“დაგვიანებისას შიშით თავზარდაცემული არ უნდა შევსულიყავი ლექციაზე” – რჩევები გამოცდილი სტუდენტებისგან

საინტერესო ფაქტები

არსებობს დღეები, რომლებიც არასდროს გვავიწყდება. ასეთია, პირველი დღე უნივერსიტეტში, რომელსაც უამრავი შეცდომა, უცნაურობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა ახლავს თან. თუმცა ამაში არც რაიმე დასაცინია და არც უჩვეულო – უნივერსიტეტის პირველი დღე შეცდომებისაა და ამ დღეს ყველაფერი გვეპატიება, თუმცა არის რაღაცები, რისი გათვალისწინებაც მომავალ სტუდენტებს შეგიძლიათ და რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. თავიანთი პირველი დღე studinfo.ge-თან მაღალკურსელებმა გაიხსენეს და მომავალი სტუდენტებისთვის რჩევებიც “გაიმეტეს”:

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ნათია ჯაგოდნიშვილი: რაც მთავარია, ლექტორს არავითარ შემთხვევაში არ დაუძახოთ “მასწ”, პატივცემულო ან რამე მსგავსი. თუ არასწორ აუდიტორიაში აღმოჩნდებით, ნუ დარჩებით ზრდილობის გამო სხვა ლექციაზე. ასევე, იმისათვის, რომ პირველ დღეს პინგვინებივით არ გამოვიყურებოდეთ, შეგიძლიათ მანამდე შეიაროთ უნივერსიტეტში და გადახედოთ აუდიტორიების განლაგებას.

გიგი გიგატიშვილი:  უნივერსიტეტის პირველი დღისთვის ლამის საქორწინოდ გამოვეწყვე – თეთრი პერანგი, შარვალ-კოსტუმი ჩავიცვი და უზარმაზარი ჩანთა მოვიკიდე, რომელშიც ყველაფერი ჩავყარე. პენალიც კი.

რჩევა: უნივერსიტეტში და მით უფრო პირველ დღეს ჩანთა საერთოდ არაა საჭირო.

მეგი ხუხუა: ორშაბათ დღეს, დილის 11 საათზე, მქონდა პირველი ლექცია პოლიტიკური აზრის ისტორიაში. მე და ჩემმა ორმა კურსელმა რუსთავიდან ერთად გადავწყვიტეთ წამოსვლა. ჩვენი უნივერსიტეტი დიღომშია და პირდაპირ არაფერი მიდიოდა. ორი ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევდა. გმირთა მოედანზე ველოდებოდით მიკროავტობუსს. სამმა 51-მა გაიარა და არ გაგვიჩერა. ამასობაში ლექციის დაწყებამდე 20 წუთიღა იყო დარჩენილი. სადაცაა ხელი უნდა ჩაგვექნია, მაგრამ ძლივს ცარიელმა ტაქსიმ ჩამოიარა. მძღოლს ვუთხარით, რომ  პირველი დღეა და იქნებ არ დავაგვიანოთ, “ლექტორი რას იფიქრებს” და ა. შ. ტაქსის მძღოლსაც ეს გზააბნეული ბავშვები შევეცოდეთ და ლამის ყველა წითელზე გაიარა ჩვენ გამო. მოხდა სასწაული და ზუსტად 11 საათზე უნივერსიტეტის შენობასთან ვიდექით. ამაყად შევაბიჯეთ აუდიტორიაში ლექციის მოლოდინში, თან სწრაფად სიარილისგან და ნერვიულობისგან ძლივს ვსუნთქავდი, მაგრამ იქ მარტო ბავშვები დაგხვდნენ. თურმე ლექტორი საცობში მოხვდა და ლექციაზე აგვიანდებოდა. ასე დავრჩით გაღიმებულები და ფსიქიკა შერყეულები.

რჩევა: უნივერსიტეტი სკოლა არ არის და დაგვიანების გამო არავინ გეტყვით რამეს.

პირველკურსელებს უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები ბევრ რამეში გააოცებენ. მაგალითად მე ძალიან კარგად მახსოვს ერთი მეოთხე კურსელი, რომელიც მთელი თვე ზღვის „შლოპანცებით“ დადიოდა. მიზეზი დღემდე არ ვიცი, მაგრამ ის გაოცება არასდროს დამავიწყდება.

ლიკა ჯოხაძე: დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ ნებისმიერ სირთულეს მარტივად გადალახავთ და თუნდაც აუდიტორიას მალევე იპოვით. ამ აზრების გამო შეიძლება, ლექციაზე დაუსწრებლად მოგიწიოთ სახლში წასვლა.

ვაჟა შუბითიძე: პირველ დღეს, როგორც ნამდვილი გეპეიშნიკი შუა ლექციიდან გამოვედი და მამიდაშვილის ჯგუფელებთან ერთად დავლიე. გავაცდინე ლექცია, სადაც ფაკულტეტის შესახებ საუბრობდნენ და ბევრი ინფორმაციის გარეშე დავრჩი.

რჩევა: აც უნდა გეპეიშნიკობდე, პირველ დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოთ.

თუ ჩამოსული ხარ პინგვინობისას მეტროს მეორე ხაზზე შეიძლება დაიკარგო. მე სამედიცინომდე გავყევი და იქიდან უკან რომ უნდა წამოვსულიყავი, მეორე მხარეს შევედი მატარებელში და ისევ ვაჟაზე წავიდა. შოკში ვიყავი.

ჩემმა ჯგუფელმა, რომელსაც ნაპასიც კი არ ჰქონდა სიგარეტზე დარტყმული, პირველად მაშინ ნახა გოგო რო სიგარეტს ეწეოდა და ეგრევე მოინდომა „მარიაჟი“ დაეწყო,  მივიდა სიგარეტი გამოართვა და გაუკიდა. საბოლოოდ, იმათ თვალწინ ლამის ცუდად გახდა პირველივე ნაპასზე.

რჩევა: იყავი ის, რაც ხარ.

მარიამ თევზაძე: პირველ დღეს მეტად უშუალო და უკომპლექსო უნდა ვყოფილიყავი… ბევრ რამეზე მქონდა სწორი პასუხი,  გამბედაობა არ მყოფნიდა ხმამაღლა მეთქვა. ყველა ჩუმად იყო და ჩემ ცოდნაში ეჭვი მეპაერებოდა. პინგვინობის პერიოდში სილაბუსი არ ვიცოდი რა იყო გვიან გავაცნობიერე. ახლანდელ პირველ კურსელებს კი ვურჩევ გაერკვნენ მსგავს ტერმინებში – მიმართულების პროგრამა, კურიკულუმი და ა.შ.

მირანდა ღონღაძე: პირველ ლექციაზე ერთი საათით ადრე არ უნდა მივსულიყავი და პირველ დღეებში დაგვიანებისას შიშით თავზარდაცემული არ უნდა შევსულიყავი ლექციაზე, მაშინ როცა ლექტორებიც ხშირად იგვიანებენ.

რჩევა: დაგვიანებას არაუშავს

საჭირო ინფორმაცია: განივის პირველი სართული სინამდვილეში მესამეა.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები