10 ნივთი, რომლებზეც ვერც კი იფიქრებდით რომ 2021 წლისთვის მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა

მხიარული ინფო

2020 წელი ყველასთვის ძირითადად უსიამოვნო მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა: შეიცვალა ჩვენი გეგმები, სწავლის ფორმატი, სამუშაო გარემო და საერთოდ მთელი ყოველდღიური რუტინა. ამის გამო ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ვერც წლევანდელი ახალი წელი იქნება ისეთი, როგორიც მანამდე გვახსოვდა.

ამას თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ წელს ისეთმა ნივთებმა შეიძინა განსაკუთრებული აქტუალობა და დანიშნულება, აქამდე რომ ვერც კი წარმოვიდგენდით და ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანს მოვუყარეთ თავი, რომლებიც წლევანდელ ახალ წელს ყველაზე შესაფერისი და საჭირო საჩუქარი იქნება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. საახალწლო პირბადეების შეკვრა უსაფრთხოებისა და სათანადო განწყობისთვის. ქუდები, კაშნეები და ხელთათმანები იქით იყოს, წლევანდელი ზამთრის (და არა მარტო) მთავარი ატრიბუტი სწორედ პირბადეა. ეს სპეციალური შეკვრა კი, რომელშიც 30 ცალი სადღესასწაულო განწყობის სამშრიანი პირბადეა, ერთდროულად თქვენი და სხვების ჯანმრთელობის დაცვას შეუწყობს ხელს, ამავდროულად კი ახალი წლისთვის შესაფერისად მოიკაზმებით.

2. ჭიქა წარწერით: “მარტო კი არ ვსვამ, უბრალოდ ფიზიკურ დისტანციას ვინარჩუნებ”. იდეალური საჩუქარია მათთვის, ვინც ამ “ძვირფას” წელს სასმლით ხელში მარტო გააცილებს.

3. პოსტერი, რომელიც შეგახსენებს ყველაფერს, თუ რა უნდა გააკეთო კარანტინის შემდეგ. ვიღაცებისთვის ეს საჩუქარი, ალბათ, სხვა დროსაც სასურველი იყო, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ წელს მან ყველასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: ფიზიკურმა დისტანცირებამ, თვითიზოლაციამ თუ კარანტინმა კარგად დაგვანახა იმ წვრილმანი აქტივობების ფასი, რომელთაც მანამდე სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებდით.

4. საპნის ავტომატური დისპენსერი ვირუსებისგან უკეთ დაცვის გარანტით. გასული თვეების განმავლობაში საპონი ჩვენი საუკეთესო მეგობარი იყო ვირუსებთან ბრძოლაში, ამ ნივთის საშუალებით კი კიდევ უფრო შევამცირებთ იმ ზედაპირებზე ხელით შეხებას, რომელთაც სხვებიც აქტიურად იყენებენ.

5. მაისური, რომელიც ყველა სტუდენტს დააკვდება ტანზე. პირველკურსელია, “შეტენილ საგნებს” გადის თუ მაგისტრატურაზე სწავლობს, Zoom აუცილებლად მისი ყველაზე კარგად ნაცნობი სტუდენტური გარემო იქნება, ამიტომ ეს მაისურიც ერთგვარი სახალისო სასწავლო ფორმა იქნება ნებისმიერი სტუდენტისათვის.

6. პირბადის ჯაჭვი მეტი კომფორტისათვის. პირბადის დროებით მოხსნისას მისი ნიკაპზე, ცალ ყურზე ან ხელზე დამაგრება რომ არ მოგიწიოთ, ეს აქსესუარი მარტივ გამოსავალს გაპოვნინებთ. თან ვინ იცის, იქნებ მოდურიც კი გახდეს.

7. დღიური კარანტინში გატარებული დღეებისთვის, რათა მომავალში ამ წლის გამოცდილება გაიხსენო. დღიურის წერა ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა, განსაკუთრებით კი ახლა, როცა სოციალური ურთიერთობები შეზღუდულია და ჩვენი ემოციების გაზიარება სულ უფრო მეტად გვჭირდება.

8. შუშის საწმენდი, რომელიც სათვალეებს დაორთქვლის საშუალებას არ მისცემს. პირბადის გამოყენება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მათთვის, ვინც სათვალესაც ატარებს: მათ შუშა ხშირად ეორთქლებათ. ამ საჩუქრით კი ასეთ ადამიანს ამ პრობლემას მოაშორებთ და უზომო მადლიერებასაც დაიმსახურებთ.

9. კარის გამღები მათთვის, ვინც ვირუსებს ყველგან უფრთხის. სრულიად სამართლიანად ბევრი ყველგან ვირუსით დაინფიცირების საფრთხეს ხედავს, ამიტომაც კარის სახელურზე შიშველი ხელით შეხებაც კი არ სურს. ეს მარტივი ხელსაწყო ასეთ ადამიანებს არა მარტო კარის გაღებისას, არამედ ლიფტის გამოძახებისას და სხვადასხვა სენსორულ ეკრანზე შეხებას აარიდებს თავიდან.

10. ნაძვის ხის სათამაშო 2020 წლის ყველაზე ცნობილი სიმბოლოს გამოსახულებით. ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს ტრადიციული საახალწლო საჩუქრები. ნაძვის ხის სათამაშო ტუალეტის ქაღალდის გამოსახულებით კი ყველა ოჯახში წლის ყველაზე სიმბოლური და სახალისო დეკორაცია იქნება.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები