Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სათავგადასავლო წიგნები, რომლებიც ბოლომდე “ჩაგითრევთ”

სათავგადასავლო წიგნები, რომლებიც ბოლომდე “ჩაგითრევთ”
September 26
10:10 2020

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. სტუდენტების უმეტესობა ამ მოცემულობას უარყოფითად აფასებს, თუმცა ერთი დადებითი მხარე მაინც შეგვიძლია მოვუძებნოთ ამ ფაქტს. ის დრო რაც სასწავლებელში მისვლა-მოსვლაში უნდა დაგეხარჯათ, შეგიძლიათ საყვარელ საქმეს მოახმაროთ, მაგალითად კითხვას.

წინ ცივი დღეები გველოდება და ცხელ ყავასთან/ჩაისთან ერთად რა ჯობია საინტერესო წიგნების კითხვას. გთავაზობთ 7 სათავგადასავლო წიგნს, რომლებიც ბოლომდე “გაგიტაცებთ”.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

“შიკრიკი”, ლუის ლოური – მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ. სადაც არავინ არავის ჩაგრავს… სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ეს მისი დანიშნულება არ არის… სოფელი სიხარულით იღებს და აღიარებს უცხო ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლის ცხოვრებას გამორიდებულნი თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მარადიული არაფერია და სოფლის მცხოვრებთა ცნობიერებაშიც რაღაც იცვლება…

“ღირსება”, ელიფ შაფაქი – მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი – ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ელიფ შაფაქი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი – ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს.

“მეხუთე ტალღა”, რიკ იანსი – პირველი ტალღის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა. მეორეს მხოლოდ იღბლიანები გაექცნენ, მესამეს მხოლოდ უიღბლონი გადაურჩნენ. მეოთხემ კი ერთადერთი წესი დატოვა: არავის ენდო! ახლა მეხუთე ტალღის განთიადია! რას მოიტანს ის? მარტო დარჩენილმა კესიმ უკვე იცის, რომ ისინი ‒ უცხოპლანეტელები ‒ ჩვენ შორის არიან და გადარჩენილებს ხოცავენ. კესიმ არჩევანი უნდა გააკეთოს ნდობასა და სასოწარკვეთილებას, დაუმორჩილებლობასა და დანებებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. დიახ, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის!

“თავისუფალი”, ანრი გოზალიშვილი – წიგნში აღწერილია ამბიციებით, ოცნებებითა და მიზნებით აღსავსე ახალგაზრდას ცხოვრება. აღწერილია ჩვენი დროის საქართველო – პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური , ტრადიციული გადმოსახედით. ყველა ის პრობლემა არის ნათლად ნაჩვენები, რასაც ვერ ვხედავთ ყოველდღიურად ან ვხედავთ და თვალს ვარიდებთ. მთავარი გმირი, გიორგი, რაიონიდან ქალაქში ჩადის სასწავლებლად და მაშინ იწყება მისი დაუვიწყარი თავგადასავალი.

“ანიჰილაცია”, ჯეფ ვანდერმირი – X-ზონა – ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან…

“ატუანის აკლდამები”, ურსულა კ. ლე გუინი – როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს – სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი. „ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს – გედს, რომელიც თავგადასავლების ძიებაში აკლდამების ლაბირინთის პატიმრობაში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და მისი დამტყვევებლის, ტენარის გზები გადაიკვეთება. ლე გუინის თქმით, როგორც „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, ისევე „ატუანის აკლდამები“ არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც მისი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა გადაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს. „ატუანის აკლდამებში“ ლე გუინმა შექმნა განსაკუთრებით პირქუში და ბნელი სამყარო, სადაც წყვდიადის განათება განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

“მარსელი”, ენდი უირი – ენდი უირის „მარსელმა“ ბოლო პერიოდის ბესტსელერებს შორის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და თვეების განმავლობაში არ დაუკარგავს მოწინავე პოზიციები მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟული გამოცემების ათეულებში. ამ წიგნზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს! „მარსელი“ მოგვითხრობს უბედური შემთხვევის შედეგად მარსზე სრულიად მარტო აღმოჩენილი ასტრონავტის შესახებ, რომელიც რთულ პირობებში მეცნიერების დახმარებით ცდილობს გადარჩენას. „მარსელი“ დაწერილია ღრმა მეცნიერული ცოდნისა და მახვილი იუმორის საოცარი ნაზავით, მსუბუქად, ლაღად და ხალისიანად, სიცოცხლის სიყვარულითა და ადამიანების რწმენით.

69 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2020
M T W T F S S
« Aug   Oct »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930