როგორია სტუდენტური სტილი სეუ-ში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? – studinfo.ge ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ-ს) ესტუმრა და გაიგო რომელია სტუდენტებისთვის “საშოპინგოდ” ყველაზე საყვარელი ადგილები.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თაკო სიჭინავა – „ძირითადად სპორტულად ვიცვამ, ტანსაცმლის ფერი კი ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული, თუმცა გამოვარჩევდი შავს, თეთრსა და წითელს. შეძენის დროს ბრენდს არ ვაქცევ ყურადღებას, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ტანსაცმელი კარგად მერგებოდეს. “

თენგიზ ნატროშვილი – „ვფიქრობ, ჩაცმულობა და ზოგადად ტანსაცმლის ფერი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ამიტომ ძალიან მიყვარს ნათელი ფერები. სამოსის არჩევა არასდროს მიძნელდება, ზუსტად ვიცი, რა შეიძლება მომერგოს და როგორ ვიგრძნობ თავს კომფორტულად.“

❥ მარიამ კახეთელიძე – „მიყვარს შავი, ნაცრისფერი და ყვითელი ფერები. სამოსს საქართველოს გარდა საზღვარგარეთაც ვყიდულობ ხოლმე. რამდენჯერაც საშოპინგოდ მეგობრებთან ერთად წავედი, იმდენჯერ რაღაც არაადეკვატური ვიყიდე, ამიტომ მირჩევნია სამოსი დედასთან ერთად ავარჩიო“

მარიამ ცარციძე – „ვფიქრობ, ისეთი მოდის ტენდენცია, რომელიც კომფორტულობას შემიზღუდავს, ჩემთვის არ იქნება მისაღები. მოდა არის ის, რაც გიხდება და რაშიც კარგად გრძნობ თავს.“

მირიან გოცირიძე – „სპორტული სტილი არ მიყვარს და იშვიათად მაცვია. ტანსაცმელს ძირითადად შეყვარებულის რჩევით ვყიდულობ და საშოპინგოდ მოლში დავდივართ. ადრე შავ ფერზე ვიყავი ორიენტირებული, ახლა ვცდილობ უფრო მეტი ფერი შევიტანო სამოსში.“

ირინა ზაალიშვილი – „ვერ ვენდობი გამოწერის სერვისს, ამიტომ ტანსაცმელს ძირითადად მაღაზიებში ვყიდულობ. ვერ ვიტყვი, რომ ერთი კონკრეტული სტილი მიყვარს, ვირგებ კლასიკურ სამოსსაც და სპორტული სტილიც მომეწონს. დღეს ფერადად მაცვია, თუმცა ზოგადად უფრო მუქი ფერები მიყვარს.“

გიორგი თამარაშვილი – „ტანსაცმელს, ძირითადად, Waikiki-ში ვყიდულობ. ხშირად ვითვალისწინებ ჩემი დის რჩევას. მისარგებლია გამოწერითაც, თუმცა ცუდი გამოცდილება მაქვს: პროდუქტი სხვა ზომა აღმოჩნდა, ამიტომ მაღაზიებში ყიდვა უფრო კომფორტული მგონია. ფერებიდან ნაცრისფერი მიყვარს, თანაც მგონია, რომ ფერი ხასიათის ერთგვარი გამოხატულებაა.“

სოფი კაჭახიძე – „ტანსაცმელს ხასიათის მიხედვით ვიცვამ, მნიშვნელოვანია კომფორტულობაც. როგორც წესი, სამოსზე რჩევას დაქალი მაძლევს, გადაწყვეტილებას კი დამოუკიდებლად ვიღებ. “

ბესო ძოწენიძე – „მაღაზიებიდან, სადაც ტანსაცმელს ყველაზე ხშირად ვყიდულობ, PULL&BEAR-ს გამოვარჩევდი. ჩემი საყვარელი ფერი შავია და ძირითადად სტილზე არჩევანს დამოუკიდებლად ვაკეთებ.“

ქეთი ურუშაძე – „ვფიქრობ, სპორტული სტილი უფრო პრაქტიკულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფერებიდან შავი და თეთრი მომწონს, თუმცა განსხვავებული ტონების წინააღმდეგიც არ ვარ. საშოპინგოდ მეგობრებთან ერთად დავდივარ და მათი რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია. “

გიორგი ოდიშერიძე – „რაც მომეწონება და მომერგება, ისაა ჩემთვის ტრენდული. ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ ძირითადად სტანდარტული მუქი ფერები მიყვარს. შოპინგზე ძირითადად მარტო დავდივარ, მგონია, რომ დამღლელი პროცესია და ვცდილობ, რომ არჩევანი სწრაფად გავაკეთო. “

იზა იობიძე – „მომწონს როგორც კლასიკური, ასევე სპორტული სტილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში სამოსის შერჩევისას იმასაც ვითვალისწინებ, რომელ ლექციასა თუ სემინარზე მომიწევს დასწრება. გამორჩეული ბრენდი არ მაქვს, თუმცა ყველაზე ხშირად Zara-ში მივდივარ, როცა რამე ახლის არჩევა მინდა.“

ფირუზი მუნჯიშვილი – „ტანსაცმელს ყველაზე ხშირად ისთ ფოინთში ვყიდულობ, მგონია, რომ იქ დიდი არჩევანია, თუმცა სულ მარტო დავდივარ და არჩევანსაც მარტო ვაკეთებ. გამორჩეული ბრენდი არ მაქვს, მიმაჩნია, რომ კომფორტულობა უფრო პრიორიტეტულია.“

ავტორი: გვანცა დევიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები