სტუდენტები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლებენ

აქტუალური

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტებისთვის შეღავათიანი სამგზავრო ტარიფის დაწესებას რუსთავის მერია არ დათანხმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რუსთავის სტუდენტურ ასოციაციაში“ განუცხადეს.

როგორც ასოციაციაში განმარტეს, „სტუდენტური სამგზავრო ტარიფის შემოღებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს“.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

რუსთავის მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის სტუდენტური ტარიფის დაწესებაზე ინფორმაცია არ მიუწვდიათ. მათივე თქმით, „მოლაპარაკება იქნება, ჯერჯერობით კი არაფრის თქმა შეუძლიათ“.

რაც შეეხება მგზავრების გადამყვან კერძო კომპანია „ინტერტრანსს“, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ცერცვაძის თქმით, სტუდენტურ ტარიფთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, არანაირი გეგმა არ აქვთ.

„ჩვენ კერძო კომპანია ვართ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი არ ყოფილა. აღნიშნულს რუსთავის მერიისგან „რუსთავის სტუდენტური ასოციაცია“ ითხოვდა, რათა ფასების სუბსიდირება მოეხდინათ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოდან, რუსთავი – თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, 30 თეთრით გაიზარდა და 1,50 – ის ნაცვლად, 1,80 ლარი გახდა. ბოლო მოლაპარაკებები ახალგაზრდების ჯგუფსა და მმართველ ორგანოს შორის სწორედ ფასის უკანასკნელი ზრდის შემდეგ შედგა. „რუსთავის სტუდენტური ასოციაცია“ მერიისგან სტუდენტებისთვის ფასის სხვაობის სუბსიდირებას ითხოვდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები