Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქართველი სტუდენტის კარიერა გერმანულ ბანკში და საზღვრებს მიღმა დაძლეული სირთულეები

ქართველი სტუდენტის კარიერა გერმანულ ბანკში და საზღვრებს მიღმა დაძლეული სირთულეები
September 24
12:18 2019

„აქ ერთ დღეში მწვერვალების დაპყრობა უტოპიად მიმაჩნია, შესაბამისად, მოთმინება და შრომა არის ის მთავარი ინდიკატორები, რომელიც ადრე თუ გვიან წარმატებას მოგიტანს“, – ამბობს თათული ღვაბერიძე და იმედოვნებს, რომ გერმანიაში განათლების მიღების შემდეგ სამშობლო შინ დაბრუნების სურვილს არ დაუკარგავს და უმუშევრობასა თუ ნეპოტიზმს ისევ ჩვეული შრომისოყვარეობით შეებრძოლება. თათია ახლა გისენის უნივერსიტეტის სტუდენტია და მზადაა საკუთარი გამოცდილება studinfo.ge-ს მკითხველს გაუზიაროს:

საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვსწავლობდი. ბაკალავრის დასრულებისთანავე სწავლის შემდეგ საფეხურზე გაგრძელება გერმანიაში გადავწყვიტე. მოგეხსენებათ, გერმანიის თითქმის ყველა სასწავლებელში განათლების მიღება პრაქტიკულად უფასოა, ჩავაბარე გერმანული ენის გამოცდა (DSH) და მივიღე ადგილი გისენის უნივერსიტეტში, დავიწყე სწავლა მაგისტრატურაზე – დემოკრატიისა და მართვის განხრით. უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზა ჩემს შემთხვევაში გერმანული ენის ცოდნაზე გადიოდა, სხვა სახის სირთულე არ შემხვედრია, რადგან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს აკრედიტაცია გერმანიაში, ამასთანავე, ჩემი ქულებიც და ინგლისური ენის ცოდნის დონეც აკმაყოფილებდა გისენის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სტანდარტებს მაგისტრატურაზე ადგილის მისაღებად.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრების პირველი პერიოდი?

– თავისთავად ცხადია, რომ ახალ ქვეყანაში ცხოვრება მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, მით უფრო, როდესაც ეს საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანას ეხება. გიწევს მოერგო იმ ცხოვრების სტილს, რომელსაც გერმანია გთავაზობს, ეს კი უპირველეს ყოვლისა დისციპლინასა და წესრიგში, შრომისმოყვარეობასა და კანონმორჩილებაში გამოიხატება. გაქვს შეგრძნება, რომ ყურადღების მცირედი მოდუნება და უკვე რაღაც მნიშვნელოვანი გაუშვი. კარიერისაკენ მიმავალი გზა არის ნაბიჯ–ნაბიჯ, აქ ერთ დღეში მწვერვალების დაპყრობა უტოპიად მიმაჩნია, შესაბამისად მოთმინება და შრომა არის ის მთავარი ინდიკატორები, რომელიც ადრე თუ გვიან წარმატებას მოგიტანს. სამშობლოსგან მოშორებით გატარებული ყოველი  დღე იყო და არის სტრესული, იბრძვი თავის დასამკვიდრებლად, სწავლის პარალელურად მუშაობ და ცდილობ იყო კონკურენტული სხვა სტუდენტებისა, ამას ემატება ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი… შესაბამისად, ჩემი გამოცდილებით, მარტივს აქაურ ცხოვრებას ვერ ვუწოდებ, თუმცა მრავალი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და რაც მთავარია, გერმანიამ მომცა უნიკალური შანსი პროფესიული განვითარების კუთხით, რის გამოც ამ ქვეყნის მადლიერი ვარ.

– რა ძირითადი განსხვავებაა ქართულ და გერმანულ უსდ-ებს შორის?

– ვისურვებდი, საქართველოში ლექტორებსა და სტუდენტებს შორის მეტად მეგობრული და თანამშრომლობითი დამოკიდებულება ყოფილიყოს, ასევე ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია სამეცნიერო საქმიანობით, უნდა მიეცეს შესაძლებლობა დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. გისენის უნივერსიტეტში ხშირად ცხადდება ე.წ. სტუდენტური დასაქმებები, რომელიც ამა თუ იმ პროფესორის ასისტენტობას მოიცავს და ვფიქრობ არის კარგი შესაძლებლობა სტუდენტისათვის, რომელიც მის მომავალს აკადემიურ სფეროში მოიაზრებს. აქაური სწავლება მეტად ანალიტიკური აზროვნების განვითარებისკენ არის მიდრეკილი, მით უმეტეს პოლიტიკურ მეცნიერებებში არ არსებობს სწორი და არასწორი, დისციპლინის სუბიექტურობიდან გამომდინარე, ყველა აზრი მისასალმებელია და ლექტორებიც ცდილობენ ეს ტენდეცია წაახალისონ.

ქართული განათლების სისტემა მთლიანად გადასახედია და გასაუმჯობესებელი, დაწყებული ბაღიდან დამთავრებული უმაღლესით. ის უნდა იყოს ინდივიდზე მორგებული, ცდილობდეს ხელი შეუწყოს მოზარდის სწორი გზით განვითარებას, ზედაპირზე ამოიტანოს მისი ნიჭი და მისწრაფებები და არა პირიქით ჩაახშოს და სტიმული დაუკარგოს. საქართველოში მუშაობა და სწავლა პრაქტიკულად შეუთავსებელია, რადგან დასაქმების პირობები არის არაადამიანური, გერმანიაში კი სტუდენტური დასაქმება, სწორედ რომ ორიენტირს სტუდენტის დროის სწორად განაწილებაზე აკეთებს.

– როგორია შენი ერთი დღე?

– ჩემი ერთი დღე დღეს უკვე სამსახურით იწყება, მონაცემთა ბაზებთან ვმუშაობ ერთ–ერთ გერმანულ ბანკში, მართალია ეს პირდაპირ არ უკავშირდება ჩემს პროფესიას, თუმცა მეხმარება ახალი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გამომუშავებაში, რაც სამომავლოდ ბაზარზე დასაქმების შანსებს მიზრდის. თავისთავად სწავლა და მასთან დაკავშირებული რუტინა ყოველდღიურობის ნაწილია, პარალელურად ვარ სხვადასხვა პროექტებში ჩართულ –  UNICEF, STUBE HESSEN, უნივერსტიტეტის აქტივობებში. განრიგი ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი, სხვანაირად გერმანულ ცხოვრებას ფეხს ვერ აუწყობ. თავისუფალ დროს ვატარებ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეგობრებთან, ბუნებაში გავდივართ, აქ უამრავი კეთილმოწყობილი პარკია, რომელიც დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას იძლევა.

სტუდენტური საცხოვრებელი არის ერთი პატარა მსოფლიო, წარმოდგენილი სხვადასხვა ეროვნების ადამიანით. ამგვარ გარემოში ყოფნა კიდევ უფრო ტოლერანტულს გხდის და იაზრებ, რომ ყველანი ვართ თანასწორნი და ამავდროულად უნიკალურნი ჩვენი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით. მახსოვს პირველად კულტურული შოკი მივიღე, როდესაც კვირას წავედი მარკეტში პროდუქტების შესაძენად და ყველაფერი დაკეტილი დამხვდა, დღემდე ვაპროტესტებ ხოლმე ამ ფაქტს, თუმცა მივეჩვიე, რომ მაღაზიები და მარკეტები კვირას დაკეტილია და შესაბამისად შაბათს უნდა იზრუნო თუ რაიმე გჭირდება.

– ლექტორებთან  ურთიერთობა რამდენად მარტივია?

– ლექტობერთან ურთიერთობა დადებითად შემიძლია დავახასიათო, არასოდეს მიგრძვნია მათგან გარკვეული სახის მინიშნება იმაზე, რომ არ ვარ გერმანელი და ეს ვინმეზე ნაკლებად პრიორიტეტულ მდგომარეობაში მაყენებს, თუმცა როგორც ყველგან აქაც მოიძებნებიან მეგობრული და ნაკლებად მეგობრული პროფესორ–მასწალებლები.

– სტუდენტების ინტერესი სწავლის მიმართ როგორია – ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ უფრო სწავლაზე?

– განსხვავებით საქართველოსგან, გერმანიაში უნივერსიტეტში სწავლა არ არის აუცილებლობა, საქართველოში კი ადამიანის ბედს ხშირად ოჯახი და სოციუმი წყვეტს, რადგან სხვამ გააკეთა, შენც ეს გზა უნდა აირჩიო, ჩააბარო, ისწავლო და ბოლოს დიპლომი კედელზე დაკიდო. სინამდვილეში, უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს გაიაზრონ, რა სურთ, რადგან ინტერესისა და სურვილის გარეშე, წარმოუდგენელია რაიმე შედეგი დადო. გერმანიაში კი,  როდესაც ადამიანი უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილებას იღებს, მას გააზრებული აქვს რისთვის აკეთებს ამას, არც თუ დიდი ნაწილი გერმანელი მოსახლეობისა მიჰყვება ამ გზას,  რადგან გერმანია მრავალფეროვანი შესაძლებლობების ქვეყანაა და ხელს უწყობს პროფესიული სასწავლებლების გზით წაახალისოს ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სურვილი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, მისცეს სტიმული მათ დაეუფლონ ამა თუ იმ ხელობას, პროფესიას და ჰქონდეთ კარგი შემოსავალი.

– რას აპირებ სამომავლოდ? როგორ გგონია, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას შეძლებ?

– ჩემი დიდი სურვილია დავბრუნდე სამშობლოში და თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანო საქართველოს უკეთესი მომავალის აშენებაში, თუმცა მოლოდინები არც თუ პოზიტიურია, გათვალისწინებით უმუშევრობის მაღალი დონისა თუ ნეპოტიზმისა. მიუხედავად რეალობისა, მე მაინც ოპტიმისტად ვრჩები და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა მივხედოთ და ეს აუცილებლად იმ ახალგაზრდების ხელით უნდა მოხდეს, რომელთაც იციან განათლებისა და პატიოსანი შრომის ფასი.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

819 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2019
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30