81 წლის ქართველი სტუდენტი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

საინტერესო ფაქტები

სტუდენტი, რომელმაც რვა ათეულ წელს გადააბიჯა ლეჩხუმელი ლამარა ასათიანია. მან სახლში ჯდომას, ტელევიზორის ყურებასა და წამლების სმას აქტიური ცხოვრება ამჯობინა.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

“მე ფუნქცია უკვე აღარ მქონდა იმ დროს, როცა მიჩვეული ვიყავი, რომ ზოგს წამალი სჭირდებოდა ზოგს ექიმი, ზოგს ანალიზი სჭირდებოდა, ზოგს მასწავლებელი. თქვენ წარმოიდგინეთ თუ არავის სჭირდები კარებზეც არ დაგიკაკუნებენ ცოცხალი ხარ თუ არა.”

50-წლიანი სტაჟისა და სამსახურიდან გამოშვების შემდეგ ჩვეულებისამებრ სახლში ჩაჯდა. ტელევიზორის ყურებისას კი შემთხვევით მოჰკრა ყური რომ ერთ-ერთი კოლეჯი მიღებას აცხადებდა და დაფიქრდა, თავადაც ხომ არ ეცადა ბედი. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად უარი არ უთხრეს და ფოტოგრაფიის კურსებიც შესთავაზეს.

“ფოტოგრაფია იმითი არის საინტერესო, რომ ის ბევრ მეცნიერებას აერთიანებს. ის გვაძლევს სურათს იმისას ესა თუ ის ადგილი 10 წლის შემდეგ როგორი იქნება, 20 წლის შემდეგ როგორი იქნება. შედარების საშუალებას იძლევა.”

შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე სამგზის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჯგუფელებთან 50-60-წლიანი სხვაობა აქვს, სასაუბრო მაინც ბევრია, მით უმეტეს, როცა საქმე ახალ ტექნოლოგიებს ეხება ან გოგონებს რჩევა სჭირდებათ.

ლამარა ასათიანი ამბობს, რომ სტიგმებიან ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, თუმცა მას ოჯახმა მხარი დაუჭირა, ფოტოაპარატიც აჩუქეს და მერხს თავიდან მიუჯდა. მთავარი კი ის არის რომ 81 წლის ასაკში მან საკუთარი თავი ახლიდან იპოვა და საკუთარ სიამოვნებაზე იფიქრა. სამომავლო გეგმები კი, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფიასა და ლეჩხუმს უკავშირდება.

“ფოტოგრაფია ძალიან საინტერესოა და თუ მე ფიზიკურად შევძლებ დიდი სიამოვნებით მთელ ლეჩხუმს გადავიღებ.”

81 წლის სტუდენტი ქართული ხალხური ანდაზის “სწავლა სიბერემდეო” თვალსაჩინო მაგალითია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები