მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს მილიონი ლარით დააფინანსებს

საინტერესო ფაქტები

სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს წელს მერია 1 მილიონი ლარით დააფინანსებს, დაფინანსებას მიიღებენ აგრეთვე მაგისტრანტებიც. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, დაფინანსდება 2 ძირითადი მიმართულება: სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.

„მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას”,- აცხადებს თბილისის მერი.

 ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას.

სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს. კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორების ვიზიტს თბილისში სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ეს პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით. პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ხელოვნების მიმართულებით. საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან. უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები