რას მოიცავს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გადამზადების კურსი – „Covid-19“

საინტერესო ფაქტები

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა ჩარჩო პროგრამა – „Covid-19-ის ზედამხედველობისა და მართვის პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად უზრუნველყოფენ სავალდებულო შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსის ჩატარებას მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელებისთვის. აღნიშნული კონტიგენტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტები ადგენენ იმ სტუდენტთა სიებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, ჩაირიცხონ სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზაში.

ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი სრულად მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში სამედიცინო პერსონალის დამხმარე მოხალისე სტუდენტთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე. პროგრამა მოიცავს კორონავირუსის მართვის კუთხით სხვადასხვა მიმართულებებსა და თემატურ ლექციებს, მათ შორის, მედპერსონალის პირად უსაფრთხოებას, Covid-19-ის შემთხვევების მართვას, პანდემიის პირობებში ეფექტურ კომუნიკაციას, ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალურ დახმარებასა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენას.

კურსის ვიდეომასალა განთავსებულია ბმულზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტორიზებული უნივერსტიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკურსელი სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები