„სტუდენტური ცხოვრება პირველად აქ ვიგრძენი“ – ქართველი სტუდენტის იაპონური თავგადასავლები

ინტერვიუ

ბექა ღოღელიანი უკვე მეოთხე წელია ბევრისთვის საოცნებო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრადიციების ქვეყანაში, იაპონიაში ცხოვრობს. ის ბაკალავრიატს წელს ასრულებს, გამოსაშვები სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.  ბექა გამოცდილებებისა თუ რჩევების გასაცემად მზადაა, დაუგროვდა უამრავი საინტერესო ისტორიაც,  რომელთაც studinfo.ge-ს მკითხველს უამბობს:

– რაზე სწავლობ იაპონიაში და რატომ ეს მიმართულება? რა იყო იაპონიაში სწავლის გაგრძელების მიზანი?

– იაპონიაში ვსწავლობ რიტსუმეიკანის APU სტრატეგიული მენეჯმენტის ფაკულტეტზე. კურსები, ძირითადად, ორიენტირებულია კორპორატიულ მენეჯმენტზე, ბიზნეს ადმინისტრაციაზე, ბიზნეს ეთიკაზე, პრობლემის გადაჭრის უნარებზე, ეკონომიკასა და სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ თემებზე. უცხოეთში და, კერძოდ, იაპონიაში წასვლა ყოველთვის მინდოდა. სწავლის გაგრძელების მიზანი იყო განათლების ამაღლება და საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვება, რომელსაც სულ ახლახან მივაღწიე.

– როგორ დაინტერესდი იაპონიით, რატომ გადაწყვიტე სწავლის იქ გაგრძლება და რამდენად რთული იყო ეს არჩევანი?

– იაპონია საინტერესო ქვეყანაა, მისი ეკონომიკა სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ტურიზმის მხრივ. ტრადიციული და თანამედროვე კულტურა ერთმანეთს ერწყმის. ცნობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, უსაფრთხოების სტანდარტებით. ამ ფაქტორების გათვალისწინებით იაპონია ერთ-ერთი იდეალური ადგილია სასწავლებლად.

არჩევანი საკმაოდ რთული იყო – დამეტოვებინა ოჯახი და მეგობრები, მიწევდა წასვლა ქვეყანაში სადაც არავის ვიცნობდი, სადაც ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო. მქონდა არჩევანი, რომ მეორე კურსიდან დამეწყო, მაგრამ გადავწყვიტე რომ ბაკალავრიატი ახლიდან დამეწყო. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, პირველი წლის განმავლობაში საერთო საცხოვრებელში მომიწია ცხოვრება, რაც სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო პერიოდია.

☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

– რა სირთულეები შეგხვდა, რისთვის იყავი მზად და რა იყო მოულოდნელი? იაპონიაში ცხოვრების პირველ პერიოდში რა გაოცებდა ყველაზე მეტად?

–  იაპონია საქართველოსგან ბევრით განსხვავდება. ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება პირველად იაპონიაში შევიგრძენი. ყველაზე მოულოდნელი ფინანსური მხარე იყო, უამრავი დეტალია რისი გაანალიზებაც გვიან გიწევს.  თუ რამე გაგიჭირდა, შენით გიწევს მოგვარება და ინფორმაციის მოძიება.  მაგრამ დადებითი მხარე ისაა, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევი. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ენის ცოდნა ბევრ რამეში გეხმარება და რაც უფრო კარგად იცი იაპონური მით უფრო გიადვილდება ცხოვრება.

– როგორია ქართველის თვალით დანახული იაპონური ცხოვრების წესი, კულტურა ტრადიციები? ეს მართლა არის „სხვა პლანეტა დედამიწაზე“? 

–  ამაში დაგეთანხმებით, იაპონია ნამდვილად სხვა პლანეტაა, რაც, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებისგან იზოლაციამ განაპირობა. იდენტურობა ძალიან მაღლა დგას და ამ მხრივ საქართველოს ჰგავს. რაც უნდა კარგად ლაპარაკობდე ან მთელი ცხოვრება აქ გაატარო, მაინც აქაურებისთვის უცხოელი დარჩები.

Part time-ად (ნახევარ განაკვეთზე) იაპონურად რომ ვთქვათ ‘ბაიტო’, ინგლისურს ვასწავლიდი და ბევრჯერ მყოლია კლასში ნახევრად იაპონელი სტუდენტი და ყოველ ჯერზე შემინიშნავს, რომ კლასელებისგან გარიყულია. გამოლაპრაკების შემდეგაც თვითონვე ამბობენ, რომ თავს იაპონელად ვერ გრძნობენ. საკმაოდ რთულია უცხოელისთვის, რომ გახდე იაპონელი საზოგადოების წევრი.

– თქვენ შემთხვევაში როგორ არის, იაპონელ კურსელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ასევე, როგორ დაახასიათებ კურსელებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან?

–  იაპონელი სტუდენტები მეგობრულები არიან. უნივერსიტეტში გაზაფხულზე ჩავაბარე იაპონელებთან ერთად უცხოელი სტუდენტების დიდი ნაწილი შემოდგომის სემესტრზე აბარებს. ასე რომ, საერთო საცხოვრებელშიც იაპონელები მყავდა. ძალიან დაინტერესებულები არიან უცხო კულტურით, ცხოვრების წესით და ასე შემდეგ. დიდი სიამოვნებით გაგაცნობენ კულტურას და თავზე გადაგყვებიან, მაგრამ ფულის გადახდაზე რომ დგება საქმე ყოველთვის შუაზე იყოფა. იაპონელი გოგოც რომ დაპატიჟო კაფეში, თავის შეკვეთილს ან დაახლოებით 30-40% თვითონ გადაიხდის და შენ თუ გადაიხდი ძალიან გაუკვირდება. ამ ყველაფრიდან იმის თქმა მინდა, რომ პრაქტიკული ხალხია.

საზღვარგარეთის სტუდენტებზე ძნელია საუბარი 80 ქვეყნიდან ყავს ჩემს უნივერსიტეტს და ძალიან განსხვავდება ყველა, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რაც იზიდავს ხალხს ჩემს უნივერსიტეტში.

– რა მსგავსებაა ქართული და იაპონური უმაღლესი განათლების სისტემებს შორის? სად უფრო რთულია, სად უფრო დახვეწილია სისტემა, როგორია ლექტორების დამოკიდებულება, სტუდენტების ენთუზიაზმი…  ამბობენ, რომ სტუდენტობის პერიოდი იაპონელებისთვის ცხოვრების ყველაზე მარტივი პერიოდია. მართალია?

– იაპონელი სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ძალიან მონდომებით სწავლობენ, გართობის დრო თითქმის არ აქვთ. მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების მერე ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრი მეგობარი გაიჩინონ, იმოგზაურონ, ბევრი სიახლე გამოსცადონ. უფრო იმიტომ, რომ დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებენ და უნივერსიტეტის წლები ბოლო დროა სანამ სერიოზულ ცხოვრებაში ჩაებმებიან.

იაპონიაში უფრო დახვეწილია სისტემა. ლექტორები ძალიან აფასებენ ენთუზიაზმს და თუ გამოიჩენ ინიციატივას, აუცილებლად დაგეხმარებიან, მაგრამ ე.წ. კარგი და ცუდი ლექტორები ყველგანაა, შენზეა დამოკიდებული რამდენად გამოიჩენ ენთუზიაზმს.

– ყველაზე გამორჩეული ლექცია გაიხსენე…

ჩემთვის ყველაზე ორიგინალური ლექცია ბიზნესპროფესორ სუზუკის ბიზნესის სამართალის ლექცია იყო, სადაც პროფესორმა საქართველოზე, ქართულ სუმოისტებზე და მსგავს თემებზე ილაპარაკა რასაც არ მოველოდი. ასევე დამამახსოვრდა იაპონური კულტურისა და სოციოლოგიის ლექცია პროფესორ შუნიჩისგან, სადაც მან ჯიბლისა და იაპონიის ისტორიას შორის პარალელები გაავლო.

-3 რამ, რაც ქართველმა უნდა გაითვალისწინოს, თუკი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს…

  • რაც შეიძლება კონტაქტური უნდა იყო, მეგობრები და კავშირები ყველგან მნიშვნელოვანია.
  • საზღვარგარეთ და იაპონიაში ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაქვს და რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა გამოსცადო.
  • შეეცადე, ბევრი ინფორმაცია მოპოვო უნივერსიტეტზე, ქალაქზე და ქვეყანაზე, ასევე სხვა უნივერსიტეტებზე, სანამ ჩაბარებას გადაწყვეტ.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები