რა ადგილი უჭირავს ტყუილს პროფესიაში – კვლევები

მხიარული ინფო

თითოეული ჩვენგანი ტყუის და საკმაოდ ხშირადაც. ვტყუით, როდესაც გვინდა საუბრის დაწყება ან პირიქით, დასრულება. ვტყუით, რათა სხვისი ან საკუთარი გრძნობები არ შეურაცხყოთ. ვტყუით მაშინაც, როდესაც პროფესიული საქმიანობის გამარტივება გვინდა. მოკლედ, ტყუილის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ, ხშირად გულწრფელები სულაც არ არიან. ისინიც გვატყუებენ, რადგან ყოველთვის კარგ განწყობაზე არ არიან და ცდილობენ პირადი პრობლემები დაფარონ. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თანამშრომლების ტყუილი სამსახურის საქმეებს და მათ უფლება-მოვალეობას ეხება?

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

მატყუარა ადამიანების დასაქმება რამდენად რეალურია?

ზოგადად, სამუშაო ადგილზე ტყუილი ნეგატიურად ფასდება. თუ ვიღაც იძულებულია იცრუოს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. ტყუილი სამუშაო ჯგუფში ტოქსიკურ ატმოსფეროს ქმნის. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, არსებობს პროფესიული სფეროები, სადაც უპირატესობა ენიჭება ადამიანს, რომელიც იოლად ტყუის. უახლესი კვლევების თანახმად, არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ტყუილია. ამის მიზეზია ის, რომ „მოქნილი მიდგომის“ მქონე ადამიანები დაკისრებულ მოვალეობას უფრო იოლად ართმევენ თავს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებულ წესს აქვს გამონაკლისი იმ პროფესიებში, რომლებიც ორიენტირებულია გაყიდვებზე და არა – მომხმარებლებზე. სწორედ ასეთი სფეროა ვაჭრობა ან საინვესტიციო-საბანკო მომსახურება. თუმცა აქაც შეიძლება იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებენ, მაშინ როდესაც სამედიცინო სფეროში არც თუ ისეთ იშვიათობას წარმოადგენს ექიმი, რომელსაც პაციენტის მდგომარეობა ნაკლებად აღელვებს.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში 500-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ შესაბამისი როლები დაკისრებული. რესპონდენტების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ადვილად იტყუებიან, წარმატებასაც ადვილად აღწევენ ისეთ პროფესიებში, რომლებიც ორიენტირებულია გაყიდვებზე და კადრების სამუშაოს შერჩევისას სწორედ მათ მიანიჭეს უპირატესობა. რესპონდენტების 84%-მა არჩევანი მატყუარების სასარგებლოდ გააკეთა, თუ საქმე გაყიდვებს ეხებოდა, მაგრამ სხვა სფეროში დასაქმების შემთხვევაში გამოკითხულთა 75%-მა გულწრფელ კანდიდატებზე შეაჩერა არჩევანი. ფსიქოლოგების შეფასებით, ეს შედეგები საინტერესოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა საბოლოო.

აქვს თუ არა ტყუილს დადებითი მხარეები?

გარკვეულ კონტექსტში ტყუილი სავსებით ნორმალური მოვლენაა. ფილოსოფოსების აზრით, გარესამყარო ტყუილით არის სავსე. ვირუსები ორგანიზმის იმუნურ სისტემას ატყუებენ, ქამელეონები მტაცებლების მოსატყუებლად შეფერილობას იცვლიან და გამონაკლისს არც ადამიანები წარმოადგენენ. თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კადრების შერჩევის დროს, გასაუბრებაზე ყველა კანდიდატი აზვიადებს საკუთარ კვალიფიკაციას. თუმცა არის საქმიანობა, რომლის შესრულებისთვის ტყუილი აუცილებელიც კია. ამის მაგალითია დეტექტივი, რომელიც ფარულად მოქმედებს. თავად დიპლომატია კი ზოგიერთი ადამიანის თვალში ტყუილის სინონიმია.

სამუშაო ადგილზე ტყუილის ფორმულირება საკმაოდ რთული ფენომენია. მაგალითისთვის, როდესაც ზოგიერთ სფეროში თანამშრომლებს თავიანთი ემოციების დამალვას სთხოვენ, არის თუ არა ეს ტყუილი? ან მეორე: თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ ბორტგამცილებელმა დეტალურად მოგიყვეთ ყველა იმ საფრთხეზე, რომლებიც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრას ახლავს? ან ბარმენმა პირში მოგახალოთ, რომ მას სულაც არ მოსწონხართ? ან ექიმმა გამოგიცხადოთ, რომ მას საერთოდ არ უნდა თქვენი მკურნალობა?

ზოგიერთი პროფესია მოითხოვს თანამშრომლების ან მომხმარებლებისადმი ზრუნვასა და თავაზიანობას, რაც რაღაც დოზით, რა თქმა უნდა, ხელოვნურია. ფსიქოლოგთა განმარტებით, რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ ადამიანს თავისი ემოციების მართვა შეუძლია, ის სხვაზე ბევრად კომპეტენტურია, რადგან გრძნობების შენიღბვა რაციონალური ქცევაა.

არსებობს თუ არა უწყინარი ტყუილი?

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა თუ კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ტყუილი ეთიკის ნორმებს ყოველთვის არ ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, რესპონდენტების უმრავლესობა დადებითად აფასებს ტყუილს, თუ ის სხვა ადამიანის ინტერესების დასაცავად ითქვა. მაგალითისთვის, სიმსივნით დაავადებული პაციენტები ტყუილ იმედს იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე ეს ექიმ-ონკოლოგებს წარმოუდგენიათ.

რა არის „პროსოციალური“ ტყუილი?

ეგრეთ წოდებული პროსოციალური ტყუილი მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს. ის არ ითქმის საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად. ამ შემთხვევაში ატყუებენ ადამიანს თანაგრძნობის ან ზრუნვის მიზნით. გარდა ამისა, ასეთ ურთიერთობაზე შეიძლება იმოქმედოს კულტურამ და საზოგადოების ტრადიციებმაც. როგორც ზოგიერთი კვლევიდან გახდა ცნობილი, კოლექტიური საზოგადოების წევრები დიდი ალბათობით იტყუებიან, რათა საკუთარი იმიჯი და საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნონ. ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აქვთ თუ არა სხვა ადამიანებს ჩვენდამი კეთილი ზრახვები, მაგრამ ამბობენ თუ არა ისინი სიმართლეს, ნაკლებად გვაღელვებს.

მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 1500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შესთავაზეს ბიზნესსცენარები, რომლებშიც ტყუილი შეიძლებოდა გამოსადეგი ყოფილიყო. სტუდენტებმა ისეთი კოლექტიური ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა და საბერძნეთი, ტყუილს უფრო მეტ სიტუაციაში მიანიჭეს უპირატესობა, ვიდრე იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც უფრო ინდივიდუალური კულტურის მქონე ქვეყნებიდან (ავსტრალია და გერმანია) იყვნენ. თუმცა ტყუილზე საბოლოოდ უარს არცერთი ამბობდა. ფსიქოლოგების შეფასებით, მეორე მხრივ, არასტანდარტული მიდგომა ხანდახან წესების ნაწილობრივ დარღვევას გულისხმობს.

ზოგიერთ კვლევაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კრეატიულობასა და ტყუილს შორის ერთგვარი კავშირი არსებობს. სწორედ ამიტომ შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები, როცა ამას მათი საქმიანობა მოითხოვს, უფრო ადვილად იტყუებიან. თუმცა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ტყუილი სამუშაო ადგილზე დიდხანს ვერ დაიმალება და საბოლოოდ მაინც გამოაშკარავდება. სწორედ ამიტომ წარმატება უფრო მყარი და ხანგრძლივია, თუ ის გულწრფელობაზეა დამყარებული.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები