ქუთაისელი სტუდენტი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

საინტერესო ფაქტები

მაგდა ფურცხვანიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ბიზნესის სამართლისა და სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში, საჯარო მმართველობის მიმართულებით სწავლობს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მაგდამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში ,,მადლობა ჩემს მასწავლებელს” მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა.

“კონკურსის შინაარსი იყო, რომ უნდა დაგეწერა თემა “მადლობა ჩემს მასწავლებელს” და გადმოგეცა როგორ შეცვალა ამ მასწავლებელმა შენი ცხოვრება. ზუსტად დედლაინის დღეს გავაგზავნე, რადგან სამსახურში დატვირთული პერიოდი მქონდა და მანამდე ვერ მოვახერხე.

ჩავთვალე, რომ უპასუხისმგებლობა იყო ამ დროს გაგზავნა და არც კი განიხილავდნენ ჩემს თემას. თითქმის ერთი თვის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გავიგე, რომ გაიმარჯვა საქართველომ, ანუ ჩემმა თემამ”, – ამბობს მაგდა ფურცხვანიძე.

ქუთაისელმა სტუდენტმა თავისი ნაშრომი მის საყვარელ მასწავლებელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს მირანდა ლომიძეს მიუძღვა.

“ჩემთვის კარგი მასწავლებელი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საგანი ესმოდეს და გადმოგცემდეს ძალიან კარგად. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო ევროპული განათლების მიღება და ამისთვის ფრანგულის კარგად სწავლა იყო აუცილებელი. თუმცა, მქონია ისეთი პერიოდებიც, როცა ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და სწავლის შეწყვეტაც მიფიქრია. ასეთ დროს, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, სჯეროდა ჩემი და მარწმუნებდა რომ უფრო მეტიც შემეძლო”, – აღნიშნა მაგდა ფურცხვანიძე.

როგორც  გამარჯვებული ამბობს, კონკურსში ბევრი ფრანკოფონული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და საქართველოს გამარჯვება ნამდვილად სიამოვნო გრძნობაა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მირანდა ლომიძის თქმით, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) 990 საუნივერსიტეტო სასწავლებელს აერთიანებს 118 ქვეყანაში, აქედან ზოგიერთ ქვეყანას, ისტორიულად, საფრანგეთთან და ფრანკოფონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

“ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი წლის წინ გაწევრიანდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში. შესაბამისად, ისეთი ქვეყნებთან კონკურენციაში შესვლა და გამარჯვება, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს მირანდა ლომიძე.

რაც შეეხება კონკურსს იგი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტომ, ფრანგულის მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა.

წყარო: megatv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები