Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლექტორი, რომელმაც სტუდენტის ცხოვრება შეცვალა – გზა აუდიტორიის უკანა რიგებიდან წითელ დიპლომამდე

ლექტორი, რომელმაც სტუდენტის ცხოვრება შეცვალა – გზა აუდიტორიის უკანა რიგებიდან წითელ დიპლომამდე
October 29
12:12 2019

ლიანა მარკარიანი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მისი სტუდენტობა ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ერთი “საბედისწერო” დღე – საგნის გადარჩევის დაგვიანებით გაჩენილი სურვილი და მომთხოვნი ლექტორი, რომელმაც მისი სტუდენტური ცხოვრება სრულად შეცვალა.

ლიანა მარკარიანი თავად გიამბობთ როგორი იყო გზა აუდიტორიის უკანა რიგებიდან წითელ დიპლომამდე.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

“აი, ისიც, მისი უდიდებულესობა წითელი დიპლომი!

ზოგი 4  წელი ემზადება ამისთვის და სწავლის პირველივე დღიდან დანამდვილებით იცის, რომ “დედა” უნივერსიტეტი აუცილებლად წარჩინებით უნდა დაამთავროს. ჩემი შემთხვევა ცოტათი განსხვავდება: არასდროს მიფიქრია წითელ დიპლომზე. საერთოდ, მეგონა, რომ ეს ჩემთვის შეუძლებელი იყო (მიუხედავად იმისა, რომ სკოლაც მედალზე დავამთავრე). ვიცი, ალბათ შეგაწუხეთ კიდეც ასეთი “პოსტებით”, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ამ რთულ გზას შენთან ერთად გადის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ლექტორს, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში მასწავლიდა, მადლობა გადავუხადო თსუ–ის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, მაგრამ, თავდაპირველად აუცილებლად უნდა გამოვყო ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი – პირველი ლექტორი, რომელმაც შემამჩნია და რომელიც უზომოდ მიყვარდა .

არ მიწყენენ სხვა ლექტორები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა გამოვყო. გავიმეორებ, რომ მესამე კურსამდე სწავლაზე ხელი მქონდა ჩაქნეული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლექციებზე სიარული და სწავლა საერთოდ არ მჭირდებოდა –  წითელ დიპლომზე ფიქრიც სასაცილო იყო. ამ ადამიანმა კი, ვისზეც ქვემოთ ვისაუბრებ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – ხშირად ვამბობ, რომ უნივერსიტეტში დამაბრუნა.

არ ვიცი, როგორ შეამჩნია აუდიტორიის უკანა რიგებში მჯდომი სტუდენტი, რომელიც მთელი შემართებით მიმალვას ცდილობდა; არ ვიცი, რატომ გადმომსვა პირველ რიგში და ისიც არ ვიცი, გაზეთი როგორ მანდო… მოკლედ, უკვე 2 წელი გავიდა იმ დღიდან, მაგრამ დღესაც ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა „მტანჯავს“ და სულ მგონია, რომ ამ ადამიანის მიმართ მადლიერებას სრულყოფილად ვერასდროს გამოვხატავ.

ქალბატონი მაიას პირველივე  ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ მომთხოვნი ლექტორი შემხვდა და, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი შემეძლო, საგნის წაშლა დავაპირე –  სახლში ავედი, ჩავრთე კომპიუტერი, შევედი ჩვენს ლეგენდარულ lms.tsu.ge-ზე  და… ბაზები დახურული დამხვდა… შემდეგ იყო მეორე ლექცია-სემინარი და სამი ნიუსით ხელში მივბრძანდი იმის იმედად, რომ არავინ მომაქცევდა ყურადღებას: „დავალებას დავდებ და გავქრები“, – ვფიქრობდი, მაგრამ, ნურას უკაცრავად, აქაც შევცდი  – გამომიძახა, ხუმრობა-ხუმრობით, წითელი ფერის მძიმეებითა და კორექტურით ააჭრელა ნაშრომი, ყოჩაღო, მითხრა და  სემინარის შემდეგ ყველაფერი დეტალებში ამიხსნა: რა? რატომ? რისთვის?. მეორე დავალებამ მეტი მოწონება დაიმსახურა (ეს “ახსნები” და განმარტებები ყველა ნაშრომს მოჰყვებოდა), მესამემ – უფრო, ხოლო მეოთხეს და მეხუთეს ეს წითელი პასტა აღარც დასჭირდა. ამავე ლექტორმა ერთხელ მკითხა,  კონფერენციებზე რატომ არ გადიხარო. სიმართლეს გეტყვით, არც ვიცოდი, როგორ ხდებოდა ეს, თუმცა დიდი სურვილი მქონდა და ვუთხარი კიდეც. ხოდა, ორ თვეში საკმაოდ კარგად მომზადებული კვლევით სომხეთში წარვსდექით საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც  წარმატებული აღმოჩნდა. მისი რეკომენდაციით ბორჯომში ძალიან საინტერესო პროექტზე დავიწყე მუშაობა (დღესაც გრძელდება). მერე იყო სტიპენდიები, გაზეთი, ჟურნალი, კიდევ ათი კონფერენცია, ნაშრომის გამოქვეყნების შემოთავაზებები სომხეთიდან, ტრენინგები, უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნებული წერილები და ა. შ. (სავსებით შესაძლებელია, ეს სია ვერ დავასრულო). შემდეგ ეს ყველაფერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობით გაგრძელდა.

აქ  უნდა ვთქვა, რომ ის არის საუკეთესო პროფესორი, ყველაზე სანდო მეგობარი, თავისი საქმის მცოდნე, ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაგიდგება, ადამიანი, რომელიც ღამის სამ საათზეც კი გიპასუხებს,  ნებისმიერი სახის ნაშრომს წერტილ-მძიმით გაგისწორებს, მეორე დღეს კი მოგწერს და ყველაფერს აგიხსნის. ის ნებისმიერ სიტუაციაში სწორ გზაზე დაგაყენებს – პირადულ რჩევებსაც მოგცემს, ლექციების შემდეგაც დარჩება და საკონფერენციოდაც მოგამზადებს. როცა შეგეშლება, პირველი ის გაგაკრიტიკებს (მაგრამ, ამავდროულად, იცი, რომ ერთადერთია, ვინც შენზე მეტად ნერვიულობს), შემდეგ ყველა ხარვეზს გისწორებს და პირად მიმოწერაში რჩევების კასკადს გახვედრებს. მისი ყველა რჩევა მნიშვნელოვანია. ამ ადამიანთან ერთად არცერთი წუთი არ გადის ისე, რომ რამე ახალი არ ისწავლო. უზომოდ უყვარს თავისი საქმე და ყველაფერს მხოლოდ სტუდენტებისთვის აკეთებს – გვასწავლის იმას, რაც თავად წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოცემაში მუშაობით შეუძენია და თუ რამე არ იცის, ჩვენთან ერთად  სწავლობს. ის არასდროს ჩერდება და ამით შენც გიბიძგებს, რომ მუდამ განვითარდე; ის, ალბათ, ერთადერთია ჩემს გარშემო, ვინც ყველაფერს აკეთებს შენი წარმატებისთვის და თავად ყოველთვის ჩრდილში რჩება. ეგ კი არა,  ხშირად (ყოველთვის თუ არა), ავიწყდება ის, რაც გაგიკეთა – ვინც დაინახავს, დაინახავს! ამ ყველაფერში მთავარი კი ისაა (ამით ყველაზე მეტად ვამაყობ), რომ ქართული ენა შემაყვარა და მასწავლა ისე, რომ ყველას უკვირს (მეც კი). ხშირად მეკითხებიან, სად ისწავლე ასე, ან – როგორ? დღეს ბოლოჯერ გიპასუხებთ – მე მყავს საუკეთესო ლექტორი, პროფესორი, მეგობარი, მასწავლებელი, რომელსაც მაია ტორაძე (მაია ტორაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი) ჰქვია და ეს წითელი დიპლომი ორივეს თანაბრად გვეკუთვნის!

დღეს მე ისევ მისი სტუდენტი ვარ. მისივე რეკომენდაციით და ინიციატივით ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ისევ წარმატებით ჩავაბარე. შემდეგ კი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების მედიაფსიქოლოგიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე.

ეს არის ულევი ცოდნის, პრაქტიკის, ძალიან ბევრი ემოციის, გამოცდილებისა და საოცარი მოგონებების ერთ პოსტში „ჩატევის“ მცდელობა – არ გამოვიდა. ქალბატონო მაია, მადლობას გიხდით არა წითელი დიპლომისთვის, არამედ იმ ულევი ცოდნისთვის, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე ახალ კარს ვაღებ. მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომ გვაჩუქა ერთ-ერთ საუკეთესო პროფესორი – მაია ტორაძე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა!

ქ-ნო მაია, არასდროს შეიცვალოთ და არ გაჩერდეთ. თქვენი მისია საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია – ამას ყველა ვერ დაინახავს. მე არ ვიცი, როგორ ხედავთ ამ შინაგან ძალას, მონდომებასა და პოტენციალს, მაგრამ საოცრებას აკეთებთ და ამით ხართ გამორჩეული.”

2,837 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში