10 გზა, რომლებიც სამსახურში სტრესსა და გადაწვას თავიდან აგარიდებთ

საინტერესო ფაქტები

რაც არ უნდა საყვარელ საქმეს ვაკეთებდეთ, ზოგჯერ მაინც დგება ჩვენს ცხოვრებაში ეტაპი, როცა საქმისგან ძალიან ვიღლებით, ვშფოთავთ ან გადაწვის პირას მივდივართ. ასეთ დროს აუცილებელია, შევჩერდეთ და ყოველდღიურობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით 11 ხერხზე, რომელიც სამსახურში სტრესის მართვასა და გადაწვის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. შეაფასე, როგორ გავლენას ახდენს სტრესი შენზე და ჩამოწერე სტრეს-ფაქტორები

შეიძლება ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ იმ ზიანს, რაც სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე მოაქვს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ხშირად მოინიშნავ, როგორ იგრძენი თავი დამღლელი დღის ბოლოს, თუ გადაიღალე ემოციურად ან პესიმისტურად განეწყვე.

თუკი დიდი ხნის განმავლობაში სტრესის ქვეშ ხარ და მის მართვას ვერ ახერხებ, ამან, შესაძლოა, შენს სხეულსა და გონებრივ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინოს. სამსახურთან დაკაშირებული გადაწვა, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ზოგჯერ დეპრესიას და შფოთვით აშლილობასაც იწვევს.

სტრესის ნიშნები:

  • დაღლილობა და ენერგიის არქონა
  • თავის ტკივილი
  • უძილობა
  • მადის ცვლილება
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
  • გულისცემის სწრაფი ცვლილება
  • ოფლიანობა
  • დაბალი თვითშეფასება
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • ხშირი ავადმყოფობა

თუკი ჩაინიშნავ სტრესულ სიტუაციებს, ეს დაგეხმარება, გაიგო, რა გაწუხებს ყველაზე მეტად. მაგალითად, დაძაბულობის გამომწვევ უჩინარ მიზეზებს შორის, შესაძლოა, უსიამოვნო სამუშაო გარემო ან სახლიდან სამსახურამდე ხანგრძლივი მგზავრობა იყოს.

დაიწყე ერთი კვირით — ჩაიწერე, რა იწვევს შენში სტრესს და როგორ რეაგირებ მასზე. კარგია, თუ ჩანაწერში ის ადამიანები, ადგილები და მოვლენებია გამოკვეთილი, რომელთაგან ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური ცვლილებები იგრძენი.

როცა წერას დაიწყებ ჰკითხე შენს თავს:

  • როგორ ვიგრძენი თავი ამ მოვლენის შემდეგ?
  • რა რეაქცია მქონდა ამ ყველაფერზე?
  • რა გზებით შემიძლია პრობლემის მოგვარება?

2. მიეცი შენს თავს დრო ძალების აღდგენისთვის

გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, საკუთარ თავს რამდენიმე წუთი მაინც დაუთმე. ეს გადაწვას აგარიდებს თავიდან.

სამსახურეობრივ შეხვედრებს შორის საინტერესო პოდკასტის ან სასაცილო ვიდეოს ნახვაც ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ ცოტა ხნით დამღლელ რუტინას მოწყდე და შემდეგ განახლებული ძალებით განაგრძო საქმე.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არასამუშაო საათებში სამსახურთან დაკავშირებულ მეილებზე ან საქმეზე ფიქრი შეამცირო და რამდენადაც შესაძლებელია, საღამოს ტელეფონიც ნაკლებად შეამოწმო.

3. გააუმჯობესე დროის მართვის უნარები

ზოგჯერ სამსახურის საკითხებზე ღელვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ორგანიზებული ხარ. სცადე, კვირის დასაწყისში პრიორიტეტულად დაალაგო საქმეები და მნიშვნელობების მიხედვით შეაფასო ის. ასევე, საქმის გაჭიანურების ნაცვლად, ეცადე, მუშაობის პროცესში კონცენტრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გამორიცხო.

4. დაიცავი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

მუდმივად სამსახურის საკითხებზე ზრუნვით, შესაძლოა, გადაწვის პირას მიხვიდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტი გამყოფი ხაზი გაავლო სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ეს გულისხმობს სოციალიზაციისთვის დროის დათმობას და საკუთარ თავთან მკაცრი რუტინის დაწესებას, თუ როდის შეამოწმებ მეილებს და როდის დაისვენებ.

5. გადააფასე უარყოფითი ფიქრები

როცა დიდი ხნის განმავლობაში რაღაც საკითხზე დარდობ, შესაძლოა, ნაადრევი დასკვნების გაკეთებისა და სიტუაციის უარყოფით ჭრილში დანახვისკენ მიდრეკილება გაგიჩნდეს. მაგალითად, თუ შენი უფროსი დილით ღიმილიანი სახით არ მოგესალმა, შეიძლება იფიქრო, რომ ის შენზე გაბრაზებულია. ავტომატურად დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ეცადე, უარყოფით ფიქრებს თავი დააღწიო და უბრალოდ, მოვლენებს დააკვირდე.

6. დაეყრდენი მეგობრებს და ოჯახის წევრებს

სამსახურისგან შექმნილი სტრესული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად ზოგჯერ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დროის გატარებაც კარგი საშუალება იქნება.

თუკი მძიმე სამუშაო კვირა გელის, სთხოვე ოჯახის წევრებს, დროებით გადაიბარონ საოჯახო საქმე, რომელსაც, ჩვეულებრივ, შენ ასრულებ ხოლმე. იმის ცოდნა, რომ შენს გვერდით ადამიანები არიან და მხარს გიჭერენ, რთული სიტუაციების შემსუბუქებაში დაგეხმარება.

7. მოუარე თავს

აუცილებელია, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დრო გამოყო. პრიორიტეტი მიანიჭე ძილს, გართობას და კვების რეჟიმს დღის განმავლობაში. ფიქრობ, რომ დრო არ გაქვს? გახსოვდეს, რომ სამუშაოს უკეთ გაართმევ თავს თუკი შენი საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება.

8. ისწავლე სარელაქსაციო ტექნიკები და ივარჯიშე

მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, იოგა და სხვა ფიზიკური აქტივობები შფოთვებისა და სტრესის შემცირებაში დაგეხმარება. დაიწყე დღეში რამდენიმე წუთით, მარტივი აქტივობით, რომელზეც მთელს ყურადღებას გადაიტან და ისიამოვნებ — იქნება ეს გასეირნება თუ რამდენიმე აზიდვის გაკეთება. შემდეგ კი თანდათანობით გაზარდე დრო და ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა.

  • აქციე ეს ჩვევად;
  • შეჩერდი სამუშაოს დაწყების წინ და განსაზღვრე შენი მიზნები;
  • გადმოწერე მედიტაციის აპლიკაციები, რომელსაც მაშინ გამოიყენებ, როცა სამსახურში ან მგზავრობისას უკიდურეს დაძაბულობას იგრძნობ;
  • დაგეგმე 5-წუთიანი შესვენებები და შეასრულე სუნთქვის ვარჯიშები;
  • გამოყავი დრო სირბილის ან მსუბუქი ვარჯიშებისთვის.

9. თავი შორს დაიჭირე სამსახურში ჭორაობისგან

სამსახურში კონფლიქტი ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე დიდ გავლენას ახდენს. ეცადე, სამსახურში საჭორაო საკითხებს თავი აარიდო. ყურადღება გაამახვილე თანამშრომლის დადებით მხარეებზე, შეცვალე საუბრის თემა ან უბრალოდ, გაერიდე სიტუაციებს, სადაც დიდი შანსია, ჭორაობა წამოიწყონ.

10. შეეშვი პერფექციონიზმს

თუკი ოფისში ზედმეტ საათებს ატარებ იმ დოკუმენტების კიდევ უფრო დასახვეწად, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დაასრულე, სჯობს, საქმისადმი მიდგომა შეცვალო.

მიუხედავად იმისა, რომ პერფექციონიზმს დადებითი ეფექტები აქვს, ხშირ შემთხვევაში მას გადაწვამდეც მივყავართ. შეინარჩუნე მაღალი სტანდარტები, მაგრამ შეცდომას ძალიან მტკივნეულადაც ნუ მიიღებ.

11. სცადე თერაპია

იმისთვის, რომ სპეციალისტთან მიხვიდე და თერაპიას მიმართო, აუცილებელი არაა, მენტალური ჯანმრთელობა შერყეული გქონდეს. სამსახურში გადაღლილობა მშვენიერი მიზეზია იმისთვის, რომ პროფესიონალებისგან დამატებით დახმარება ითხოვო.

ფსიქოთერაპევტი დაგეხმარება, უკეთესად ამოიცნო ის მიზეზები, რაც სამსახურში სტრესს იწვევს და მათ სამართავად გამოსავალიც ერთად იპოვოთ.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები