მილიარდერი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა – რა არის მისი წარმატების ფორმულა

საინტერესო ფაქტები

უარი სოციალურ ქსელებზე, უმაღლეს განათლებაზე და ასე დაზოგილი დრო – გასაკვირია, თუმცა ფაქტია – ეს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, ოსტინ რასელის წარმატების ფორმულაა. 25 წლის რასელს, ახალგაზრდების უმეტესობისგან განსხვავებით, არც “ტვიტერის” და არც “ინსტაგრამის” ანგარიში აქვს.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

მისი არაფორმალური განათლების წყარო კი “ვიკიპედია” და YouTube-ის სამეცნიერო პოპ-ვიდეოებია.

რასელის გამდიდრება 17 წლის ასაკში შექმნილ სტარტაპს უკავშირდება. კომპანია, სახელად “ლუმინარი” უპილოტო მანქანების განვითარებას ემსახურება. რაც შეეხება წარმატების მომტან მთავარ ნაწილს, ლიდარს, ეს ტექნოლოგია ღრმა ბავშვობიდან რასელის გატაცება იყო. ლიდარი, როგორც თვითმართვადი მანქანების, ასევე მძღოლთა დახმარების მოწინავე სისტემების ნაწილია, რომლის შემოტანასაც Volvo და სხვა ავტომწარმოებლები ბაზარზე მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გეგმავენ.

“თეორიულად, ასეთი ბიზნესის შექმნა შეუძლებელია არც 16-17 და არც 25 წლის ასაკში. სინამდვილეში ჩემი ასეთი წარმატება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მანამდე ეს არავის გაუკეთებია”, – ამბობს Forbes-სთან მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, ოსტინ რასელი.

სტარტაპის შექმნიდან რვა წლის შემდეგ, “ლუმინარი” Nasdaq–ზე განთავსდა და მისი ღირებულება 3 მილიარდ დოლარზე მეტია, შედეგად, თავად ოსტინ რასელი 25 წლის ასაკში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ხდება. რასელმა მცდელობით, მაქსიმალურად სწრაფად მოეხდინა თვითმართვადი ტექნოლოგიის კომერციალიზაცია, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

“ეს პროცესი იყო გიჟურად სტრესული, დამღლელი – ყველაფერი, რისი გაკეთებაც ყოველდღე გვიწევდა, შედეგად ბიზნესის მასშტაბებს ზრდის. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ახლა ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, საზოგადოების მასშტაბებზე გასვლა SPAC-ის საშუალებით. მე ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ჩემი საქმისთვის ბევრი სისხლი, ოფლი და ცრემლი დავღვარე და გამიმართლა, რომ შევძელი საკმაოდ ღირსეული წილის შენარჩუნება”, – აცხადებს რასელი.

“ლუმინარის” ერთ-ერთი ინვესტორია მილიარდერი პიტერ თიელი, რომელიც რასელს სტარტაპის წამოწყებაში დაეხმარა – 2012 წელს ოსტინ რასელი მისი ფონდის სტიპენდიანტი გახდა. სხვა ინვესტორთა შორის არიან Volvo Cars Tech Fund და The Golar Group-ის ორი მილიარდერი – ალეკ გორსი და დინ მეტროპოულოსი.

რასელი, რომელიც 2018 წელს Forbes-ის 30 წლამდელ მილიარდერთა სიაში მოხვდა, არ ცდილობს, კონკურენციას გაუწიოს ისეთ IT გიგანტებს, რომლებიც აწარმოებენ უპილოტო, თვითმავალ მანქანებს, მაგალითად, Alphabet Waymo–ს ან Cruise-ს, რომელშიც ინვესტიცია GM-მა ჩადო. ამ კონკურენციაში ჩაბმის ნაცვლად, „ლუმინარი“ აუმჯობესებს სენსორებს, რომლებიც უპილოტო მანქანებს გარშემო სივრცის დანახვაში ეხმარება.

საგულისხმოა, რომ ლიდარად წოდებული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია თვითმართვადი მანქანებისთვის. ამ სფეროში, „ლუმინარის“ მთავარი სამიზნე ველოდინია, რომელიც ლიდარის განვითარების პიონერია; ასევე, შედარებით ახალბედა Aeva-ც. საგულისხმოა, რომ ორივე კომპანია ბირჟაზე SPAC-თან შერწყმის გზით მოხვდა. ბოლო წლების განმავლობაში რასელმა წამყვან ავტოკომპანიებს სენსორის პროტოტიპები მიჰყიდა.

ახალგაზრდა მილიარდერმა ცოტა ხნის წინ შეკვეთებიც მიიღო: Volvo Cars-ისგან, Daimler-ისა და Intel-ის საკუთრებაში მყოფი Mobileye-სგან, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლუმინარს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ზრდადი შემოსავალი ექნება.

ოსტინ რასელს ვუნდერკინდული ისტორიაც აქვს: ორი წლის ასაკში მან მენდელეევის პერიოდული ცხრილი შეისწავლა. მეექვსე კლასში იყო, როცა სათამაშო კონსოლი მობილურ ტელეფონად აქცია, რადგან მშობლებმა ჩვეულებრივი მობილურის ყიდვაზე უარი უთხრეს. ამას გარდა, 13 წლის ასაკში გამოიგონა პირველი პატენტი – მიწისქვეშა წყლის მიმოქცევის სისტემის შესაქმნელად. მოგვიანებით კი, საშუალო სკოლაში სწავლის დროს, გაკვეთილების ნაცვლად, ბერკმანის ლაზერულ ინსტიტუტში დადიოდა. რასელმა ფიზიკის შესასწავლად სტენფორდის უნივერსისტეტში ჩააბარა, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. უნივერსიტეტი პირველივე კურსზე მიატოვა და პიტერ თიელის 100,000 აშშ დოლარის სტიპენდიის გამარჯვებულიც გახდა. ხოლო მართვის მოწმობის აღებიდან მალევე, დააარსა “ლუმინარი” – კომპანია, რომელმაც ოსტინ რასელი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია.

წყარო: bm.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები