5 პროტესტი, რომელმაც მსოფლიო გადაასხვაფერა

საინტერესო ფაქტები

ისტორიას მრავალი ისეთი ამბოხის მაგალითი აქვს შემორჩენილი, რომელსაც უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ყველაზე ძალადობრივიდან ყველაზე მშვიდობიანამდე, პროტესტმა მრავალი სახის ფორმა შეიძლება მიიღოს, თუმცა ყოველ მათგანს ქვეყნის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის მიზანი აერთიანებს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პროტესტის წინააღმდეგ მთავრობის რეაქცია ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმზეც ბევრს მეტყველებს ხოლმე. დემოკრატიის პირობებში პროტესტები პოლიციის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, არადემოკრატიული რეჟიმის პირობებში პროტესტებს ხშირად საწყის ეტაპზევე ახშობენ ხოლმე, რათა საზოგადოებაში გაჩენილ ემოციურ მუხტს მეტად გაძლიერების საშუალება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპისა იყო ის რეჟიმი, რომელსაც ხალხი დაუპირისპირდა, მომდევნო ათმა პროტესტმა თანადროულ პოლიტიკაზე სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც წარმატებით მოახდინა გავლენა.

1. ბოსტონის ჩაის სმა, 1773 წლის 16 დეკემბერი

1773 წლის 16 დეკემბერს ბოსტონის ნავსადგურში 60-მა კოლონისტმა ინგლისიდან წამოსული გემებიდან 342 ყუთში მოთავსებული ჩაი ზღვაში გადაყარა. ეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგების მქონე სიმბოლური აქტი კოლონიებში, განსაკუთრებით კი ბოსტონში, ბრიტანული პარლამენტის მიმართ დაგროვილი სიძულვილის მანიფესტაცია იყო. მაპროვაცირებელ გარემოებად ჯორჯ მესამის ხელმძღვანელობით მოქმედი პარლამენტის მიერ კოლონიებისთვის კომერციული გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება იქცა. შედეგად, პროტესტის ეს უჩვეულო ფორმა იყო პასუხი იმ ზომებზე, რომლებმაც ჩაი ყველაზე მაღალგადასახადიან პროდუქტად აქცია.

ამ ამბოხს ბრიტანელ ხელისუფალთა მიერ ბოსტონის ნავსადგურების დახურვა და შეუწყნარებლობის აქტების მიღება მოჰყვა. ეს ახალი წესები კოლონიების წინააღმდეგ გამკაცრებული მიდგომის შემუშავებას ემსახურებოდა. თუმცა ამან ნავთზე ცეცლის დასხმასავით იმოქმედა და 1775-1783 წლებში ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი როლიც ითამაშა. ამიტომაც არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვით, რომ ბოსტონის ჩაის სმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გახლდათ.

2. საფრანგეთის რევოლუცია, 1789 წლის 5 მაისიდან 1799 წლის 9 ნოემბრამდე

კვლავ მეთვრამეტე საუკუნეში, თუმცა ამჯერად სხვა კონტინენტზე, საფრანგეთის რევოლუციამ ერთი ქვეყნისა და მთლიანი ევროპის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანა. 1789 წლის 5 მაისს გენერალური შტატების შეკრება გაიხსნა. ამ დროისათვის ადამიანები დამანგრეველი ეკონომიკური კრიზისით უკვე იტანჯებოდნენ. შედეგად დაწყებული ამბოხი კი მოსახლეობის აღშფოთების გამოხატულებას წარმოადგენდა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ხალხმა 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის ციხეც აიღო და ამით ტირანულ რეჟიმს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს, მისი ბედი დედოფალმაც მალევე გაიზიარა.

საფრანგეთის რევოლუცია 1799 წლის 9 ნოემბერს 18 ბრიუმერის გადატრიალებით დასრულდა, რის შედეგადაც ძალაუფლება ნაპოლეონ ბონაპარტს გადაეცა. საფრანგეთის რევოლუციის შედეგები მრავალმხრივი იყო: უპირველეს ყოვლისა, მან მონარქიის და მისი პრივილეგიების გაუქმება გახადა შესაძლებელი. შედეგად, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია შეიქმნა. პოლიტიკური რეჟიმი კონსტიტუციური მონარქიის და შემდეგ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებით შეიცვალა. ევროპის თვალსაზრისით, საფრანგეთის რევოლუციის გავლენით ასევე შეიქმნა ეგრეთწოდებული შვილობილი რესპუბლიკები, შეიცვალა სახელმწიფოთა საზღვრები და მთელი კონტინენტის მასშტაბით გაავრცელა რევოლუციური სულისკვეთება. საბოლოო ჯამში, ამ რევოლუციის შედეგებმა მთლიან ევროპაზე იქონია გავლენა.

3. მარილის მარში, 1930 წლის 12 მარტი

სულ სხვა კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში, 1930 წლის 12 მარტს მოჰანდას კარამჩად განდიმ თავის არაძალადობრივი თეორია პრაქტიკაში პირველად გამოიყენა. ამ დღეს განდიმ დატოვა თავისი აშრამა – იზოლირებული ერმიტაჟი – რათა 350 კილომეტრით დაშორებული ინდოეთის ოკეანისკენ წასულიყო. რამდენიმეკვირიანი სიარულის შემდეგ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას მან ხელებში მარილი ჩაიყარა. ეს ბრიტანული სახელმწიფოს მიერ ინდური მარილის დისტრიბუციაზე მონოპოლიის კანონის დარღვევის სადემონსტრაციო, სიმბოლური აქტი გახლდათ. ამ მონოპოლიამ ყველა მომხმარებელს – მათ შორის ყველაზე ღარიბებსაც – მარილზე გადასახადი დაუწესა და მოსახლეობას საკუთარი ინიციატივით ამ პროდუქტის წარმოება აუკრძალა. მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო და უფრო მეტმა ინდოელმა მიბაძა მაჰათმას; იმდენად ბევრმა, რომ 60,000 კანონდამრღვევი, განდის ჩათვლით, ციხეში აღმოჩნდა. მაჰათმას ინსტრუქციის თანახმად, დაკავებისას არც ერთ მათგანს გაუწევია წინააღმდეგობა. მთავრობამ მალევე გაანალიზა, რომ მსგავს პროტესტს ვერ გაუძლებდა და, მეფისნაცვლის გადაწყვეტილებით, ყველა დაკავებული 9 თვის თავზე უკვე გათავისუფლებული იყო.

ამ არაძალადობრივმა აქტმა მარილზე სახელმწიფო მონოპოლიის გაუქმება და ინდოეთზე ბრიტანეთის გავლენის შესუსტება გამოიწვია. ისევე, როგორც ბოსტონის ჩაის სმამ ჩაუყარა საფუძველი კოლონიების დამოუკიდებლობას, ინდოეთის დამოუკიდებლობასაც წინ მარილის მარში გაუძღვა.

4. ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში, 1963 წლის 28 აგვისტო

არაძალადობრივი დემონსტრაციის კიდევ ერთი მაგალითი მარტინ ლუთერ კინგის მეთაურობით ორგანიზებული ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში გახლავთ, რომელიც აფრიკულ-ამერიკულ ისტორიაში გარდამტეხ წერტილად იქცა.

1963 წლის 28 აგვისტოს პასტორმა და აქტივისტმა, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა, მე მაქვს ოცნება ლინკოლნის მემორიალის წინ წარმოთქვა. მის მოსასმენად 200,000-დან 300,000-მდე ადამიანი მოვიდა, რომელთა 80 პროცენტი აფრო-ამერიკელი იყო. ამ მშვიდობიან პროტესტს 1964 წელს სამოქალაქო უფლებების აქტზე კენჭისყრა მოჰყვა, მომავალ წელს კი უკვე ხმის მიცემის უფლებების აქტიც დაამტკიცეს. პირველმა მიღებულმა ზომამ ნებისმიერი სახის სეგრეგაცია უკანონო გახადა, მეორემ კი ფერადკანიან ადამიანებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა.

5. ‘68 წლის მაისი

‘68 წლის მაისი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული პროტესტი და ის იმ დემონსტრაციათა სერიის სიმბოლოა, რომლებიც 1968 წლის 22 მარტიდან 27 მაისის ჩათვლით წარიმართებოდა და თან ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჩახშობის მცდელობები ახლდა. სტუდენტების გამოსვლით დაწყებული ეს საპროტესტო ტალღა ჯერ სოციალური, შემდეგ პოლიტიკური გახდა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა მუშა ან სტუდენტი იყო, რომლებიც ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. ისინი მეტად სამართლიან ქვეყანას და მოხმარებასა და სარგებელზე ნაკლებად ფოკუსირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას მოითხოვდნენ. ეს მოთხოვნები გამოხატავდა შიშს, რომელიც გამოწვეული იყო გაზრდილი უმუშევრობისა და ბაზრის გლობალიზაციით, რაც პატარა ბიზნესებსა და ფერმებს ზიანს აყენებდა. სტუდენტები ასევე საუნივერსიტეტო სისტემასაც აპროტესტებდნენ.

ეს კრიზისი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. შარლ დე გოლმა გამოსავალი, თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრის, ჟორჟ პომპიდუს, კუვ დე მურვილით ჩანაცვლებაში დაინახა, თუმცა სიტუაცია არც ამან დააწყნარა და პრეზიდენტი იძულებული გახდა, თავის გადაწყვეტილებათა წარუმატებლობის გამო 1969 წლის 28 აპრილს გადამდგარიყო. გრძელვადიან პერსპექტივაში, 1968 წლის მაისმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კაცების ძალაუფლება თავიანთ ცოლებზე, დამსაქმებლების ძალაუფლება დასაქმებულებზე და ქორწინების, რელიგიისა და ოჯახის მსგავსი ტრადიციული ინსტიტუციების ღირებულებების მნიშვნელობა. ამ მოვლენიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ განათლების სისტემა მეტად დემოკრატიული, ავტონომიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამგვარად, საზოგადოება ქალების გათავისუფლების მოწმე გახდა, რამაც, თავის მხრივ, მოდისა და სექსუალური თავისუფლების ევოლუციას ჩაუყარა საფუძველი.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები