Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

1989 წლის 9 აპრილი – სტუდენტის 30 წლის წინანდელი ჩანაწერები

1989 წლის 9 აპრილი – სტუდენტის 30 წლის წინანდელი ჩანაწერები
April 09
15:29 2019

კრემისფერი, ასფურცლიანი რვეული ბოლო 30 წლის განმავლობაში, 9 აპრილის აქციის მონაწილე დევი ბერძენიშვილმა, პირველად ამ რამდენიმე თვის წინ გადაშალა და 1989 წლის 9 აპრილის ჩანაწერების მოგროვების იდეაც მაშინ გაუჩნდა. არ არსებობს, სხვებსაც რომ არ დაეწერათ რამე იმ დღეებშიო, გვეუბნება.

ახლა, როცა ამ რამდენიმე ფურცელს კითხულობს, ხან რაღაცებზე ეცინება – ალბათ, 23 წლის თავისი თავის შეგრძნებებსა და აღქმაზე, ხან კი რამდენიმე წამით ჩერდება და სევდიანი პაუზაა.

მაგრამ დღეს ზუსტად იცის:

„დღეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია ის დღე, ვიდრე მაშინ, 23 წლისას მეგონა. შეიძლება თქვან, საბჭოთა კავშრი მაინც დაიშლებოდაო, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ 9 აპრილმა შეასრულა კატალიზატორის როლი და არა მხოლოდ ქართველების საქმე გაკეთდა, არამედ მთელი პოსტ საბჭოთა სივრცის… ისე, ვაცლავ ჰაველსაც იგივე აზრი აქვს“.

დევი ბერძენიშვილი თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. აქციებზეც თავის მეგობრებთან ერთად, უნივერსიტეტელებთან ერთად დადიოდა.

„…7-8 აპრილის ღამეს, როცა უნივერსიტეტი სტუდენტობისგან დაიცალა, მე და ჩემმა მეგობრებმა უნივერსიტეტისკენ გავწიეთ. ხმა გავარდა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა პატიაშვილს უნდა შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტშიო. ქუჩები ხალხით იყო სავსე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ყვიროდა ათასობით ხმა…

პირველი საათი იყო დაწყებული, როცა უნივერსიტეტის ბაღში შევედით. რამდენიმე კაცი შესასვლელთან იდგა. ბაღის სიღრმეში კი კოცონი ენთო… და უცებ ზვიად გამსახურდიას მოვკარით თვალი.

ზვიადი – დავიჩურჩულეთ. წამო, წყალი დავლიოთ, ვთქვი ხმამაღლა… ცოტა ხანში იქ 15-იოდე ადამიანი მოგროვდა. ცუდი განათება იყო. ზვიადი გაღიზიანებული ჩანდა. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, ბატონო ზვიად, ხმები დადის, დღეს უნივერსიტეტში მოსალაპარაკებლად შეიკრიბეთ თქვენ და მთავრობაო. ცოტა არ იყოს, აგდებულად შემოგვხედა და გვითხრა, მაგათთან ლაპარაკი როგორ შეიძლებაო, მაგრამ მერე ცოტა უფრო ვრცელი განმარტება მოგვცა, რომლის აზრი დაახლოებით ასეთი იყო: მონას რა უნდა ველაპარაკო, ბატონო ჩამოვიდეს, იმასთან აზრი აქვსო. ცხადია, შევარდნაძეზე იყო საუბარი“.

ზვიად გამსახურდიამ ისიც უთხრათ, რომ 3 საათისთვის დარბევა იყო მოსალოდნელი და აქციაზე რაც შეიძლება ბევრნი უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, იმ ღამით არაფერი მომხდარა. გაათენეს. მერე მეგობრის მამამ მიაკითხა მანქანით და ყველა სახლებში დაარიგა.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მეორე დღეს, 8-ში, უნივერსიტეტის სტუდენტობამ კინოთეატრ „რუსთაველთან“ მოიყარა თავი. ხალხი უფრო მეტი იყო ვიდრე წინა დღეს. განწყობა – მხიარული, აღგზნებული.

„ვიღაცას დოლი და გიტარაც მოეტანა. სამჯერ სცადეს ხორუმის ცეკვა, მაგრამ სამჯერვე სიცილ-ხარხარში დაეშალათ…

დათო ტურაშვილმა შეძახილ „გაუმარჯოს“ ახალი ვერსია მოიგონა – თუ კი ადრე „გაუმააარრრ-ჯოს“-ზე იყო აქცენტი, ახლა, „გაუმარჯოს“ ერთად იყო და მერე სსსსსს ცალკე და ერთად ვიწყებდით სისინს. გველის წელიწადი კი იყო… აი, ის ღამე როგორ დაიწყო: სიმღერებით მივაბიჯებდით. „ქართველო ხელი ხმალს იკარ“, „შავლეგო“, ლექსებიც იყო. მხნედ ვიყავით, რწმენით, რომ ყოველივე კარგად ჩაივლიდა.

ერთი სიმღერაც გამოიგონეს, თუ არ ვცდები, ფილოლოგებმა:

უნივერსიტეტის წინ,

უუუუააააა

ერთი ფილოლოგი ზის.

თუკი მოვა მეორე, მოვა მილიციის ზღვა.

მისამღერი: დღეს მიტინგი, ხვალ მიტინგი, ზეგ – ახალი იდეა.

ორჯერ.

ოღონდ სიმღერის მელოდია აღარ ახსოვს. ახსოვს ის აუტანელი სიჩუმე და ელექტრონათურების ზუზუნის ხმა, როცა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილებს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.

„…წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი და მარტო ეს რომ ისმის – ზზზზზზზ.

მიმართვა ასეთი იყო – დაიშალეთ. არ დავიშლებით! იყვირა, სხვათა შორის, ქალმა…

ოთხს ოცი აკლდა, როცა ტანკები ნელ-ნელა ჩვენკენ დაიძრნენ. არავითარი წინააღმდეგობა! დავცალოთ ქუჩა! ტაშით შევხვდეთ. რუპორში ისმოდა… ხალხმაც დაიჯერა. ავტობუსებმა და სატვირთო მანქანებმა, რომლებიც ხერგავდნენ გზას, თავიანთი ფუნქცია ვერ შეასრულეს, პირველივე „ბეტეერმა“, მსუბუქი მიწოლით, ჭიშკარივით გააღო ისინი. ქალები უკან! ქალები უკან! – ხმები გაისმა. ყველა ქალი კინოთეართან შეგროვდა, თათია ძლივს შევაგდე იქ, განა მართლა მეშინიაო, მარწმუნებდა.

მერე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

გაწევ-გამოწევა და დაგვერივნენ. უმოწყალოდ გვირტყამდნენ ბარის პირებს, ვერაფრით ვერ გავანძრიე ხელი. ერთი ქვაც არ იყო, რომ ჩამერტყა. ცხოვრების ბოლომდე ვერ ვაპატიებ თავს… პაატას რამდენჯერმე ჩაარტყეს მხარებში და თავში“.

კინოთეატრის შენობაში შევიდნენ. იქედან ვეღარაფერს ხედავნენ. მხოლოდ რაღაც მოგუდული ხმა ისმოდა – გუგუნის, ყვირილის, ღმუილის, ომის ხმას ჰგავდა. და როგორც დევი ბერძენიშვილი იხსენებს, ყველაფერი ძალიან მალე მორჩა. 15-20 წუთში. კინოთეატრის შენობის მეორე სართულზე ავიდა და რუსთაველს გადახედა. ხალხი აღარსად იყო. მხოლოდ სასწრაფოს მანქანები და ჯარისკაცები.

„და ერთი კადრი მახსოვს კინოკადრივით – ის გაზი, რომელიც გაუშვეს, ერთი მეტრის სიმაღლეზე ნისლივით იდგა. თავიდან ვერ მივხვდი რა იყო, რადგან ნაწვიმარი იყო და მტვერი ვერ იქნებოდა“.

რუსთაველის კინოთეატრში შეფარებულები, ფიქრობდნენ, აქ, ალბათ, დილამდე გვაყურყუტებენო.მაგრამ მერე ბრძანება მივიდა, შეუთვალეს, რუსთაველის პარალელური ქუჩებით სახლებში დაიშალეთო.

„დავმორჩილდით, აბა რა გვექნა. თუმცა იმაზე უკეთესს ვეღარაფერს გავაკეთებდით ამ დღეს… ჯერ ფილარმონიასთან შეიკრიბა ხალხი. ზოგ-ზოგიერთს სისხლი ესხა ტანისამოსსზე.

შენი სისხლია? დაგჭრეს? იკითხა ვიღაცამ. არა, მტრისაა, ამაყად უპასუხა ვიღაცამ. რამდენიმე ადამიანი ჩაჩქანით და ხელკეტით დადიოდა, სამხედრო ნადავლით. ახლა დავიშალოთ – ეს უკვე უნივერსიტეტის ბაღში იყო. სული მოვითქვათ – ერთი წინადადება ასეთი იყო…

…უკვე გათენებული იყო, სახლში როცა შევაბიჯე. დედაჩემი შემეფეთა ღამის პერანგში. რა მოხდა? დაგვარბიეს – ვუპასუხე. რამდენიმე ხანში უკვე მეძინა. ღრმად, უსიზმრებოდ. არარეალურად მეჩვენებოდა მომხდარი. მე სახლში, ჩემს საკუთარ ლოგინში ვიწექი. თითქოს სიზმარში მოხდა ყველაფერი, მაგრამ თითქოს თითქოდ დარჩა“…

მეორე დღემდე, დევიმაც და მასთან ერთად 9 აპრილის აქციაზე მყოფმა ათასობით ადამიანმა არ იცოდა, რომ ის ღამე მსხვერპლით დასრულდა.

1980 წლის 9 აპრილს, საერთო ჯამში 21 ადამინის სიცოცხლე ემსხერპლა.

წყარო: რადიო თავისუფლება

106 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში