ვინ არის პროდაქტ-მენეჯერი და რა უნდა ვიცოდე რომ დავსაქმდე?

საინტერესო ფაქტები

პროდაქტ-მენეჯერის ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ესა თუ ის პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდეს და წარმატებული გახდეს. როგორც წესი, აქ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროზეა საუბარი. პროდაქტ-მენეჯერი პასუხისმგებელია, რომ პროდუქტი – მომსახურება, პროგრამა ან პლატფორმა იყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და ბიზნესისთვის – სასარგებლო, დეველოპერებს კი კარგად ესმოდეთ, როგორ განავითარონ ის. პროდაქტ-მენეჯერი აანალიზებს და იკვლევს ბაზარს, შეისწავლის აუდიტორიას, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის პოტენციური მომხმარებელი უნდა გახდეს, პასუხისმგებელია პროექტის ტექნიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტაზე. ის ანაწილებს დავალებებს და აკვირდება, რომ ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც დაიგეგმა.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

მაშასადამე, ის უნივერსალური მენეჯერია, რომელმაც ყველაფრის გაკეთება უნდა იცოდეს?

მთლად ასეც არ არის. სხვადასხვა პროექტში პროდაქტ-მენეჯერს განსხვავებული დავალებების შესრულება უწევს. თუმცა ფუნქციების მკაფიო ჩამონათვალი არ არსებობს. თუ ერთ კომპანიაში პროდაქტ-მენეჯერმა პროდუქტი ნულიდან უნდა მოიფიქროს, სხვაგან უკვე დამტკიცებულ პროექტს ხელმძღვანელობს (მაგალითად, პროდუქტის ჩაშვებას ან ბაზარზე მის გამოჩენას უზრუნველყოფს). თუმცა ფაქტია, რომ აქ საუბარია მრავალფუნქციურ ადამიანზე და მან ბევრი რამ უნდა იცოდეს. ის არა მხოლოდ მენეჯერია, არამედ ცოტა პროგრამისტი, ცოტა მარკეტოლოგი, ცოტა ანალიტიკოსი, ცოტა დიზაინერი და ცოტა ეკონომისტიც.

ერთი ადამიანისთვის ეს ბევრი არ არის?

საკმაოდ. პროდაქტ-მენეჯერი არც სუპერგმირი და არც გენიოსია, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებს. მან ძირითადი პროცესები უნდა გააცნობიეროს და სწორი ამოცანების დასახვა შეძლოს. ის პროექტს ხელმძღვანელობს და თავის გუნდში თითოეული მნიშვნელოვანი მიმართულების სპეციალისტი ჰყავს. თუ პროექტი დიდია, მას არა პროდაქტ-მენეჯერი, არამედ პროექტის მენეჯერი მართავს. ეს ის პირია, რომელიც პროდუქტის შექმნის თითოეულ ეტაპებზეა პასუხისმგებელი. აშკარაა, რომ არავის აქვს საკმარისი დრო სიღრმისეულად დაეუფლოს ყველა იმ სპეციალობას, რაც პროდაქტ-მენეჯერმა უნდა იცოდეს. თუმცა საბაზისო ცოდნის მისაღებად დამწყებთათვის სპეციალური კურსები არსებობს.

თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთო?

სულ ცოტა, ბაზარი და აუდიტორია უნდა შეისწავლოთ. ეს გულისხმობს ბაზრის კვლევის ჩატარებასა და ინტერვიუებს; თქვენი პროდუქტი უნდა შეადაროთ იმას, რასაც კონკურენტები აწარმოებენ; პროექტის ეკონომიკური მხარე და რენტაბელობა უნდა დაიანგარიშოთ, დაადგინოთ პროდუქტის ფასები და მისი პოპულარიზაციის სტრატეგია შეიმუშაოთ.
პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია დეველოპერებთან, დიზაინერებსა და გამყიდველებთან კომუნიკაცია. პროდაქტ-მენეჯერმა გრძელი და რთული პროცესები ნაწილებად უნდა დაჰყოს და დავალებებად გაანაწილოს (მაგალითად, ტექნიკურ დეპარტამენტსა და დიზაინის განყოფილებას შორის).

შეიძლება კონკრეტული მაგალითით მითხრათ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?

დავუშვათ, ბანკმა საინვესტიციო აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა. არსებობს მხოლოდ პროდუქტის ჩამოუყალიბებელი იდეა და მეტი არაფერი. პროდაქტ-მენეჯერმა ის უნდა შეისწავლოს და აღწეროს, ჯერ პროტოტიპი, შემდეგ კი კომერციული პროდუქტი შექმნას. ამ პროცესში ის ფიქრობს, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროექტზე მუშაობა, გაიგებს რას აკეთებენ კონკურენტები, კომუნიკაციას ამყარებს პოტენციურ მომხმარებლებთან, დავალებებს აძლევს დეველოპერებსა და დიზაინერებს, ჰიპოთეზებს ცდის, წყვეტს რა ეღირება პროდუქტი და როგორ უნდა გაიყიდოს.

და მაინც, ცოტა შევშინდი. უფრო ზუსტად რისი გაკეთება უნდა ვიცოდე?

პირველ რიგში, ყველასთან მოლაპარაკება უნდა ისწავლოთ. გარკვეული თვალსაზრისით, ეს საქმე პროცესის სხვადასხვა მონაწილესთან კომუნიკაციას გულისხმობს. ასე რომ, აქ კომუნიკაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე – სტრესისადმი მდგრადობა და ინფორმაციის გადამუშავების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, უნდა გესმოდეთ, თუ როგორ ამუშავებენ IT კომპანიები პროდუქტებს. ამისათვის უნდა ერკვეოდეთ სპეციალურ მეთოდიკაში, როგორიც არის Agile, Scrum-ი და Kanban-ი. ეს მიდგომები გულისხმობს, რომ პროდუქტი ეტაპობრივად და არა წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით მზადდება. ამიტომაც მუდმივად გიწევთ სხვადასხვა გადაწყვეტილების გადამოწმება და პროტოტიპების გამოცდა, სანამ მზა პროდუქტის შექმნას შეეცდებით.

ამისათვის რა ტექნიკური უნარებია საჭირო? პროგრამირება მომიწევს?

არ არის აუცილებელი. თუმცა ანალიტიკა ნამდვილად თქვენი სფერო უნდა იყოს. უნდა ერკვეოდეთ რა არის MVP- და RAT- მიდგომა, KPI და Lean Product Development-ი, ასევე – დაეუფლოთ Google Analytics-ს. გარდა ამისა, თქვენ უნდა ისწავლოთ იმის დათვლა, თუ რა დაგიჯდებათ ერთი მომხმარებელი, გაერკვეთ მარკეტინგის სხვადასხვა ასპექტში, ინტერფეისის დიზაინის ტენდენციებს თვალ-ყური ადევნოთ, გაიგოთ რა არის User Experience-ი და ჰიპოთეზების ტესტირება შეძლოთ.

ამ ყველაფრის სწავლა კი, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, სპეციალიზებული კურსებით შეგიძლიათ. თუმცა, რა თქმა უნდა, მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება ყველაზე მნიშვნელოვანია.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები