რა წავიკითხოთ ზაფხულში – 10 წიგნი

ლიტერატურული გვერდი

მოვიდა დრო, რომლისთვისაც წლის განმავლობაში ნაყიდი წიგნები გადავაწყვეთ. დრო, როცა ყველა წიგნს წავიკითხავთ, რაც ვერ მოვასწარით. ყველაფერს გავაკეთებთ, რისთვისაც დრო არ გვქონდა, მუსიკას მოვუსმენთ, ახალ რეცეპტს დავტესტავთ, ახალ შეყვარებულს გავიჩენთ და რაც მთავარია, სპეციალურ თაროზე გადაწყობილ წიგნებს წავიკითხავთ, თაროზე, რომელსაც აწერია „ზაფხულში წასაკითხი წიგნები“.

რა ნიშნით ვარჩევთ ზაფხულში წასაკითხ წიგნებს? მინდა დიდი ხნის საიდუმლო გაგიმხილოთ და გითხრათ, რომ ასეთი ნიშანი არ არსებობს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ზაფხულში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, 2 საათში წასაკითხი, მხიარული წიგნიც წაიკითხოთ, ერთ კვირაზე მეტი მოანდომოთ რომელიმე შედევრის წაკითხვასა და გააზრებას, ნაცნობი და საყვარელი წიგნი კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, მაგალითად, ზღვის სანაპიროზე, სადაც წიგნმა სასიამოვნო უცნობების შეთვალიერებაშიც არ უნდა შეგვიშალოს ხელი. მოკლედ, სიტუაცია ათასგვარი იქნება, შესაბამისად, წაკითხვაც ყველაფრისა შეიძლება. მთავარია, ჩემოდანში გვეტეოდეს.

ამოირჩიეთ და შეუდექით ახალი ლიტერატურული მწვერვალის დაპყრობის რთულ და სასიამოვნო გზას.

ანა კორძაია-სამადაშვილი, „ზინკა ადამიანი“

ანას წაკითხვა ყველა სეზონზე შეიძლება, მისი არცერთი წიგნი არ უნდა გამოტოვო, ყველა წიგნი ისეთი გულწრფელი, ახალი და სულისშემძვრელია. ყველა წიგნშია იმდენი სიყვარული, მთელ ზაფხულს რომ გეყოფა და მეტიც, შემოდგომაზეც შეგიძლია გამოიზოგო.

აპდაიკი, ბრაზილია

თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, მაშინ ეს ზაფხული საუკეთესო დროა, რომ ეს გიჟური ნაწარმოები წაიკითხოთ. საოცარი ამბავი თანამედროვე ტრისტანსა და იზოლდაზე, მათ დაუოკებელ სიყვარულზე, მისტიკაზე, საბედისწერო, წარმოუდგენელ ცვლილებებზე, ბრაზილიის მწველ მზესა და უფრო მწველ ვნებებზე, სიყვარულზე, როგორც სიკვდილზე, სიკვდილზე, როგორც სიყვარულზე… როგორ შეიძლება შეყვარებულს საკუთარი თავი გაუცვალო, მის სხეულში ჩასახლდე, მის აჩრდილად კი არა, რეალურ, ნამდვილ ინკარნაციად იქცე…

არუნდატი როი, წვრილმანების ღმერთი

თუ წიგნს შეუძლია გულისცემა ააჩქაროს, სისხლის მოძრაობას აჰყვეს, გულსა და გონებაში გაიაროს, გამჭვირვალე, გულწრფელი, საოცრად პოეტური და დრამატული ამბები მოგითხროს, ყველაზე დიდი და აკრძალული სიყვარულის, შიშისა და იმედგაცრუების, უცნაური და მოულოდნელი ცვლილებების შესახებ, ეს წიგნი უთუოდ არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთია“… შესანიშნავი ინდოელი მწერლის ერთადერთი რომანი, რომელმაც ავტორს ბუკერის პრემია და მსოფლიო აღიარება მოუტანა, სულ სხვაგვარ ინდოეთზეა, იქნებ არა ბრჭყვიალაზე, მაგრამ საოცრად ღრმასა და მგრძნობიარეზე, სადაც ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია, სადაც ყველა წვრილმანში ღმერთის მაჯისცემა ისმის…

აკა მორჩილაძე, კუპიდონი კრემლის კედელთან

როდესაც მწერალი ენას თავისუფლად ეთამაშება, ენას ფლობს, ენობრივ ნიუანსებს კარგად იცნობს, მას ნებისმიერი მკითხველის გულში შეღწევა შეუძლია.

აკა მორჩილაძე თავის ყველა რომანში სხვადასხვა ენობრივ სისტემას აგებს, სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტს იყენებს. დიალექტები, არქაული ქართული, მეცხრამეტე საუკუნის მეტყველება, 90-იანების ქალაქური კოინე, ძველი ტფილისური ჟღერადობა, სიუჟეტი, ამბავი, ენა – ეს მისი პროზაა.

“კუპიდონი კრემლის კედელთან” აკა მორჩილაძის ახალი რომანია, მატარებელი, რომელშიც მოქმედება ხდება, ლიტერატურული ლოკაციის გარდა მეტაფორაცაა, თავზეხელაღებული ქალი, ქალი-მთავარი გმირი,რომელიც არაფრის გამო უკან არ იხევს, საოცრად ცოცხალი, იმერული დიალექტით გაჯერებული ტექსტი და სრულიად წარმოუდგენელი ამბავი.

მოკლედ, ყველაფერი, რის გამოც, აკა მორჩილაძის ყოველ ახალ წიგნს სულმოუთქმელად ელის მკითხველი…

ნიკოს კაზანძაკისი, ალექსის ზორბასის ცხოვრება

ალექსის ზორბასი ერთ-ერთი მთავარი ბერძნული საიდენტიფიკაციო პერსონაჟია, ცნობილ ეკრანიზაციაში , სადაც მის როლს ენტონი ქუინი ასრულებს, ზღვის სანაპიროზე ცეკვის სცენა თუ არ გინახავს და მხრები არ აგთამაშებია, ბერძნული სულისა არაფერი გაგეგება.

დიდი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს, ხოლო ეს ამბავი, საკუთარი არსებობის გაგების, გასიგრძეგანების, წაკითხვის – არა მხოლოდ ბერძნული, არამედ მსოფლიო ამბავია.

ალექსის ზორბასი- კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.

პედრო პარამო, ხუან რულფო

“ვფიქრობ ყველა მწერალი, მრავალი ტომიც რომ დაეწეროს, საბოლოოდ მაინც ერთი წიგნის შემოქმედია… ხუან რულფოსთვის არაერთხელ უსაყვედურებიათ, მეორე წიგნს როდის გამოსცემო, ეს არ არის სწორი, რულფოს მოთხრობები ისევე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მისი რომანი “პედრო პარამო”, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ვრცელი, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ესპანურ ენაზე შექმნილ რომანებს შორის მაინც არის ყველაზე საუცხოო… “პედრო პარამო” რომ დამეწერა, აღარაფერზე ვიდარდებდი, არც აღარაფრის დაწერას ვეცდებოდი.” – წერდა გენიალური გაბრიელ გარსია მარკესი მეორე გენიოსის – ხუან რულფოს შესახებ.

“პედრო პარამო” ერთ-ერთი საუკეთესო ლათინოამერიკული რომანია და თუ თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ, მაშინ აუცილებლად, ამ ზაფხულშივე უნდა გახდეთ მისი მკითხველი…

მერვე სიცოცხლე ( ბრილკას), ნინო ხარატიშვილი

„ბრილკა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ანასტასიას ზედმეტსახელია; ის ამ ოჯახის მეექვსე, ბოლო თაობის წარმომადგენელია. მთელ ამ ისტორიას სწორედ ბრილკას უყვებიან. წიგნის თხრობა აწმყოში იწყება და წარსულში ბრუნდება. შემდეგ, ქრონოლოგიურად ისევ აწმყოსკენ მიემართება. ბრილკას ეპიზოდი ცარიელი ფურცლით მთავრდება… რადგან ის მერვე, მთავარი პერსონაჟია. ბრილკა, როგორც სახელი, პირველად პოლონურად გავიგე და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟსაც მოუხდა ეს სახელი.“- ამბობს ნინო ხარატიშვილი ჟურნალ „ლიბერალისთის“ მიცეულ ინტერვიუში.

ახალგაზრდა, წარმატებული გერმანულოენოვანი ქართველი ავტორის ახალი, ეპიკური ტილო, ასწლოვანი საგა უფრო მეტს გვიამბობს საქართველოზე, ვიდრე ეს შეიძლება წარმოიდგინოთ.

ეს წიგნი ამ ზაფხულში აუცილელად უნდა წაიკითხოთ, მითუმეტეს, რომ ცოტა მეტი დრო გაქვთ, ვიდრე წლის განმავლობაში!

ჰერბეტ ლოურენსი, „ვაჟები და საყვარლები“

როგორც ამბობენ, ეს წიგნი გენიალური კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის საყვარელ წიგნთა სიაში იყო. არამხოლოდ მარკესის, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების სხვადასხვა დროს შედგენილ სიებში დევიდ ჰერბერტ ლოურენსის შესანიშნავი რომანი “ვაჟები და საყვარლები” აუცილებლად პოულობდა თავის ადგილს.

თუ თქვენ ადამიანური ურთიერთობების სიღრმეები და გამოცანები გაინტერესებთ, სიყვარული, ღალატი, დრამა, იმედგაცრუება, ტკივილი, შვილები, მშობლები – ამ წიგნში ყველაფერია…

ოჯახური საგა, სადაც არაფერი ადამიანური უცხო არაა, სადაც, ლოურენსი თავისი ცხოვრების ბევრ დეტალსაც გვიმხელს.

აზიმოვი, „მე, რობოტი“

თუ აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკას უფრთხოდით და შორიდან ათვალიერებდით, ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. კითხვა კი ამ წიგნით უნდა დაიწყოთ! აიზეკ აზიმოვის უკვდავი წიგნი სრული სახით, სწორედ ისე, როგორც ავტორმა დაწერა, საბჭოთა ცენზურის გარეშე.

თავბრუდამხვევი ამბები რობოტებსა და ადამიანებზე, ალტერნატიული ისტორია, წარმოუდგენელი სიუჟეტი.

ბოლოს და ბოლოს, მოვახერხებთ ჩვენ შორის არსებული რობოტები ადამიანებისგან გავარჩიოთ?

ტრეისი შევალიე, „გოგონა მარგალიტის საყურით“

მაინც რა არის ბედისწერა? ან სიყვარული? რთულია პატარა, გულუბრყვილო გოგოსთვის ამ უცნაურ სასიყვარულო სამკუთხედში გარკვევა, სადაც ერთ მხარეს თვითონაა, ჩვიდმეტი წლის, ლამაზი გოგო, თავის თმას რომ არავის ანახებს… მეორე მხარეს – ქერა და სიმპატიური ყასაბი, სისხლიანი ფრჩხილებითა და უზრუნველყოფილი ცხოვრებით, მესამე მხარეს კი ერთი საოცარი წუთი – როდესაც დიდი მხატვარი გხატავს და თანაც თვალებში გიყურებს…

შეიძლება ერთი წუთისთვის მთელ ცხოვრებაზე უარი თქვა?

ერთი წუთისთვის, სადაც გენიოსის ტილოზე ულამაზესი, მარგალიტის საყურეები გიბრჭყვიალებს და ყველაზე მეტად ჰგავხარ საკუთარ თავს….

ტრეისი შევალიეს “გოგონა მარგალიტის საყურით” – მოგზაურობა მხატვრობისა და სიყვარულის საოცარ სამყაროში, სადაც გოგონას მთრთოლვარე თითები საღებავებს ამზადებენ, მერე რა, რომ ეს ფერები მისი ცხოვრებისა არ არის, მთავარი ხომ ხელოვნების მარადიულობაა….

წყარო: saba.com.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები