რომელმა უნივერსიტეტებმა გადადეს სწავლის დაწყება კორონავირუსის პრევენციის მიზნით

კატეგორიის გარეშე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართა და რეკომენდაციები მისცა.

„განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება რაც დღეს აქვს ჩინეთს და უკვე რამდენიმე დიდ ქვეყანას. როდესაც სწავლების და დიდი თავშეყრის კონფერენციების თუ სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმებში. შესაძლებელია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს მეთოდები. განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში სადაც ეს არის შესაძლებელი, ბავშვებთან კომუნიკაცია გვქონდეს ონლაინ რეჟიმში, ანუ ვირტუალურ რეჟიმში. არ არის აუცილებელი დიდი კონფერენციების და კონგრესსების ორგანიზება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით.

“სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და რეკომენდაციების საფუძველზე ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სწავლის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. აღნიშნულ უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დადგენილი თარიღის ნაცვლად 16 მარტს განახლდება.

კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა სწავლის დაწყება უფრო მოკლე ხნით გადადო. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტებში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად დაიწყება 9 მარტს.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კავკასიის უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეში, საქართველოს უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდა 1 კვირით და განახლდება 9 მარტს.

მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების ოფიციალურ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ უნივერსიტეტებს.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები