პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ისტორია და ნაკლებად ცნობილი ფაქტები

საინტერესო ფაქტები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი სახალხო კულტურაში უკვდავყო ვიქტორ ჰიუგომ თავის გოთიკურ რომანში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ნაწარმოებზე გადაღებულია „დისნეის“ ფილმიც.

ტაძრის მშენებლობა საფრანგეთის მეფე ლუი VII-მ დაიწყო, რომელსაც სურდა, რომ ის პარიზის პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური და კულტურული ძალაუფლების სიმბოლო გამხდარიყო შინაც და გარეთაც. პარიზი მაშინ საფრანგეთში ძალაუფლების ცენტრად ყალიბდებოდა და ესაჭიროებოდა რელიგიური მონუმენტი, რომელიც მის ახალ სტატუსს შეეფერებოდა.

ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილად მეფემ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენაში არსებული ორი კუნძულიდან ერთ-ერთი — სიტე შეარჩია. კათედრალის მშენებლობა შუა საუკუნეების ბაზილიკისათვის ადგილზე დაიწყო.

გადმოცემის მიხედვით, პირველი ქვა, რომლის სიგრძე 130 მეტრი იყო, სიგანე კი 48 მ, 1163 წელს დადეს, პაპ ალექსანდრე III-ის თანდასწრებით. თუმცა, ტაძრის მშენებლობა 200 წელიწადს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ, მომდევნო საუკუნეებში, ხშირად ხდებოდა ტაძრის გადაკეთება.

XIII საუკუნის დასაწყისში, კათედრალის აღმოსავლეთ ფასადზე დააშენეს 69 მეტრი სიმაღლის ორი კოშკი. ჩრდილოეთ კოშკი თავის 387 საფეხურიანი კიბით ღია იყო მნახველთათვის, სამხრეთ კოშკში კი განთავსებულია 10 ზარი. მათ შორის ყველაზე ცნობილ ზარს, სახელად „ემანუელს“, საფრანგეთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დროს რეკავდნენ, მაგალითად, მეფეების კურთხევისას, პაპის ვიზიტისას; ეს ზარი დარეკეს ორივე მსოფლიო ომის დასრულებისასაც.

2019 წლის 15 აპრილს, ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა შთანთქა ტაძრის სახელგანთქმული შპილები. მთლიანად დაიწვა ტაძრის ხის სახურავი, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. გარდა ამისა, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

რადგან ამჟამად მთელი მსოფლიოს ყურადღება საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიული გულისკენ არის მიმართული, წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ.

1. კათედრალის ქვეშ წარმართული ტაძარია ჩამარხული

კუნძული სიტე, რომელზეც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია აგებული, ერთ დროს მიეკუთვნებოდა გალიურ-რომანულ ქალაქ ლუტეციას. სავარაუდოდ, კათედრალი აგებულია უძველესი წარმართული ტაძრის ნანგრევებზე. 1710 წელს, ტაძრის ქვეშ მიმდინარე გათხრებისას, აღმოაჩინეს იუპიტერისა და სხვა ღვთაებებისადმი მიძღვნილი საკურთხევლის ნაშთები. დაზუსტებით ცნობილი არ არის, ეს ნაშთები ერთ დროს იქ არსებული ტაძრის მტკიცებულებაა თუ სხვა ადგილიდან არის მოტანილი. 1960-1970-იან წლებში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს იმავე ეპოქის სხვა არქიტექტურული ნაშთებიც.

2. ფასადის არქიტექტურის ზოგიერთი ნაწილი სხვა ტაძრიდან არის მოხსნილი

კათედრალის დასავლეთ ფასადზე სამი პორტალია. თითოეული მათგანი მოიცავს წმინდანთა სკულპტურებს. წმინდა ანას პორტალი საერთო სტილში აშკარად არ ჯდება და დანარჩენისგან განსხვავებული, ძველი სტილი აქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ მისი ტიმპანი, ანუ დეკორაციის ნახევრად წრიული ზონა აღებული და ხელახლა გამოყენებულია ამ ადგილას მანამდე არსებული ძველი რომაული სტილი ბაზილიკიდან. 1969 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს დეკორაცია ამ სივრცისთვის არ არის დამზადებული და შემდეგშია გადაკეთებული, რათა გოთიკურ სტრუქტურაში ჩამჯდარიყო.

3. ტაძრის სახურავზე „ტყე“ იყო გაშენებული

კათედრალში შემორჩენილი იყო მერქნის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშები მთელ პარიზში. საერთო ჯამში, ტაძრის სახურავში გამოყენებული იყო XII საუკუნეში დაახლოებით 52 აკრის ფართობზე მოჭრილი ხეები. თითოეული ძელი ცალკე ხისგან იყო დამზადებული. სწორედ ამიტომ, კათედრალის სახურავს ხშირად „ტყესაც“ უწოდებდნენ.

4. ბიბლიურ მეფეთა 28 ქანდაკებას საფრანგეთის რევოლუციისას თავები მოამტვრიეს

1793 წელს, საფრანგეთის რევოლუციის ქარცეცხლის შუაგულში, ბრბომ თოკებით ჩამოყარა და თავები მოამტვრია კათედრალში განთავსებულ ბიბლიურ მეფეთა 28 ქანდაკებას. ამის მიზეზი ის იყო, რომ წინა წელს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს მეფე ლუი XVI-ს და თავდასხმის ობიექტი იყო მონარქიასთან დაკავშირებული ნებისმიერი იკონოგრაფია. ქანდაკებები გადაყარეს, შემდეგში კი სხვა მშენებლობებში გამოყენება გადაწყვიტეს. 21 ქანდაკების თავის აღმოჩენა მხოლოდ 1977 წელსღა მოხერხდა, საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის ბანკის საძირკველზე მიმდინარე სამუშაოების დროს.

5. კოშკები იდენტური არ არის

ერთი შეხედვით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ორი კოშკი იდენტური ჩანს. მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ჩრდილოეთ კოშკი სინამდვილეში სამხრეთისაზე ოდნავ დიდია. ტაძრის სხვა მრავალ დეტალთან ერთად, ისინი დროთა განმავლობაში დააშენეს და ნათლად წარმოაჩენს, რომ ეს კათედრალი უფრო არქიტექტურული ტენდენციებისა და ლიდერობის კოლაჟია, ვიდრე ერთი პიროვნების ხედვის კულმინაცია.

6. ტაძრის ზარები ერთხელ არტილერიისთვის გადაადნეს

ბიბლიურ მეფეთა ქანდაკებები ტაძრის ერთადერთი ნაწილი არ ყოფილა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს გაანადგურეს. საფრანგეთის სხვა კათედრალთა მსგავსად, XVIII საუკუნის ბოლოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ახალი, ათეისტური რელიგიის — გონების კულტის სივრცედ გადააკეთეს. მისი ოცივე ზარი, გარდა სახელგანთქმული „ემანუელისა“, გადაადნეს და ზარბაზნების დასამზადებლად გამოიყენეს.

XIX საუკუნეში ახალი ზარები დააყენეს, მაგრამ ისინი ისე ნატიფად არ იყო დამზადებული, როგორც ძველები. ზარების ახალი კომპლექტი ტაძარში მხოლოდ 2013 წელსღა დაამონტაჟეს, რამაც ტაძარს XVII საუკუნის ზარების ხმა დაუბრუნა. სახელგანთქმული „ემანუელი“ კი ისევ უცდის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რა კვლავ აგუგუნდეს.

7. ტაძარი ნაპოლეონმა და ვიქტორ ჰიუგომ გადაარჩინეს

როცა 1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა იმპერატორად კურთხევა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გადაწყვიტა, კათედრალი საკმაოდ ცუდ ფორმებში იყო. ტაძარს მძიმედ ეტყობოდა ჟამთა სვლა და საფრანგეთის რევოლუციის დროს ჩადენილი ვანდალური აქტები. უკვე მრავალი წელი იყო გასული, რაც მას მხოლოდ სასაქონლო საწყობად იყენებდნენ. როცა ნაპოლეონმა თავის კორონაცია სწორედ ამ კედლებში გადაწყვიტა, ტაძარს ახალი შანსი მიეცა.

თუმცა, განსაკუთრებული დიდება კათედრალს მაინც ვიქტორ ჰიუგომ შესძინა, რომელმაც 1831 წელს თავის რომანში ამ ტაძარში თავად საფრანგეთი განასახიერა.

რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ მთელ მსოფლიოში საოცრად პოპულარული გახდა და ბიძგი მისცა ტაძრის ძირფესვიან რესტავრაციას, რომელსაც სახელგანთქმული არქიტექტორები — ჟან ბაპტისტ ლასიუ და ეჟენ ვიოლ-ლე-დიუკი ხელმძღვანელობდნენ.

8. ტაძრის ურჩხულები შუა საუკუნეების არ არის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ყველაზე პოპულარული ხედები გადაღებულია მონსტრების ქანდაკებათა გადმოსახედიდან. მხოლოდ იშვიათი მნახველი თუ გამოიცნობს, რომ ეს ფანტასტიკური ქმნილებები კათედრალზე მხოლოდ XIX საუკუნეში განათავსეს. ისინი ტაძარს 1843-1864 წელს შემატეს, ეჟენ ვიოლ-ლე-დიუკის ხელმძღვანელობით მიმდინარე რესტავრაციის დროს.

მსგავს მონსტრებს თავის რომანში აქტიურად აღწერს ვიქტორ ჰიუგო და როგორც ამბობენ, ვიოლ-ლე-დიუკი სწორედ სახელგანთქმულმა მწერალმა შთააგონა.

ურჩხულები ერთადერთი სიახლე არ ყოფილა, რაც ვიოლ-ლე-დიუკმა ტაძარს შემატა. კათედრალის ახალი შპილის გარშემო მან 12 მოციქულის ქანდაკება განათავსა. საკუთარ თავს ის წმინდა თომას ქანდაკებად მოიაზრებდა.

9. ტაძრის ორგანი უდიდესია საფრანგეთში

კათედრალში ინახება მთელ საფრანგეთში უდიდესი ორგანი, რომელიც ხუთ კლავიატურაზე იკვრება. მართალია, ის ნაწილობრივ დაზიანდა საფრანგეთის რევოლუციის დროს, მაგრამ აღადგინეს 2013 წელს, ტაძრის 850 წლისთავის აღსანიშნავად.

10. ყველა გზა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისკენ მიდის

ტაძრის გარეთ, ქვაფენილზე, რიყის ქვაში ჩასმულია რვაქიმიანი ბრინჯაოს ვარსკვლავი, რომელზეც წერია Point zéro des routes de France (საფრანგეთის გზების ნულოვანი წერტილი) და წარმოადგენს წერტილს, საიდანაც აითვლება მანძილი პარიზიდან საფრანგეთის სხვა ქალაქებამდე. ვარსკვლავი 1924 წელს განათავსეს, თუმცა 1960-იან წლებში დროებით სხვა ადგილას გადაიტანეს, რადგან მის ქვეშ მიმდინარეობდა მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა. სამუშაოები მალევე შეჩერდა, რადგან მუშებმა ძველი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს.

და ბოლოს, არის თუ არა 15 აპრილის ხანძარი პირველი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორიაში? ნამდვილად არა. ადრეული ტაძარი, რომლის ადგილასაც ამჟამინდელი კათედრალია აღმართული, ხანძარმა გაანადგურა. როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, XIII საუკუნეში ხანძარმა ახალი ტაძარიც დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები 1230-1240 წლებში მიმდინარეობდა.

წყარო: 1tv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები