რა არის მნიშვნელოვანი ინგლისურში ზმნისა და დროების გარდა?

საინტერესო ფაქტები

ზმნისა და გრამატიკული დროების ცოდნა მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ იმისათვის, რომ ინგლისურად თავისუფლად ილაპარაკოთ, ეს საკმარისი არ არის. ცოცხალი ენის გასათავისებლად მხოლოდ სახელმძღვანელოები არ კმარა, საჭიროა ორიგინალში სერიალების ყურება და პრესის კითხვა, სხვადასხვა ფორუმში აქტიური მონაწილეობა და საყვარელი მომღერლის შემოქმედების მოსმენა.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

მოგზაურის ლექსიკონი გამომადგება? 

მოგზაურის ლექსიკონი გამოადგება ყველას, ვინც საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას. ის მხოლოდ სტანდარტული ცნობარი არ არის, რომელიც რეგისტრაციის გავლისთვის, ბარგის ჩაბარება-მიღების ან სასტუმროს პერსონალთან ელემენტარული დიალოგისთვის გჭირდებათ. ეს არის საბაზო ფრაზების ნაკრები, რომელიც მუზეუმის დასათვალიერებლად ან რესტორნის პერსონალთან კომუნიკაციისთვის გჭირდებათ, რათა მიმტანს Google Translate-ის გარეშე გააგებინოთ, რომ საშუალოდ შემწვარი სტეიკი გინდათ და მომსახურების თანხას ბარათით გადაიხდით.

მოგზაურის ლექსიკონში არის სამედიცინო გამონათქვამები, რადგან ხელის მოტეხილობის ან ძლიერი ინტოქსიკაციის შემთხვევაში საჭირო ფრაზების ტელეფონში ძებნას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ თქვენი სიტყვათა მარაგი უმჯობესია ადრევე გაიმდიდროთ, რადგან ინტერნეტში ბევრი სასწავლო ვიდეოა, რომლებშიც ტურისტის ცხოვრებიდან სხვადასხვა სიტუაციაა მოყვანილი.

სიტყვათშემოკლებები და აბრევიატურების ცოდნა რაში მჭირდება? 

სიტყვათშემოკლებები და აბრევიატურები დღეს არა მარტო წერილობითი ფორმით, არამედ ზეპირ მეტყველებაშიც ხშირად გვხდება. ისინი საუბრის ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებენ, მაგრამ თუ მათ არ იცნობთ, მოგეჩვენებათ, რომ თავს გაუგებარი ასოთშეხამებების მთელი გროვა დაგატყდათ თავს.

რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებთ, მაგრამ კარგია, თუ გეცოდინებათ, რომ JFC (Jesus Fucking Christ) – გაოცებისა და გაკვირვების უკიდურესი ფორმაა, KISS-ს (Keep It Simple, Stupid) კი კოცნასთან საერთო არაფერი აქვს. ყველაზე პოპულარული შემოკლებები შეგიძლიათ ნახოთ სლენგების ისეთ ონლაინ ლექსიკონში, როგორიც არის Urban Dictionary. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ საუბარი იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა. ასეთი ადამიანების პოვნა კი არც ისე რთულია სხვადასხვა ონლაინ ფორუმზე.

ნეოლოგიზმებიც უნდა ვიცოდე? 

თუ გინდათ, რომ თქვენი მეტყველება თანამედროვედ ჟღერდეს და ტენდენციებში ერკვეოდეთ, ნეოლოგიზმებიც უნდა იცოდეთ. კომპანია The Global Language Monitor-ის შეფასებით, ყოველ 98 წუთში ახალი ინგლისური სიტყვა ჩნდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ენა 52 000 გამოთქმით გამდიდრდა. ხშირად ისინი საზოგადოებაში არსებულ ბოლოდროინდელ ტენდენციებს ასახავენ.

მაგალითად, 2016 წლის მთავარ სიტყვად ოქსფორდის ლექსიკონში დასახელდა youthquake (ახალგაზრდული ძვრა, რაც გულისხმობს პოლიტიკაში, კულტურასა და სოციალურ სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც ახალგაზრდების ქმედებებმა გამოიწვია), 2017 წელს კი გამოთქმების ლიდერად post-truth-ი დასახელდა. ეს ტერმინი აღნიშნავს პოსტ-სიმართლეს – მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისას ობიექტური ფაქტები ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ემოციები და შეხედულებები.

ნეოლოგიზმები აუცილებლად დააინტერესებს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ენას შემოქმედებისა და თამაშის მასალად აღიქვამენ. ისეთი სიტყვები როგორიც არის horosceptic (ადამიანი, რომელიც ასტროლოგიას არ ცნობს) ან smober (ადამიანი, რომელმაც მოწევას თავი დაანება) იწვევს სურვილს, რომ მსგავსი რამ თავადაც მოიფიქროთ. ახალ გამოთქმებში რომ გაერკვეთ, გამოიყენეთ ოქსფორდის ან უებსტერის ლექსიკონები და ენობრივი ბლოგები.

ბიზნესლექსიკა ვის გამოადგება?

მათ, ვინც უცხოურ კომპანიებში ან ინგლისურენოვან პარტნიორებთან მუშაობენ. დღეისათვის ინგლისური ენის ცოდნა ვაკანსიების 80%-ის შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნაა. ბევრ ადამიანს უხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უცხოელებს ეკონტაქტოს. სწორედ ამიტომ ენის ცოდნის მაღალი დონე ყოველთვის არ არის საკმარისი, რომ საქმიან საუბარსა და ფამილარობას შორის ზღვარი დაიცვათ.

გარდა ამისა, ბიზნესინგლისურში არის ფრაზები, რომელთაც საკმაოდ ორაზროვანი მნიშვნელობა აქვთ და მათი გაგება არც ისე მარტივია. იმისათვის, რომ საქმიანი ინგლისური თქვენთვის უცხო არ იყოს, სისტემატურად უნდა იკითხოთ Harvard Business Review, Forbes-ი ან The Economist-ი, ასევე ბიზნეს-პოდკასტებს უნდა მოუსმინოთ.

იდიომებსა და კალამბურებშიც უნდა ვერკვეოდე?

იდიომების და კალამბურების სწავლა ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ისინი საუბარს უფრო საინტერესოს ხდის, ამასთან მათი დაზუთხვა საჭირო სულაც არ არის. გამოთქმა, რომელიც მოგეწონათ, თავისით დაგამახსოვრდებათ. მაგალითად, ანიმაციურ სერიალში „ცხენი ბოჯეკი“ ცხოველებთან დაკავშირებული თითქმის ყველა იდიომა არის გათამაშებული. ასე რომ მათი კარგად გაგება უფრო მარტივია, დამახსოვრება კი – გაცილებით იოლი.

სიმღერებიც უნდა ვისწავლო?

დიახ, შეგიძლიათ სიმღერების ტექსტებიც ისწავლოთ. ადელის ან ბიონსეს სიმღერების მისამღერის ღიღინი ბევრს შეუძლია, მაგრამ უფრო შორს ცოტა თუ მიდის. თქვენ შეგიძლიათ საყვარელი სიმღერის ტექსტის რამდენიმე სტროფი ისწავლოთ. ეს სიტყვის მარაგის გამდიდრებასა და რთული კონსტრუქციების დაზეპირებაში დაგეხმარებათ. ამისათვის საკმარისია ვიდეორგოლში სუბტიტრები ჩართოთ და ზედიზედ რამდენჯერმე ნახოთ.

გამოთქმა რამდენად მნიშვნელოვანია? 

გამოთქმის შემთხვევაში ჯერ უნდა ჩამოყალიბდეთ, სად აპირებთ წასვლას და ვის უნდა ელაპარაკოთ. გინდათ რომელიმე კონკრეტული აქცენტი გაითავისოთ თუ მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ინგლისურს ამჯობინებთ? სწორედ ამ პასუხებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოთ, რას მოისმენთ, რადგან გამოთქმის გავარჯიშება აქტიური სმენის გარეშე წარმოუდგენელია. შეგიძლიათ სერიალებით დაიწყოთ. მაგალითად, თუ თქვენ გადაეშვებით „დაუნტონის სააბატოს“ ლაბირინთებში, რომელიც 6 სეზონად არის დაყოფილი, შესაძლოა ბრიტანელი ლორდების სნობური გამოთქმა აითვისოთ.

შემდეგი ეტაპია პოდკასტები და აუდიოწიგნები. ისინი შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინაც, როცა თქვენი ინგლისურის ცოდნის დონე არც ისე მაღალია. მთავარია, თემა იყოს თქვენთვის საყვარელი და ნაცნობი. მაგალითად, „ჰარი პოტერი“, რომელსაც სტივენ ფრაი კითხულობს ან „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ როი დოტრისის შესრულებით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მოსამენა, არამედ საუბარიც. თუ თქვენ არ გყავთ ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი, მაშინ ენის კლუბის სადისკუსიო ჯგუფში ჩაეწერეთ. ისინი დიდ ქალაქებში საკმაოდ ბევრია.

რა განსხვავებაა ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის? 

გამოთქმა არის ყველაზე ცხადი, მაგრამ არა ერთადერთი განსხვავება, რომელიც ინგლისურნოვან ქვეყნებს ახასიათებს. სხვაობაა ლექსიკაშიც. მაგალითად ბრიტანელები სამსახურის მერე flats-ში ბრუნდებიან, ამერიკელები კი –  apartments-ში. ორთოგრაფიაც არაიდენტურია. მაგალითად, colour – color, counselling – counseling. სხვაობაა გრამატიკაშიც. მაგალითად, არსებობს თავისებურებები, რომლებიც ისეთ კრებით სახელებს ეხება, როგორიც არის police, class და სხვ.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ ამერიკელ ჭიამაიას ladybird-ს უწოდებთ ladybug-ის ნაცვლად, ამისთვის არავინ დაგიჭერთ, თუმცა ჯობს სწორად იმეტყველოთ. სახასიათო ლექსიკის გამდიდრებაში კი სერიალები, ფილმები და პოდკასტები დაგეხმარებათ. მათი თემების მიხედვით შერჩევა თქვენი ინტერესების შესაბამისად შეგიძლიათ. ასევე ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ცხრილები, რომლებშიც ერთი და იმავე საგნის ბრიტანული და ამერიკული სახელწოდებებია მოცემული.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები