წამოსვლამდე, საქართველოში სხვადასხვა პროექტში ვიყავი ჩართული ახალგაზრდულ ბანაკებში, გავდიოდი სტაჟირებას მშვიდობის კორპუსში, ვმოხალისეობდი სპორტულ ღონისძიებებში და სხვა. ახლაც ვცდილობ ცხოვრების აქტიური რითმი შევინარჩუნო. სწავლასთან ერთად, ვარ სტაჟიორი “გლოუ საქართველო” – არასამთავრობო ორგანიზაციაში და ვმუშაობ სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის მართვაზე. ასევე, შევისწავლი ფრანგულ და უნგრულ ენებს. თავისუფალ დროს ფოტოგრაფიასა და მოგზაურობას ვუთმობ.

– რას გეგმავ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?

– საზღვარგარეთ სწავლით ვღებულობ უდიდეს გამოცდილებას, რომელიც მეხმარება უკეთ შევისწავლო ჩემი პროფესია და მეტი უნარ-ჩვევა შევიძინო იმისთვის, რომ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოვახმარო. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი მიზანია დავიწყო პროფესიული კარიერა საერთაშორისო ურთიერთობების, განათლების ან მედია/კომუნიკაციის მიმართულებით. ჩემი გრძელვადიანი მიზანია ვიმუშაო საერთაშორისო სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ავტორი: ნათია ზარიძე

873 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში