Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ყველა ცდილობს კარგი ქულა ჰქონდეს, რადგან დამსაქმებლისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს“ – ქართველი სტუდენტი გერმანიიდან

„ყველა ცდილობს კარგი ქულა ჰქონდეს, რადგან დამსაქმებლისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს“ – ქართველი სტუდენტი გერმანიიდან
November 07
10:45 2019

თუ შემართებითა და დიდი გეგმებით საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას გადაწყვეტთ, საგზლად აუცილებლად უნდა წაიღოთ მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. ეს Willy Brandt School of Public Policy-ის ქართველი სტუდენტის თორნიკე ყიყიშვილის მთავარი  წესია. ბიბლიოთეკაში „ცხოვრების“ პარალელურად არც ლექტორებთან ერთად დალევას იკლებს და სწამს, რომ  შრომას ყოველთვის აქვს აზრი:

„ვსწავლობ Willy Brandt School of Public Policy-ში, რომელიც ერფურტის უნივერსიტეტს ექვემდებარება. პროგრამა სრულიად ინგლისურენოვანია და სტუდენტები დაახლოებით მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ. როგორც ყველა სხვა სტუდენტმა მეც ონლაინ აპლიკაცია გავაგზავნე სამოტივაციო წერილითა და მოთხოვნილი დოკუმენტებით, მათ შორის ენის სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო პროგრამებზე. გერმანიის სხვა საჯარო უნივერსიტეტებისგან განსხვავებით სწავლა ფასიანია ჩვენს პროგრამაზე  – 7500 ევრო ორი წლის განმავლობაში, ამიტომ საჯარო პოლიტიკის სკოლა ყოველ წელს 4 ახალ სტუდენტს უფინანსებს სწავლას. ამ დაფინანსებისთვის ცალკე სამოტივაციო წერილი გავაგზავნე და პროგრამაზე ჩარიცხვიდან დაახლოებით ერთ კვირაში მქონდა ონლაინ გასაუბრება სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის მოპოვების შემდეგ ვიზის პროცედურები გავიარე სასწრაფოდ და 2018 წლის ოქტომბერში დავიწყე მაგისტრატურა. ყველაზე მთავარი მოტივაცია საინტერესო პროგრამა და საერთაშორისო გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტებში, სხვა ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ საჯარო პოლიტიკის პროგრამაზე სწავლა და გერმანიაში ცხოვრება კარგი შესაძლებლობა იყო“.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

– განსხვავება ქართულ და გერმანულ განათლების სისტემებს შორის

– გამიჭირდება ქართული უნივერსიტეტების შეფასება, თუმცა ვიცი რომ მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს შემოთავაზებული ეს პროგრამა, რაც ბოლო წლებში მოხდა ძირითადად. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგი არ არის დიდად განვითარებული საქართველოში.

ვფიქრობ, ქართული საგანმანათლებლო სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებას ბევრი თვალსაზრისით. ერთ-ერთი ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ აქაური სწავლების დონე არ მაძლევს საშუალებას ბევრი თავისუფალი დრო მქონდეს და სხვა რამეც ვაკეთო. საქართველოში რომ გამეგრძელებინა მაგისტრატურა, დარწმუნებული ვარ სრულ განაკვეთზე ვიმუშავებდი და საღამოობით ლექციებზე მივიდოდი. ეს აქ შეუძლებელია, ნახევარ განაკვეთზეც ვერ იმუშავებ, ისე რომ სწავლას არ მოაკლო დრო და ენერგია. ამაზე როცა ვფიქრობ ხოლმე, ვხვდები რო ბოლომდე დალაგებული სისტემა არ გვაქვს საქართველოში, თორემ მაგისტრატურასთან ერთად მუშაობა აქ ცოტა წარმოუდგენელია. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ქართულ საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებებზე, თუმცა ვფიქრობ ცვლილებები არის და განვითარებას დრო სჭირდება.

სწავლის ინტენსივობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება ქართულ და გერმანულ განათლებას შორის. ჩემს მეგობრებს და ზოგჯერ მეც მიკვირს, რომ ბიბლიოთეკაში „ვცხოვრობ“, მასალა იმდენად დიდია, სხვანაირად შეუძლებელია ფეხი აუწყო სწავლას. ბაკალავრიატი თსუ-ში დავამთავრე, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აკადემიურად დატვირთულია ეს ყველამ იცის, თუმცა იმ სწავლის სტილთან შედარებით, რაც აქ გამოვცადე, საკმაოდ დიდი სხვაობაა.

ვფიქრობ, ქართული უნივერსიტეტების უმრავლესობა და შეიძლება გერმანული უნივერსიტეტების დიდი ნაწილიც ზედმეტად სტრუქტურირებული და სწორხაზოვანია, რაც სტუდენტებს არ აძლევს საკუთარი ჰიპოთეზების განვითარების საშუალებას. ჩვენი პროგრამა თითქოს უფრო ღიაა ამ კუთხით, რადგან თეორიულ სწავლებაზე მეტად კვლევები, საჯარო პოლიტიკის ფურცლები და ჯგუფური პროექტები გვაქვს, რაც უფრო მეტ დამოუკიდებელ მუშაობას მოითხოვს, ვიდრე თეორიის დაზუთხვას.

– როგორია დამოუკიდებლად საზღვრებს მიღმა ცხოვრება, რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის?

– ერთი წელია, რაც გერმანიაში ვსწავლობ და ვფიქრობ მეორე კურსი ბევრად მარტივი იქნება წინა სემესტრებთან შედარებით რამდენიმე მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, კულტურული სხვაობა დიდია და ყველა ადამიანს დრო სჭირდება, რომ მოერგოს ახალი ცხოვრების სტილს (მით უმეტეს გერმანულს). ყველაზე დიდი ბარიერი, ალბათ, ენის პრობლემა იყო. საქართველოში ყოფნისას არ მისწავლია გერმანული და არც აქ სწავლის პროცესში მჭირდება გერმანული, შესაბმისად როცა ჩამოვედი „Hallo“-ს მეტი არაფერი ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ინგლისურად ვსაუბრობ კურსელებთან და მეგობრებთან მაინც მინდოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში შესვლა, ამიტომ ეს ერთი წელი ბევრი ვიმუშავე გერმანულ ენაზე და ახლა ეს ბარიერიც  დიდწილად გადალახულია. დამოუკიდებელ ცხოვრებას პატარა ასაკიდან შეჩვეული ვარ, ამიტომ ეს დიდი უპირატესობა იყო თავის დამკვიდრებაში. რომ არა ის გამოცდილება, რაც მქონდა მანამდე ალბათ ბევრად გამიჭირდებოდა მარტო ცხოვრება. ყველაზე მთავარი მაინც მოტივაცია და შრომისმოყვარეობაა, რაც უცხო ქვეყანაში გჭირდება. შემართებით და დიდი გეგმებით ჩამოვედი და ამ ერთი წლის შემდეგ ვხვდები, რომ მიზნების დიდი ნაწილს მივაღწიე. ყველაზე მეტად ის მომწონს გერმანიაში, რომ შრომა გიფასდება ნებისმიერი თვალსაზრისით. რაშიც გააკეთებ შენი დროის ინვესტიციას ფუჭად არ იხარჯება და აუცილებლად რაღაც კუთხით შედეგს ხედავ.

– როგორია შენი ერთი დღე?

– სემესტრის პერიოდში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს ძირითადად ლექციების და შეხვედრების გამო. სამუშაო დღეებში თითქმის მთელი დღე ლექციები გვაქვს, შუადღეს კამპუსის კაფეტერიაში ვსადილობთ და ვაგრძელებთ ლექციების სერიას. ძალიან კარგი და განსხვავებული კურსელები მყავს და ყველაზე საინტერესოც ის არის, რომ ამდენი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი ესე კარგად ვმეგობრობთ და ვმუშაობთ ერთად. საღამოს საათებში ძირითადად ბიბლიოთეკაში ვრჩები რამდენიმე საათით სამეცადინოდ და დაახლოებით იგივე მეორდება შემდეგ დღეს. ამასთანავე ჩამოსვლიდან ორ თვეში საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს და ეს ერთი წელი გუნდთან ერთად აქტიურად ვგეგმავდი სხვადასხვა ღონისძიებებს, ვხვდებოდი ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ვცდილობდი საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო საინტერესო გამეხადა. ესეც, რა თქმა უნდა, დროს და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ თავისუფალი დრო დიდად არ მრჩება.

შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გავდივართ ქალაქში ან ჩვენით ვაწყობთ საღამოებს სტუდენტურ საცხოვრებლებში. ერთი წლის განმავლობაში სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობდი ბინაში, თავიდან არ იყო დიდად კომფორტული, რადგან არ ვიცნობდი კარგად და დიდად კონტაქტიც არ გვქონდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და დავმეგობრდით კიდეც. თავიდან ყველასთვის რთულია და სარისკო, რადგან არ იცი ვინ იქნება შენი მეზობელი და არ ენდობი არავის, მაგრამ მე გამიმართლა და კარგი ბიჭები შემხვდნენ.

– ლექტორებთან  ურთიერთობა რამდენად მარტივია?

– ყველა უნივერსიტეტში და პროგრამაზე განსხვავებული ლექტორები არიან. ჩვენს პროგრამაზე ძალიან უშუალო და მეგობრული ლექტორები გვყავს. ჩვენს დაგეგმილ ღონისძიებაზე ხშირად მოდიან ლუდსაც სვამენ და ცეკვითაც ირთობენ თავს. 🙂 ლექტორები თითქმის ყველა სტუდენტს იცნობენ სახელით და ყოველთვის ღია არიან შეხვედრებისთვის. აქვთ ოფიციალური ოფისის საათები რეკომენდაციებისთვის ან სხვა საკითხის განსახილველად, თუმცა ლექციების შემდეგაც შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივიდეთ და გამოველაპარაკოთ, ამაში არ ვართ შეზღუდული არანაირად. შეფასების სისტემაც საკმაოდ კვალიფიციური და ობიექტური აქვთ, ამიტომ ლექტორების უმრავლესობა დიდი სიმპატიით სარგებლობს სტუდენტებში.

– სტუდენტების ინტერესი სწავლის მიმართ როგორია? ქულაზე ორიენტირებულნი არიან თუ უფრო სწავლაზე?

– ეს ყველასთვის ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა მაღალი ქულა და ამ კუთხით კონკურენცია ნამდვილად არ არის პრიორიტეტი. ამასთან ერთად, ხშირად ჯგუფურად ვაკეთებთ კვლევებს და ქულასაც ჯგუფურად ვიღებთ, თუმცა ჯერ არ ყოფილა. შემთხვევა ამის გამო რამე პრობლემა ან უთანხმოება გვქონოდა ჯგუფში. რა თქმა უნდა ყველა ცდილობს კარგი ქულა ჰქონდეს, რადგან დამსაქმებლისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, თუმცა ეს პირველი პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. ზოგადად აკადემიურად ძლიერი და გამოცდილი კურსელები მყავს. უმრავლესობას რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება და სხვა მაგისტრატურის ხარისხი აქვს, მე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვარ კურსზე. ალბათ, ეს გამოცდილებაც ახდენს გავლენას იმაზე, რომ სწავლაზე უფრო მეტად ვართ ორიენტირებული ვიდრე შეფასებაზე.

– რა გეგმები გაქვს მომავლისთვის?

– ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების კარგი შესაძლებლობებია გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, შესაბამისად, სწავლის დამთავრების შემდეგ მინდა პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღო. ვფიქრობ, როცა გადავწყვეტ საქართველოში დაბრუნებას არ გამიჭირდება მანდ ცხოვრება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში გავიზარდე და რამდენიმე წელი სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვერ მოახდენს რადიკალურ ცვლილებას ჩემში. ჯერ დაბრუნებაზე ფიქრი ცოტა ადრეა, რადგან აქ მაქვს შესაძლებლობები, რომლებიც მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო და შევეცდები საქართველოს განვითარებაში ჩემი წვლილი დისტანციურად შევიტანო.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

601 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930