Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად ისე, რომ გამუდმებით ძილსა და ჭამაზე არ ვფიქრობდეთ?

როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად ისე, რომ გამუდმებით ძილსა და ჭამაზე არ ვფიქრობდეთ?
March 27
16:20 2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა ორგანიზაციამ თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. ჩვეული ყოველდღიური რეჟიმის დარღვევას უარყოფითთან ერთად გარკვეული დადებითი მხარეებიც აქვს. თუმცა აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს: როგორ გავანაწილოთ დრო სახლში ყოფნისას ეფექტიანად? აქ ხომ უამრავი ფაქტორია, რაც გონებას გვიფანტავს და კონცენტრაციაში ხელს გვიშლის.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

შეგვიძლია თუ არა ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროით დილის ძილი გავიხანგრძლივოთ?

უმჯობესია, ჩვეული გრაფიკი არ დაარღვიოთ. იმ დროს დაიძინეთ, როგორც ამას პანდემიამდე აკეთებდით და შესაბამისად, დილასაც უფრო ადვილად ადგებით. ის დრო კი, რაც სახლიდან სამსახურამდე გადასაადგილებლად გჭირდებოდათ, უმჯობესია, უფრო სასარგებლო საქმისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, ივარჯიშეთ, წიგნი წაიკითხეთ ან სამუშაო დღის დაწყებამდე გემრიელი საუზმე მოიმზადეთ.

როგორ განვაწყოთ თავი სახლში სამუშაოდ

გაიღვიძებთ თუ არა, ჰიგიენის ყველა სტანდარტული წესი დაიცავით: მიიღეთ შხაპი, გაიხეხეთ კბილები, გაასწორეთ საწოლი, რათა ძილის შებრუნების ცდუნება არ გქონდეთ. შეგიძლიათ პერანგი ან რაიმე სხვა ოფიციალური სტილის ზედა ჩაიცვათ, ქვედა კი – სურვილისამებრ. ეს ერთგვარად სამუშაოდ განგაწყობთ, მეორე მხრივ კი, თავისუფლების შეგრძნება გექნებათ. კოლეგებთან ან კლიენტებთან ვიდეოზარის დროს თქვენი „შერეული სტილი“ ნამდვილად დაგეხმარებათ.

როგორ შევიქმნათ სამუშაო ადგილი

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ გაქვთ ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი, სამუშაო პლატფორმაზე წვდომა, კამერა და ყურსასმენი. შეძლებისდაგვარად ყველაფერი ისე მოაწყვეთ, როგორც ოფისში: მაგიდა და მოსახერხებელი სკამი, კარგი განათება, მონიტორი და მუშაობისთვის საჭირო სხვა წვრილმანები.

თუ პატარა ბინა გაქვთ

ამ შემთხვევაში სამზარეულოს მაგიდა ან რაფა გამოგადგებათ. უმჯობესია, თუ მაგიდას ისე დადგამთ, რომ სახლის სიტუაციამ ყურადღება არ გაგიფანტოთ. მაგალითად, არ მიგიზიდოთ საწოლმა ან მაცივარმა. ამიტომაც უმჯობესია, იყუროთ სახით კედლისკენ ან ფანჯრისკენ.

როგორ უნდა კონცენტრირდეთ

დააყენეთ მაღვიძარა “პომიდვრის“ მეთოდით, რაც დროის 25-წუთიან პერიოდებად დაყოფას გულისხმობს. თითოეულ ამ მონაკვეთს „პომიდორი“ ეწოდება და მათ შორის მცირეხნიანი შესვენებებია. თანდათან მიეჩვევით და მიხვდებით, რომ დრო უკვე მოახლოვდა და მცირე შესვენებამდე რამდენიმე მეილის გაგზავნა უნდა მოასწროთ. თავიდანვე სამუშაო მაგიდაზე დაიდგით დოქით წყალი ან თერმოსით ჩაი/ყავა, რათა სამზარეულოში ზედმეტად არ მოგიწიოთ შესვლა, იქ ხომ მაცივარია…

თუ მაცივარი მაინც გამუდმებით გიზიდავთ

სამუშაო მაგიდაზე მოიმარაგეთ არა მხოლოდ წყლის აუცილებელი რაოდენობა, არამედ სასუსნავიც. თქვენი სადილი ოფისში სადილის დროს დაამთხვიეთ. ასე მცირდება იმის ალბათობა, რომ სრულყოფილად კი არ შეჭამთ, არამედ წაიხემსებთ.

სახლში ყოველთვის ბევრი საქმეა. როგორ მოვასწროთ

ისევე როგორც ოფისში. სამუშაო კალენდარში ჩაამატეთ 30 წუთი, რომელსაც თქვენ პირადი საქმეებისთვის გამოიყენებთ. ეს გაგათავისუფლებთ იმ შეგრძნებისგან, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავიწყდებათ.

ოჯახის წევრებს რა მოვუხერხოთ?

ისინი ხომ მუდმივად ხელს გვიშლიან!

პანდემიის დროს თქვენ განსაკუთრებული თვითორგანიზება გმართებთ. მკაფიოდ დაგეგმეთ თქვენი დღე. ჩამოაყალიბეთ ძილის, სიფხიზლისა და ბავშვების კვების რეჟიმი. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ბალანსი „სამსახური-ბავშვები-პარტნიორი“. ყოველ შემთხვევაში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე იქნება…

თუ ხელმძღვანელი ხართ. როგორ უნდა აკონტროლოთ ქვეშევრდომები? იქნებ ისინი არც არაფერს აკეთებენ?

ასწავლეთ თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის პრინციპი და თქვენც მათთან ერთად გაეცანით ამ ტექნოლოგიებს. მაგალითად, დანიშნეთ ყოველდღიური დილის შეხვედრა (Zoom-ი, Microsoft Office 365, Google G Suite-ი, Skype for business-ი). ამით თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველა ადგა, მზად არიან სამუშაოდ და შეუდგებიან კიდეც საქმეს. შექმენით ჯგუფები (ამის შესაძლებლობას სხვადასხვა მესენჯერი გაძლევთ), რათა სამსახურებრივი საქმეები ოპერატიულად გადაწყვიტოთ.

იკლებს თუ არა ამ დროს მუშაობის ეფექტიანობა?

სულაც არა. ზოგიერთი კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ თანამშრომლები, რომლებიც სახლში რჩებიან, უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ოფისში მუშაობენ. კერძოდ, ოფისში მომუშავე ადამიანების 61% ჩივის, რომ მათ კოლეგები აცდენენ. სახლში თქვენ უფრო მშვიდად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საკითხები, რომლებიც განმარტოებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. მეცნიერები კონკრეტულ ციფრებსაც კი ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ეფექტიანობა 13%-ით იზრდება.

ეს ყველაფერი იქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ კომპანიებს კონტროლის დაკარგვის ეშინოდათ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე თანხის დახარჯვაც არ სურდათ. პანდემიის დროს კი შესაძლებელია დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ხარისხიანი გარემოს შექმნა.

როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობა კოლეგებთან დისტანციურად?

რაც შეიძლება ხშირად იქონიეთ მიმოწერა და სატელეფონო კონტაქტი როგორც ინდივიდუალურად, ასევე – ჯგუფურად. დაიწყეთ დიალოგი კითხვით: “როგორ ხარ?”, ვიდეოზარის დროს ჩართეთ კამერა, ეს საშუალებას გაძლევთ ერთმანეთის ემოციები უკეთ გაიგოთ. გახსოვდეთ, რომ დღეს ყველანი გაურკვევლობაში ვართ და მომავალი ძალიან გვაფიქრებს. თუ ხელმძღვანელი ხართ, თქვენი ღიაობა სხვებს თავდაჯერებულობას შემატებს. ამიტომაც ყველა საერთო მიღწევაზე რაც შეიძლება ბევრი და ხმამაღლა ისაუბრეთ.

მოიფიქრეთ საერთო რიტუალი – სულ ცოტა, ყველა თანამშრომელმა დილის 9 საათზე გადაიღოს სელფი და საერთო ჩატში გაგზავნოს. შესაძლოა, რამე უფრო მხიარულზეც დაფიქრდეთ (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში). საღამოს, სამუშაო დღის ბოლოს, გაგზავნეთ ფოტო, თუ როგორ მიირთმევთ ყავას/ჩაის ოჯახურ გარემოცვაში და კოლეგებს დაემშვიდობეთ. ამის შემედეგ მესენჯერი დააყენეთ უხმო რეჟიმზე, ჩაიცვით საშინაო ტანსაცმელი და დატკბით თავისუფალი დროით, რომელიც სხვა დროს სამსახურიდან სახლში დასაბრუნებლად დაგჭირდებოდათ.

წყარო: imedinews.ge

79 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში